USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
თბილისის დინამოს და მოსკოვის სპარტაკს შორის გამართულ მატჩის დროს, 1954 წლის 7 აპრილს 20 ადამიანი გარდაიცვალა
Date:  2443

66 წლის წინ "სპარტაკთან" მატჩის წინ თბილისში ჭყლეტა მოხდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი

ქართული გაზეთი "ლელო". 1954 წლის 7 აპრილი: "ბევრი ხელცარიელი დარჩა, მაგრამ ამინდი მათ თანაუგრძნობდა: აპრილის პირველივე დღეებიდანვე ძლიერად თოვდა. თამაშის წინა დღეს წვიმდა. თუმცა, მატჩის დღეს დილიდანვე გამოიდარა..." უბილეთო გულშემტკივრებმა მაინც შეძლეს სტადიონზე იერიშით შესვლა. მილიციამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა

მატჩის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე სტადიონთან ხალხმა შეკრება დაიწყო. ბილეთიანები გაჭირვებით ახერხებდნენ სტადიონზე შესვლას. ბევრმა მათგანმა ვერც კი გაიგო, რა მოხდა შემდეგ. მერე კი, მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე უბილეთოთა ნამდვილი შტურმი დაიწყო: ისინი შეუპოვრად ცდილობდნენ ღობის გარღვევას. მილიციამ და კონტროლიორებმა შესასვლელების ჩაკეტვა დაიწყეს, მაგრამ ამან ტრაგედიისგან ვერ იხსნა: ხალხმა იხუვლა და ცენტრალურ შესასვლელთან ჭყლეტა მოხდა. დაახლოებით 20 ადამიანი გარდაიცვალა. შესაძლოა, გაცილებით მეტი - ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.

1954 год. Тбилиси. ეს ჩვენი ფეხბურთის კიდევ ერთი ისტორია, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის. სსრკ-ში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რასაც მოქალაქეებს უმალავდნენ - ჭყლეტა 1975 წელს "სოკოლნიკებში" ან 1982 წელს "ლუჟნიკებში": როგორც პირველ ასევე მეორე შემთხვევაში კარგა ხანს დუმდნენ.

ეს  ტრაგედია, რომლის აღწერას ვერც ერთ საბჭოთა გაზეთში ვერ ნახავთ, 1954 წლის 4 აპრილს თბილისში ჩემპიონატის გახსნისას მოხდა.

თბილისის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან, თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ათეული გულშემატკივარი გარდაიცვალა. თამაში ძალიან პრინციპული იყო, 35-ათასიანმა სტადიონმა კი ყველა მსურველი ვერ დაიტია და ბევრი მათგანი ჭყლეტაში გარდაიცვალა.

ამის მიუხედავად, თამაში შედგა და "დინამომ" პრინციპული მეტოქე 2:1 დაამარცხა. ეს 1954 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი შეხვედრისას, 4 აპრილს მოხდა.

ამ ფაქტის შესახებ  პოპულარულ რუსულ გამოცემა "სპორტ-ექსპრესში" ვრცელი წერილი გამოქვეყნდა, რომლის ავტორიც აკსელ ვართანიანი მატჩის შესახებ საინტერესო და უცნობ ისტორიას გვაცნობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ საკმაოდ ვრცელი სტატიიდან.

"თბილისში საფეხბურთო მატჩებზე ბილეთის შეძენა პრობლემური იყო - მით უფრო იმ დროს და განსაკუთრებით, "სპარტაკთან" შეხვედრისას, რომელიც თბილისელთა პრინციპული მეტოქე იყო. ბილეთების ყიდვა შესაძლებელი იყო გადამყიდველებთან, რომლებიც არსებულზე ბევრად მაღალ ფასს ითხოვდნენ. გარდა ამისა, ეს იყო გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდის შეხვედრა. წინა სეზონის ფინიშზე მომხდარი მძიმე მოვლენების კონტექსტში, მატჩმა პრინციპული ხასიათი შეიძინა. 1953 წლის ბოლოს, კომუნისტური პარტიის მმართველების გადაწყვეტილებით, თბილისელებს ოქროს მატჩში მონაწილეობის უფლება წაართვეს და ჩემპიონად "სპარტაკი" გამოაცხადეს."

