USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
თბილისი და თბილისის უბნების სახელწოდებები
Date:  6765

თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. იგი არსებობდა, როგორც იბერიის დედაქალაქი და ასეა მოხსენებული ძველ ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში.

თბილისში პირველი დასახლება IV ს-დან გაჩნდა, ხოლო V ს-ის შუახანებში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ქალაქის გაშენება დაიწყო. მისმა მემკვიდრემ დაჩიმ კი ტფილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. ლეონტი მროველი ქრისტიანულ წელთაღრიცხვამდე ტფილის ქალაქს დასახლებულად მიიჩნევდა. “ქართლის მოქცევის” ცნობითაც, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლამდეც ტფილისი ქალაქი ყოფილა, ხოლო ბაკურ მეფის შემდეგ წმიდა ქალაქ მცხეთის ადგილი სრულად დაიკავა.

თბილისი სამი ქალაქისგან შედგებოდა – ტფილისი, კალა და ისანი. ქალაქს მდინარე მტკვარი ორ ნაწილად ჰყოფს.

 ქალაქი “კალა” იყო ციხე-გალავნით მოზღუდული და მდინარის მარჯვენა სანაპიროს მოიცავდა. კალას ციხე-სიმაგრის ზედა მოედანი მოიცავდა სამეფო რეზიდენციას, სასახლეებს, ეკლესიებს, საღვთისმეტყველო სკოლებს, აბანოებს, ობსერვატორიას.

სამხრეთ ფერდობზე სამეფო სასახლეთა ბაღი არსებობდა. ჩრდილოეთის ფერდობი სამონასტრო კომპლექსებს ეკავა, რომელნიც ციხის ეკლესიებად მოიხსენიება. ჩრდილოეთის ფერდობებზე გადმოედინებოდა წავკისის მდინარის ჩანჩქერები და მდინარე მტკვრამდე ნაოსნობისთვის სათანადო პირობები იყო.

საინტერესოა ძველი ქალაქთგეგმარება, როგორ ვითარდებოდა ძველი თბილისი. V საუკუნეში ქალაქის ცენტრად ითვლებოდა ე.წ. კლდისუბანი, ციხის (გორგასლის) მოედნის ზემოთა ნაწილი ქვემო ბეთლემამდე, მუხრანთუბანის მიმდებარე გარემო, მეფის მოედანი, მოგვიანებით, XIX ს-სთვის ქალაქის ცენტრმა სოლოლაკში გადაინაცვლა.

მოედანი ქალაქისთვის სასიცოცხლო სივრცეა, რომელშიც ყოველი მიმართულებით იკრიბება და ვრცელდება სატრანსპორტო მოძრაობანი. მოედნის სივრცის არქიტექტურულ გადაწყვეტას უდიდესი მნიშვნელობა ექცეოდა ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა საქალაქო წეს-ჩვეულებებით, საქალაქო იურისდიქციით, ზნეობრივი, ესთეტიკური, მორალისა და ტრადიციების თავისებურებით.

აბანოთუბანი – თბილისის სამკურნალო თბილი წყლები ყოველთვის განთქმული იყო. აქ საგანგებოდ ააგეს აბანოები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. იმ უბანს, სადაც ისინი მდებარეობს „აბანოთუბანი“ ეწოდება.

ავლაბარი – გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ. იგი სასწრაფოდ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისაკენ გაემართნენ. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. მხლებლებმა დაამშვიდეს: აი, აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო. მართლაც, აღმართი რომ აათავეს, ბარი გამოჩნდა. ამის შემდეგ ამ ადგილს ავლაბარი უწოდეს.

არის სხვა ვარაუდიც. ფიქრობენ, რომ სიტყვა „ავლაბარი“ მე-14 საუკუნიდან მოდის. არაბულად „ჰავალი“ ნიშნავს „მიდამოს“, „ბირ“ – „სასახლეს“, ე.ი. „ავლაბარი“ სასახლის მიდამოს ნიშნავს. ამ უბანში მდებარეობდა მეფის სასახლე.

დიდუბე – წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი უბე“, ე.ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. დიდუბე თბილისის განაპირა ადგილის სახელად პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის შემდეგ აქ გამართულ ზეიმს აღგვიწერს. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია.

ვარკეთილი – მომდინარებს სახელწოდებიდან „ველიკეთილი“. ასე ერქვა ამ ადგილს უწინ.

ისანი – XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვიტკირის გალავნებითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო მას არაბულად „ჰისნი“, ანუ ისანი უწოდეს. ქართულად „ციხესიმაგრეს“ ნიშნავს.

