USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
"თბილისი არის ერთადერთი მილიონიანი ქალაქი , რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი არჩევითი ორგანო - საკრებულო "- ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, სრულად ცენტრალიზებულ მმართველობასა და არარსებულ თვითმმართველობაზე
Date:  281

მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობას კი არა, თავად სახელმწიფოს აზარალებს, ის რომ ჩვენ გვაქვს ევროპაში, ალბათ, ყველაზე ცენტრალიზებული მმართველობა. საბჭოთა მმართველობა აგებული იყო დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპზე, ანუ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის ადგილობრივ საკითხებზე, მიიღებოდა მოსკოვში. დღესაც არის დაახლოებით იგივე პრინციპით მართვა. სოფლად თუ ქალაქად სკოლა უნდა გაკეთდეს, საბავშვო ბაღი, სკვერი, გარე განათება, სოფლის გზა, თუ შუკა , ეს ყველაფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს და საბოლოო გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ამას აქვს თავისი უდიდესი მინუსი.  იმიტომ რომ, გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სოფელში, რომელ ქალაქში რა არის გასაკეთებელი, იღებენ ის ადამიანები, რომლებიც იქ არ ცხოვრობენ, წარმოდგენა არ აქვთ იქაურ პრობლემატიკაზე, თავად არ არიან იმ ინფრასტრუქტურის, სასწავლო, კულტურის თუ სამედიცინო ობიექტების მომხმარებლები, რომელთა აშენებაზე მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ვინაიდან ამ ხალხს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ადგილობრივ პრობლემებზე, ხშირ შემთხვევაში მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდება აბსოლუტურად სუბიექტურად, ისე, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობის აზრია გათვალისწინებული და არც მათი რეალური საჭიროებები. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მთავრობა საკმაოდ დიდ საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს რეგიონებში, საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ეფექტიანობა დაბალია.

- ანუ, საბჭოთა დროიდან მოყოლებული არაფერი შეცვლილა?

-ეს ასე იყო საბჭოთა დროიდან მოყოლებული, ეს ასეა 30 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებელია. ჩვენ გადავდგით 1998 წლიდან 2002 წლამდე გარკვეული ნაბიჯები დეცენტრალიზაციის კუთხით. შემდეგ 2005 წლიდან დაიწყო უკუსვლა. როდესაც მაშინდელმა მმართველმა პარტიამ,  გააუქმა უამრავი თვითმმართველობა საქართველოში და შეამცირა 65-მდე. შემდეგ, ყველა სიკეთესთან ერთად, თვითმმართველობებს წაართვა საკუთარი შემოსავლები, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა თვითმმართველობა საქართველოში ფაქტობრივად დოტაციურია. ეს დოტაცია ცენტრიდან მოდის. როდესაც თვითმმართველობას თავად არ აქვს სახსრები საკუთარი უფლებამოსილებების შესასრულებლად და პროექტების განსახორციელებლად, ის უბრალოდ იძულებულია, აბსოლუტურად ლოიალური იყოს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რათა მისგან მიიღოს ფინანსები, შეძლოს არსებობა და გააგრძელოს თავისი ფუნქციების შესრულება. 

ახლაც არჩევნები მოდის, ყველა არჩევნებზე გვესმის ერთიდაიგივე, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენება, რომ ადგილობრივ მოხელეებს ავალებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშაონ და ა.შ.. არ აქვს მნიშვნელობა, ეს მმართველი პარტია "მოქალაქეთა კავშირი" იქნება, "ნაციონალური მოძრაობა",  თუ  "ქართული ოცნება". იმის გამო, რომ ყველა თვითმმართველობამ იცის, რომ თუ ის ლოიალური არ იქნება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიძლება ფინანსები შეუწყვიტოს, ისინი იძულებული არიან ლოიალობა გამოიჩინონ და მმართველი პარტიის ნებისმიერი დავალება უსიტყვოდ შეასრულონ.

-კონკრეტული მაგალითები თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ?

- მე შეგახსენებთ, პრემიერ ღარიბაშვილის სიტყვებს, როდესაც წალენჯიხაში აირჩიეს ოპოზიციური მერი, ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა,  მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებს, ფული მაინც ჩვენ უნდა მივცეთ, ჩვენზე იქნება ყველაფერზე დამოკიდებულიო.

- 2012 წელსაც არ ყოფილა მზაობა, რომ რაიმე შეცვლილიყო?