"როდესაც თამაში მოახლოვდა, ვნებები გამძაფრდა და გიჟური აჟიოტაჟი შეიქმნა. საქართველოს თითქმის მთლიანი მამრობითი მოსახლეობა დედაქალაქისკენ დაიძრა. მსურველთა რაოდენობამ ტრიბუნების ტევადობას ბევრად გადააჭარბა. უზარმაზარ ციფრებს ასახელებენ - 200, 350 და სრულიად წარმოუდგენელ 500 ათასსაც კი. უსიამოვნო მოლოდინზე ბუნებაც გვაფრთხილებდა. მოულოდნელად, 2 აპრილის დილით, თოვლი წამოვიდა, რასაც თბილისში ზამთარშიც ვერ ნახავდით. იქნებ ბუნებამ ცუდი ამბავი იგრძნო და უბედურების თავიდან აცილება სცადა? ან იქნებ, ნიშანი მიეცა, რათა ხალხს ბილეთის ძებნა შეეწყვიტა და თბილ სახლში პოპულარული მსახიობის, ეროსი მანჯგალაძის რადიორეპორტაჟით ესარგებლა? ...მაგრამ განა მათ შეაჩერებდით! მატჩის დღეს, 4 აპრილს, უკვე მზე ანათებდა და თოვლი დადნა. მაგრამ მინდვრის გაწმენდა ვერ მოხერხდა".

შტურმი
„დილიდანვე უბილეთო ადამიანების მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა შესასვლელი ალყაში მოაქცია. მატჩის დაწყებამდე ბილეთების ბედნიერი მფლობელები დაიძრნენ, მაგრამ მჭიდრო რიგების გამო, სტადიონზე შეღწევა ბევრმა ვერ მოახერხა. თამაშის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, რამდენიმე ასეულმა გულშემატკივარმა კონტროლიორების და სამართალდამცავთა მყიფე რიგები გაარღვია.

პანიკის მიუხედავად, სტადიონის რკინის კარების ჩაკეტვა მაინც მოახერხეს, რათა ხელმეორე გარღვევა აღეკვეთათ. ათასობით ადამიანი ერთადერთ ცენტრალურ შესასვლელს მიაწყდა - გენერალური იერიშიც მალევე დაიწყო. მილიციის რაზმებმა ადამიანურ სტიქიასთან გამკლავება ვერ შეძლეს. მაგრამ არა მარტო მათ - ხალხს მასიური რკინის ღობეებმაც ვერ გაუძლო და ასეთი ზეწოლის შემდეგ ჯართად გადაიქცა. წარმოუდგენელი ჭყლეტის შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა.“

„ შტურმის მონაწილეები ყველგან ჯდებოდნენ, სადაც ეს შესაძლებელი იყო - მანამდე შესულთა მუხლებზე, პირველ და მეორე იარუსის შორის და არენის მთელს პერიმეტრზე, საიდანაც თამაშს მხოლოდ "გულივერები" ხედავდნენ.

დანარჩენი მოვლენებს ტრუბუნების გუგუნითა და წინ მყოფთა რეპლიკებით იგებდნენ. პრეტენზიები არ ყოფილა - ყველას უხაროდა: ვინც ვერ ხედავდა, საათნახევრის განმავლობაში უნიკალური საფეხბურთო დღესასწაულის ატმოსფეროთი სუნთქავდა, დანარჩენებთან ერთად, უკიდურესად ბედნიერი იყო - თბილისელებმა მოიგეს. ტრიბუნების დატოვებისას, თამაშის მიმდინარეობას და გოლებს განიხილავდნენ. ალბათ, ადამიანის სხეულებით დამახინჯებული რკინის ღობეები ვერავინ შენიშნა.“

დუმილის შეთქმულება

ტრაგედიის შესახებ ჭორები თამაშის დასრულებისთანავე მთელს ქალაქში გავრცელდა, რაც ყოველთვის დასაჯერებელი არ იყო. რამდენიმე საათის შემდეგ, მომხდარზე ინფორმაცია უცხოურმა რადიოებმა გაავრცელეს. ყვებოდნენ დეტალებზე, 60 ან 70 გარდაცვლილზე, მაღალი შეფასება მისცეს იმ სამსახურების ოპერატიულ მუშაობას, რომლებმაც ერთი საათის განმავლობაში სისხლის კვალი გააქრეს... მხოლოდ ხელისუფლება და მათ მიერ კონტროლირებადი პრესა დუმდა. საქართველოს კომუნისტური პარტიის გამოცემა "კომუნისტმა" და მისმა რუსულენოვანმა ვარიანტმა, "ზარია ვოსტოკამ" მატჩის მიმდინარეობა ერთგულად აღწერეს - და მეტი არაფერი ("ლელო" - ალბათ, "პრავდა" და "კომსომოლსკაია პრავდა" აღწედნენ პირუთვნელად საბჭოეთში იმ დროინდელ მოვლენებს).