მთაწმინდა – შეერქვა წმიდა დავით გარეჯელის პატივად, რომელიც ამ ადგილას რამოდენიმე წელიწადი მოღვაწეობდა, სანამ გარეჯის უდაბნოს მიაშურებდა.

ნავთლუღი – თურქულად „ნავთის ადგილს“ ნიშნავს. ამ ადგილებში მოიპოვებდნენ ნავთს, თუმცა მცირე რაოდენობით.

ნარიყალა – სპარსული წარმოშობის სიტყვაა. „ნარინ ყალა“ ქართულად „შიდაციხეს“ ნიშნავს.

ნაძალადევი – 1872 წელს თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო. რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშები საცხოვრებელ ადგილებს უნებართოდ იკავებდნენ და სახლდებოდნენ. ამიტომ ახალ უბანს „ნაძალადევი“ უწოდეს.

საბურთალო – ეს ადგილი სწორი, ვაკე ადგილია. თამარ მეფის დროს ქართველი მეომრები აქ ხშირად მოდიოდნენ და ბურთაობდნენ ხოლმე. ამიტომ ამ ადგილს „საბურთაო“ ადგილი უწოდეს. შემდგომში სახელწოდება ცოტათი შეიცვალა და ახლა „საბურთალოს“ ვეძახით.

სამგორი – ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცხოვრობდა ცალხელა მოხუცი, რომელსაც ქალაქისათვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, რისთვისაც მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისაგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროო ძმა სვეტზე ავარდა ჩირაღდნით, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა და ძირს ჩამოაგდო, ახლა მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე ჭაბუკმა მოასწო და ქალაქში შველი აფრინა წერილით კისერზე. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი დაბრუნდა და თავისი ძმობილები რომ უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცაკლე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ აქ მოდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.

სოლოლაკი – იგივე სალალაკი. „ციხის ბაღის“ მოსარწყავად არაბების ბატონობის ხანაში აღუდგენიათ სარწყავი არხი (არაბულად „სულუ-ლაჰ“). მოგვიანებით სულულაჰ ეწოდა მთის კალთას, რომელზეც ეს უბანია გაშენებული. XIX საუკუნიდან ასე დაერქვა თავად უბანს. ადრე მას „ავანაანთხევი“ ერქვა და აქ ქართველ დიდებულთა ბაღები იყო გაშენებული.

ჩუღურეთი – მომდინარეობს თურქული სიტყვიდან „ჩუქორ“, რაც ქართულად ხევს, ფერდობს ნიშნავს. ამ ადგილს სამი მხრიდან სწორედ ხევი ერტყა.

სეიდაბადი - ასე უწოდებდნენ XVII საუკუნიდან აბანოების უბანს და მის მიმდებარე ტერიტორიას (იმ ადგილამდე, სადაც დღეს სამასი არაგველის ძეგლი დგას). ეს სპარსული სიტყვაა და სეიდების სამოსახლოს ან სეიდების უბანს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, ბუნებრივი ცხელი წლით მოხიბლულ სპარსეთის შაჰს აქ სეიდების ტომი ჩამოუსახლებია, სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად სწორედ ამ ადგილს ერქვა ტფილისი, პირველი დასახლებაც აქ ჩასახულა.

ხარფუხი - აბანოების უბანსა და ორთაჭალას შორის, თაბორის მთის ძირში, XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე პატარა სოფელი ხარფუხი წარმოიშვა. (ადრე სეიდაბადად სახელდებულ უბანსაც XIX საუკუნიდან ასე უწოდებენ). XIX საუკუნის დასაწყისში აქ ლეკების მიერ დარბეული, სოფ. წალასყურიდან გამოხიზნული გლეხები დასახლდნენ. 1811 წელს ხარფუხი თბილისის მაზრას მიაწერეს. აქ თავშესაფარს პოულობდნენ ბოროტმოქმედნი, სხვადასხვა ჯურის საეჭვო ხალხი და საქონლით დატვირთული კონტრაბანდისტები. 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, ხარფუხი ოფიციალურად იქცა თბილისის ნაწილად.უბნის სახელწოდებას უცნაური ისტორია აქვს: აქ, თათრების სასაფლაოს სიახლოვეს მდგარა კედელი და საკულტო დანიშნულების ქვა ხატით. ტფილისელების რწმენით, ხატს სურდოს განკურნება შეეძლო და მასთან სურდოშეყრილი ბავშვები მოჰყავდათ. ი. გრიშაშვილი წერდა: “ხარფუხი (ანუ “ხარბუხი”) ძველებურ სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს. მართლაც, ხარფუხის თავზე, სოფელ შინდისის გზის დასაწყისში, კლდის ქიმზე დღესაც მოჩანს პაწაწა ნანგრევები, რომელსაც “სურდოს ხატს” უწოდებენ. სურდოიანი პაციენტი ეხლაც ესტუმრება ხოლმე ამ ხატს, მოუტანს საყმაწვილო ჭინჭილეს, მიამტვრევს ხატის წინაშე და ამით ვითომ სურდო იკურნება”.