- თავიდან თითქოს იყო, როცა 2012-2013 წლები ვმუშაობდი მთავრობაში ამ საკითხებზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. მაშინ დაიდო თვითმმართველობის რეფორმა, რომლის მიზანი იყო არსებული სისტემის შეცვლა და რეალური ევროპული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, მაგრამ ეს რეფორმა ჩააგდო მმართველმა პარტიამ, რეფორმა გაიჭედა. თქვენ რომ შეხვიდეთ macne.ge-ზე და ნახოთ თვითმმართველობის კოდექსი, იქ პირდაპირ წერია გარდამავალ დებულებებში, 2016 წლისთვის უნდა მიღებულიყო ფინანსური დეცენტრალიზაციის გადაწყვეტილება. უნდა გამიჯნულიყო ქონება ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. რეგიონული განვითარების საკითხები უნდა აგვემუშავებინა. სამწუხაროდ, არაფერი არ შესრულდა. წავიდა უკუსვლა, თვითმმართველი ქალაქები გავაუქმეთ, ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის დაპირება არ შესრულდა, ადგილობრივ თვითმმართველობებს საკუთარი შემოსავლები და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შეაძლებლობა არ მიეცათ და თვითმმართველობის განვითარების კუთხით ისევ სრული რეგრესი მივიღეთ.

- ასეთი "საშიშია" ევროპული თვითმმართველობა, რომ არასდროს არ გადაიდგა ეს ნაბიჯები?

- ავტორიტარული მმართველობა ეფუძნება იმას, რომ ბელადის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ვერტიკალის მეშვეობით, უკანასკნელ სოფლამდე უნდა უსიტყვოდ აღსრულდეს, კითხვის დაუსმელად, თუნდაც ზევით სისულელე გადავწყვიტონ. თვითმმართველობის პირობებში ეს ასე არ არის, თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი ორგანო, მას გააჩნია საკუთარი უფლებამოსილებები და ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. თვითმმართველობა თავად წყვეტს საკუთარ კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, რა პროექტები თუ პროგრამები უნდა განახორციელოს. რაც მთავარია, თვითმმართველობას გააჩნია თავისი ფინანსური სახსრები საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ის არ არის დამოკიდებული იმაზე, დედაქალაქში ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში.

შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, როდესაც არჩევნები მოდის ასეთ თვითმმართველობას ვეღარ აძლევ ბრძანებებს, იმუშავე ჩემზე, მომიგროვე ხმები, რომ ადგილობრივი მოხელეები უნდა იყვნენ მმართველი პარტიის ერთგულნი, თუ არა და გაყარეთ სამსახურიდან და ა.შ. ასეთ დროს მმართველობის ცენტრალიზებული ვერტიკალი ირღვევა და ადგილზე მეტი თავისუფლება წარმოიქმნება, მაგრამ ხელსუფლება კარგავს ადმინისტრაციულ რესურსებს და მას ბევრად პატიოსან პოლიტიკურ ბრძოლაში უწევს ოპოზიციურ პარტიებთან პაექრობა. ასეთი თავისუფლება კი ყოველთვის საშიშია ავტორიტარიზმისთვის, ეს არის მთავარი, რის გამოც თვითმმართველობის განვითარება არ ხდება. ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ეშინია ხალხისათვის თავისუფლების მიცემა. ფიქრობენ, რომ ეს თავისუფლება მათ უკან შემოუტრიალდება.

- დღევანდელ კანონმდებლობაში როგორა არის განმარტებული ადგილობრივი თემი? ვინ არის ხევსური, იმერელი, გურული... ვინ ითვლება ადგილობრივ ამომრჩევლად?

- თვითმმართველობის კოდექსის მესამე მუხლში არის მოცემული, რა არის თემი. თემი არის დასახლებათა გაერთიანება, ეს არის ჩვენი სათემო მუნიციპალიტეტი. ადგილობრივი ამომრჩეველი არის ის ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია ამ სათემო მუნიციპალიტეტში. უბრალოდ,  ჩვენი სათემო მუნიციპალიტეტები არის ძალიან დიდი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ჩვენ გვაქვს ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სათემო მუნიციპალიტეტები. ეს არის პრობლემა, იმიტომ, რომ თვითმმართველობის მთავარი არსი და მნიშვნელობა არის ის, რომ ადგილობრივი პრობლემები უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით. რაც უფრო მრავალრიცხოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მით უფრო რთულია გაითვალისწინო მოსახლეობის ყველა ჯგუფის ინტერესები, კონცენტრირდე იქ კონკრეტული დასახლებების პრობლემებზე.  მე და თქვენ 10 კაცში რომ დავსხდეთ, ათ კაცში ბევრად იოლი იქნება ჩვენი აზრის გათვალისწინება, ათას კაცში ბევრად უფრო რთულია. თვითმმართველობის საშუალო სიდიდე ევროპაში არის 8-დან 15 - 20 ათასამდე. საქართველოში ეს ციფრი 60 ათასს აღემატება. 60 ათას კაცში ძალიან რთულია გაიგო თითო მოსახლის ან მცირე ჯგუფის ხმა, გაითვალისწინო მათი ინტერესი. ჩვენ გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც 100 ზე მეტი დასახლებაა. მუნიციპალიტეტის  ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა ამ დასახლებების განვითარების გეგმების შემუშავება და მათი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. როგორ წარმოგიდგენიათ, ასი და ასოცდაათი დასახლება რომ არის, მაგალითად გორის მუნიციპალიტეტში, ასივე დასახლების პრიორიტეტები გაითვალისწინო, მათი სივრცითი დაგეგმვა და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტი შეადგინო, ასივე დასახლების პრობლემები გადაჭრა? ეს არის შეუძლებელი. თუკი გვსურს, რომ თვითმმართველობამ გამართულად იფუნქციონიროს, მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ეს ორგანო მათ ინტერესებს ემსახურება და მათ აზრს ითვალისწინებს, თვითმმართველობის მოსახლეობის რაოდენობა უნდა იყოს ბევარდ  მცირერიცხოვანი, ასევე ტერიტორიული ფართობი და დასახლებების რაოდენობა. ვიმეორებ შეუძ₾ებელია ათობით ათას მოსახლისგან და ასობით დასახლებისგან შემდგარ მუნიციპალიტეტებში ერთნაირად გაითვალისწინო ყველა პრობლემა, მოისმინო ყველა ჯგუფის აზრი, მიხედო ყველა დასახლებას.

