USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
თბილისიდან გასასვლელი მაგისტრალი იცვლება - ქოშიგორის ქვეშ გვირაბების მშენებლობა იგეგმება
Date:  423

ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისიდან გასასვლელი მაგისტრალის მოდერნიზებას გეგმავს. არსებული გზა ჩანაცვლდება 8-ზოლიანი მაგისტრალით, რომელიც ქოშიგორის ქვეშ ორი პარალელური გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ნებართვის მისაღებად წარდგენილია გარემოზე ზემოქმედების შეფასება და დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში მოქალაქეებს შენიშვნების წარდგენა მომდევნო რამდენიმე თვის ვადაში შეეძლებათ.

სამინისტროს მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, დავით აღმაშენებლის ხეივანი გაფართოვდება და აგრარული უნივერსიტეტის პარალელურად, ასევე ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზის პარალელურად, მოეწყობა ესტაკადა, რომელიც "შკოდას" ცენტრის მიმდებარედ გვირაბებს დაუკავშირდება. გვირაბების სიგრძე 1.6 და 1.9 კილომეტრი იქნება და ის პირდაპირ დაუკავშირდება ახალ ხიდს, რომლითაც სატრანსპორტო ნაკადი მცხეთის გვერდის ავლით გააგრძელებს მოძრაობას.

მთლიანობაში მოდერნიზაცია ჩაუტარდება თბილისიდან გასასვლელ 11-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს და ის სრულად 8-ზოლიან გზად გადაკეთდება.

პროექტს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო ტექნიკურ-ეკონომიკურ სამუშაოებს ასრულებს ავსტრალიური საინჟინრო კომპანია SMEC International-ი.

საპროექტო დოკუმენტაციაში აღწერილია, რომ გზა, რომელიც ამჟამად ოთხზოლიანია არსებულ სატრანსპორტო ნაკადებს უკვე აღარ შეესაბამება, რადგანაც მას დღეში საშუალოდ 60,000 ავტომობილი იყენებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაქირავებულმა საინჟინრო კომპანიამ ჩაატარა კვლევა, თუ რა უნდა იყოს გზის გამტარობა, რათა მოდერნიზაციის შემდეგ თბილისის გასასვლელი ხელახლა არ გადაიტვირთოს. აღნიშნული კვლევიდან ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არსებული გზა ორივე მხრიდან ერთი ზოლით გაფართოვდება ანუ თუკი ის 6-ზოლიანი გახდება, რამდენიმე წელში სატრანსპორტო ნაკადის ზრდიდან გამომდინარე, ის კვლავ გადაიტვირთება, ამის გათვალისწინებით საინჟინრო კომპანიამ დაადგინა, რომ აღნიშნული მაგისტრალი მინიმუმ რვაზოლიანი უნდა გახდეს. წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე მოსაწყობი ახალი ინფრასტრუქტურა მოიცავს:

  • ორმხრივი გვირაბის მშენებლობას ქოშიგორასა და მუხათგვერდის ქვეშ;

  • ხიდებისა და ესტაკადების სისტემას მდინარე მტკვრისა და რკინიგზის გადაკვეთაზე;

  • საგზაო ქსელის გაფართოებას — თითოეულ მიმართულებაზე 4 ზოლით;

  • თანამედროვე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების დანერგვას.

 

ალტერნატივების შეფასება

საპროექტო ჯგუფმა განიხილა რამდენიმე ალტერნატიული მარშრუტი, რომლებიც შეფასდა ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორების მიხედვით.

სამი ალტერნატივა გამოიკვეთა:

  • ალტერნატივა 1: არსებული გზის გაფართოება ზედაპირზე, ორივე მხარეს 4 ზოლით - ნაკლებად ეფექტური და სივრცით შეზღუდული გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვდა მიწების ფართომასშტაბიან ექსპროპრეაციას.
  • ალტერნატივა 2: ზედაპირული გზა მცირე ესტაკადებით მტკვრის ხეობის გვერდის ავლით — შედარებით იაფი, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში გზა ეკოლოგიურად მგრძნობიარზე ზონას გადაკვეთს.
  • ალტერნატივა 3 (შერჩეული ალტერნატივა): ორმხრივი გვირაბის გაყვანა ქოშიგორასა და მუხათგვერდის ქვეშ.

გვირაბების ტექნიკური მონაცემები:

  • თბილისი → ნატახტარი მიმართულება — 1.6 კმ სიგრძით;

  • ნატახტარი → თბილისი მიმართულება — 1.9 კმ სიგრძით;

  • საერთო სიგრძე — 3.5 კმ.

გვირაბები დაიგეგმება ორ პარალელურ მილად, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, საევაკუაციო გასასვლელებითა და ვენტილაციით. მშენებლობა ჩატარდება სპეციალური გვირაბგამყვანი კომბაინით, აფეთქებების გარეშე, რაც ამცირებს ხმაურსა და ვიბრაციას.

გზის მეორე მონაკვეთი (საგურამოდან ნატახტარის მიმართულებით)

ამ მონაკვეთში განხილული იყო სამი ვარიანტი:

  1. არსებული ხიდის გამაგრება და გაფართოება;

  2. ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე არაგვზე;

  3. კომბინირებული გადაწყვეტა — ახალი ხიდისა და მიმდებარე გზის პარალელური გამოყენება.

საბოლოოდ არჩეულია მესამე ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი სახიდე გადასასვლელისა და ესტაკადის აშენებას მცხეთის დასახლების მიმდებარედ.

ხიდებისა და ესტაკადების მონაცემები:

  • პირველ მონაკვეთზე — 8 ხიდი, საერთო სიგრძით 3.52 კმ;

  • მეორე მონაკვეთზე — 5 ხიდი, საერთო სიგრძით 1.34 კმ;

  • ჯამში — 13 ხიდი, მთლიანი სიგრძით დაახლოებით 4.86 კმ.

ეს ნაგებობები მოიცავს მტკვრისა და არაგვის გადაკვეთის ახალ არქიტექტურულ კონსტრუქციებს, რომლებიც შეამცირებენ საცობებსა და მოძრაობის შეფერხებებს.

პროექტი განხილვების ადრეულ ეტაპზეა და მასზე დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში გაიცემა.

ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება იყოს ახალი მაგისტრალის სამშენებლო ბიუჯეტი.

ახალი გზის, ესტაკადის და გვირაბის შესასვლელის საპროექტო სქემა:

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way