“ვირის ხიდი” - მტკვრის ქვედა დინებაში არსებული ორთაჭალის კუნძული ცნობილი იყო თავისი ბაღებით, რომლითაც თბილისი ხილითა და ბოსტნეულით მარაგდებოდა. სანაპიროს მშენებლობის შედეგად მტკვრის ტოტი მოისპო და, შესაბამისად, კუნძულიც აღარ არსებობს. ადრე კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა კოლოფზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი, რომელსაც თბილისელებმა “ვირის ხიდი” შეარქვეს, რადგან მასზე სახედრებს ხილით დატვირთული გოდრები გადაჰქონდათ. მუდამ ხმაურიანი, უბრალო გამვლელებით, ვაჭრებითა თუ საპალნეასხმული ვირებით “მოფუთფუთე” ხიდი უდაოდ ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტული ელემენტი იყო. შემდგომში ეს სახელწოდება მეტეხის ძველ ხიდზეც გავრცელდა.

მეტეხი -  ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფევახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ტრადიციული რწმენით მეფევახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად “არემარეს სასახლის ირგვლივ” ნიშნავს.ამ ადგილზე, V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს.

ეკლესია იხსენიენა თამარ მეფის დროს. თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი მოგვითხრობს, რომ შამქორის ბრძოლის დროს, ჯარის გასტუმრების შემდეგ, თამარმა „წარიხადნა სამოსელნი ფერხთანი და ფერხივ შიშულითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისამშობლისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი.“

მონღოლების შემოსევას 1235 წელს ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა.

მეტეხის მაცხოვრის ეკლესია აღმართული კლდის თავზე მეფე დემეტრე II- ს აღუდგენია 1278-1289 წლებში. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის გეგმა იმ დროისათვის უჩვეულოა (4 თავისუფლად მდგომი ბოძი, 3 შვერილი აფსიდი), როგორც ჩანს, ამ ადგილზე მანამდე მდგარი ეკლესიის გეგმას იმეორებს. ფასადები ახლებური დეკორატიული სისტემით არის დამუშავებული:კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტული სარტყლებით (ეს სისტემა ვერ გავრცელდა), მაგრამ იმავე დროს საკურთხევლის შვერილ აფსიდზე გამეორებულია ძველი,სამთავისის დროიდან ცნობილი, სისტემა – დიდი ჯვარი და 2 მოჩუქურთმებული კვადრატი სარკმლის ქვემოთ, საუკუნეთა განმავლობაში შენობამ ბევრი ცვლილება განიცადა. XIII საუკუნის ნაგებობისაგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები კამარების დონემდე, დასავლეთი კედლის ქვემო ნაწილი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.

ეკლესია მოგვიანებით დაზიანდა და რამდენჯერმე აღდგენილ იქნა. მეფე როსტომმა (მეფ. 1633-1658) გაამაგრა არემარე ეკლესიის ირგვლივ ძლიერი ციტადელით, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ქართლის ტახტზე მაჰმადიანი მეფეები ისხდნენ, მეტეხის ტაძარი უკვე მიტოვებული იყო. მოგზაურ ჟან შარდენის თქმით, მისი მიტოვების უშუალო მიზეზი მეხის დაცემა ყოფილა, ვახტანგ V-მ შენობა ეკლესიად კი არ აღადგინა, არამედ თოფის წამლის საწყობი მოაწყო.მეტეხის ციხიდან 1748 წელს სპარსელთა განდევნის შემდეგ შეკეთდა ამოქმედდა დიდი ხნის წინათ მიტოვებული მეტეხის ეკლესიაც. რუსეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდან) ეკლესიამ დაკარგა მისი რელიგიური ფუნქცია და სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ციტადელი დაშლილ იქნა და ახალი ნაგებიბით შეიცვალა, რომელიც სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა 1938 წლამდე.

დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან, მხატვარი და კოლექციონერი დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინააღმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრებულ და მოგვიანებით სიკვდილით დასჯილ იქნა. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა. მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა.

1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივითა და პოპულარული მხარდაჭერით დაწყებულ იქნა ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ამ მოთხვონით ცნობილი ქართველი დისიდენტი და მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საშიმშილო აქციასაც აწყობს. კომუნისტური მმართველობის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად 1988 წლიდან ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way