7 აპრილს, სპორტულმა გაზეთმა "ლელომ", მატჩის ვრცელი რეპორტაჟის გვერდით, რესპუბლიკის მეცნიერთა ჯგუფის აღშფოთებული წერილი გამოაქვეყნა - "სტადიონზე წესრიგის დამყარება აუცილებელია". ისინი სტადიონის დირექციისა და მილიციის მუშაობას გმობდნენ.

ერთი დღით ადრე, "ლენინსკოე ზნამიამ" (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ანუ საოკუპაციო ჯარების გამოცემა), თამაშის აღწერის შემდეგ მოკლედ დაწერა: "უნდა აღინიშნოს თბილისის სტადიონის დირექციის დაუფიქრებლობა და ქალაქის პოლიციის უპასუხისმგებლობა, რომელმაც ელემენტარული წესრიგის უზრუნველყოფა ვერ შეძლო".

მეორე დღეს, იმავე გაზეთმა ნეკროლოგი გამოქვეყნა და ირიბად უარყო ხმები ჭყლეტაში ცნობილი გენერლის, საბჭოთა კავშირის გმირის დაღუპვის შესახებ, რომელმაც ომი მოსკოვიდან ბერლინში გაიარა. ჭყლეტაში ომის მონაწილე ნამდვილად გარდაიცვალა, მაგრამ უფრო ნაკლები წოდების მქონე: "1954 წლის 4 აპრილს, მოულოდნელად გარდაიცვალა პოლკოვნიკი ანატოლი ვასილის ძე სოკოლოვი" - ეწერა ნეკროლოგში.

ფულს სისხლის სუნი ასდის

1954 год. Тбилиси. დიდი რისკის ფასად, მომხდარზე რუსულენოვანმა ახალგაზრდულმა გაზეთმა დაწერა: თამაშზე მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი იყო, ხოლო ფელეტონის ჟანრში გამოაქვეყნებულ მასალას ერქვა - "სტადიონის შესასვლელთან". მას ხელს ვინემ ა. ბუსლაევი აწერდა. ავტორი დეტალურად აღწერდა შტურმს. მისი აზრით, პოლიციის უუნარო მოქმედებების შედეგად ცენტრალურ შესასვლელთან ხალხის კრიტიკული მასა ხელოვნურად შეიქმნა. იმ ადამიანებზეც დაწერა, რომლებმაც წინასამატჩო აჟიოტაჟით მაქსიმალურად ისარგებლეს. მაგრამ შედეგებზე გაჩუმება ამჯობინა.

ა. ბუსლაევი მოგვითხრობს რა მოხდა მატჩის წინა დღეს, 3 აპრილს: "სტადიონის ადმინისტრაციამ ყველაფერი დეტალებამდე მოიფიქრა. თამაშამდე ორი დღით ადრე, პლაკატები არ გამოაკრა და სტადიონის სალაროებიც დაკეტილი იყო. ჭორი გავრცელდა: ბილეთები მხოლოდ შეკვევით გაიყიდებაო. მატჩის წინა დღეს კი... სტადიონის დირექტორის მოადგილის, ამხანაგ ვ. გვარჯალაძეს თან ახლდნენ ინსტიტუციების, საწარმოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. მათ ხელში განაცხადებები ჰქონდათ. საკმარისი ესეც არ იყო - ბილეთების აღება არც ისე ადვილია. უპირველესად, სტადიონის დირექტორის დადგენილება იყო საჭირო (რომელსაც სტადიონზე მოხვედრის მსურველები დილაუთენია დაესხნენ თავს) ან მისი მოადგილის. იმ მცირერიცხოვან პირებს კი, რომლებმაც განაცხადის შესახებ რეზოლუცია მიიღეს, უნდა გაეძლოთ სტადიონის სალაროებთან ბრძოლაში, სადაც პოლიციელები წარუმატებლად ცდილობენ ხალხის მოგერიებას".

"აშკარაა, თუ რა მოხდა სტადიონზე და რა შედეგამდე მიგვიყვანა "დინამოს" საბჭოსა და სტადიონის ხელმძღვანელობის შეუთანხმებლობამ. მათ "მოიფიქრეს" და ბილეთების განაცხადების მიხედვით გაყიდვა თამაშის დღემდე გადადეს. ამ დროს დაავიწყდათ ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს მატჩზე მოხვედრის იმედს არ კარგავდნენ. როდესაც ბრბო კარის გაღებას შეეცადა, ყველაფერი მაშინ მოხდა.

ამაში დამნაშავეებს პოლიციელების მჭიდრო რკალიც ვერ იხსნის სტადიონის შესასვლელთან თბილისის მოქალაქეების გულწრფელი აღშფოთებისგან, რომელთა უმეტესობა იძულებული გახდა, მატჩის დღეს ბილეთები შავი ბაზარზე ეყიდა" - წერდა 4 აპრილს "ახალგაზრდა სტალინისტი".  იქვეა ფოტო - ცენტრში გადამყიდველი გარშემორტყმულია ხალხით, გარშემო კი - არც ერთი პოლიციელი არ არის. წესრიგის დამცველებს კი "ცხელი წერტილების" მიღმა მოხვედრის საოცარი უნარი აღმოაჩნდათ.

დღის განმავლობაში, ხუთმანეთიანი ბილეთების ფასი 15 მანეთიდან 40-მდე გაიზარდა. არაკეთილსინდისიერი გადამყიდველების სიხარბემ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. .

ორი წუთით ადრე

რამდენიმე სიტყვა თავად თამაშის შესახებ. ვინც რა უნდა თქვას, ქართველი ფეხბურთელებისთვის 1953 წლის ხელისუფლებისგან წართმეული ჩემპიონობის შემდეგ ეს პრინციპული მატჩი იყო. მათი შანსები უფრო მეტად შეფასდა: უკიდურესად დიდი იყო მათი მოტივაცია, სპორტულადაც უპირატესობა ჰქონდათ (გაზაფხულზე სამხრეთ გუნდები უკეთ გამოიყურებოდნენ), ძლიერმოქმედი დოპინგის როლს კი გადავსებული ტრიბუნები ასრულებდნენ...

პირველმა ნახევარმა თეორიული გამოთვლები გამორიცხა. ნერვული, საშინელი დასასწყისის შემდეგ, თამაში მოედანის თბილისის ნახევარზე გადავიდა. ჩემპიონი გაბედულად, თავხედურად, ეტიკეტის უგულებელყოფით, ისე იქცეოდა, როგორც სახლში. ორჯერ ილინმა ვერ გაიტანა. ერთხელ მასპინძლები მეკარე მარღანიამ გადაარჩინა, ხოლო მეორედ, როდესაც კარი "დაკარგა", მცველმა სარჯველაძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
ფეხბურთის გარდაუვალმა კანონმა "სპარტაკი" ამის გამო დასაჯა. სედოვმა გაგნიძის გარღვევისას ხელით ითამაშა და გოგობერიძემ პენალტი გამოიყენა."სპარტაკმა" ანგარიში შესვენების შემდეგ გაათანაბრა. ტატუშინმა შვიდი მეტრიდან გაიტანა. სტუმრები ამ შედეგით კმაყოფილები დარჩებოდნენ, რაც მათი საქციელიდან სჩანდა. ორი წუთი არ ეყოთ. ჩემპიონმა სიფრთხილე დაკარგვა, რითაც თბილისელებმა მაშინვე ისარგებლეს.

1954 год. Тбилиси. თბილისელთა კაპიტან ღოღობერიძის დარტყმა ძელს მოხვდა, კალოევის განმეორებითმა დარტყმამ კი ათიათასობით გულშემატკივრი გაახარა, რაც უზარმაზარი მიწისძვრის ტოლფასი იყო. ტრიბუნებმა ამჯერადაც გაუძლეს - რა კარგად აუშენებიათ!

დინამოელებს და მათ თაყვანისმცემლებს უფლება ჰქონდათ, თავი გასული წლის ჩემპიონატის მორალურ გამარჯვებულებად ჩაეთვალათ. ახალ ჩემპიონატში კი პირველი ორი ქულა მოიპოვეს - თანაც, პირდაპირ კონკურენტთან ბრძოლაში: ამაში ბევრ მათგანს ეჭვი არც შეუტანია."

 "P.S. საბედნიეროდ, მე (იმ დროს - მეათე კლასის მოსწავლე) წინასწარ მივედი სტადიონზე და ჩემს ადგილზე დავჯექი. დაწყებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე, როდესაც გუნდებმა სტადიონის გასახდელი დატოვეს, ზღვა ხალხი მაშინ მოაწყდა - ისინი მანამდე დამჯდართა მუხლებზეც მოთავსდნენ. არავის დაუწუწუნია: გულშემატკივართა ძმობა მაშინ საკუთარი კანონებით ხელმძღვანელობდა. მხოლოდ შესვენების დროს გვიყვებოდნენ. რა უბედურება გამოიარეს. ამბოდნენ, რომ იმ დღეს სტადიონზე დასწრება დასაშვებ რაოდენობას მინიმუმ ერთნახევარჯერ აღემატებოდა".

წყარო:https://www.sport-express.ru

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way