დიდ პრობლემას ქმნის დაფინანსების საკითხებიც, როგორია დღეს არსებული სისტემა?

ევროპაში ძირითადი შემოსავლები - ქონების გადასახადი ყველგან ადგილზე რჩება, საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი რჩება წილობრივად ადგილზე. საქართველოში მხოლოდ ქონების გადასახადი რჩება ადგილზე. შესაბამისად, დანარჩენ ფულს მუნიციპალიტეტი იღებს ცენტრალური ხელისუფლებისაგან, ანუ მას დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი ბიუჯეტის შევსება. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლადაც ძირითად ფულს იღებს ცენტრალური ხელისუფლებისგან . ეს არის რეგიონული განვითარების ფონდი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროშია. სისტემა ასეთია: ვთქვათ, მუნიციპალიტეტს გზის რეაბილიტაცია, ან წლის გაყვანა უნდა, ის წერს პროექტს, ეს პროექტი მიდის ინფრასტრუქტურის სამინისტროში სადაც არსებობს რეგიონული პროექტების ფონდი, თავისი მმართველი საბჭოთი. ჩემს დროს მასში შევდიოდით 22 გენიოსი. არავის დავცინი, პირველ რიგში საკუთარ თავზე ვიცინი, იმიტომ რომ მეც ამ კომისიის წევრი ვიყავი. ეს 22 კაცი ვწყვეტდით რა პროექტები გაკეთდებოდა მთელ ქვეყანაში ? რატომ? რისთვის? არავინ იცის. აქ მოდიოდა მთელი საქართველოდან პროექტები და მახსოვს პირველივე სხდომაზე გასანაწილებელი იყო 60 მილიონი, პროექტები იყო შემოსული 100 მილიონის და გვითხრეს, რომ ამ 22 კაცმა უნდა ავირჩიოთ რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს მაგალითად ქალაქ ფოთში, რომელსაც 4 პროექტი ჰქონდა წარმოდგენილი. 2 პროექტი უნდა დაგვეფინანსებინა. მარტივი კითხვა დავსვი: "ბიჭებო რომელი ხართ აზრზე, აქედან რომელი პროექტი უფრო მნიშვნელოვანია ფოთისათვის, პირველი, მეორე , მესამე, თუ მეოთხე?  რა თქმა უნდა, არავინ აზრზე არ ვიყავით. ბოლოს გვითხრეს, რომ რაღაცა უნდა ავირჩიოთ, იმიტომ რომ თუ არ ავურჩევთ საერთოდ არაფერი გაკეთდება მთელ ქვეყანაში.  მერე სამინისტროში მოიფიქრეს რაღაც კრიტერიუმები, რომლითაც ვაფასებდით პროექტებს, ოღონდ ეს ყველაფერი იყო და არის ძალიან ხელოვნური, უმრავ ხვრელს ტოვებს სუბუექტური გადაწყვეტილებებისთვის. ფოთში რა უნდა გაკეთდეს, გადაწყვეტილებას იღებს 22 კაცი, რომელიც არც ერთი ფოთელი არ არის და ძირითადათ წარმოდგენა არ აქვს, გზა უნდა გაკეთებული, ბორდიურები თუ სხვა რამ. ასეა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დღემდე ასეა?

დიახ, სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა ამ კუთხით და გადაწყვეტილებებს იღებენ ის ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ადგილობრივ პრობლემებზე. ცუდი ადამიანები კი არ არიან, თავიანთი საქმის ცუდად მცოდნეები კი არ არიან, უბრალოდ მათ არ იციან ადგილობრივი პრობლემატიკა და არც შეიძლება იცოდნენ, რადგანაც კომისია შედგება სხვადასხვა სამინისტორების წარმომადგენლებისგან.  იმ ადამიანებს ამ სამინისტროებშ თავიანთი საქმე აქვთ, მათ არაფერი აკავშირებთ, არც რეგიონულ განვითარებასთან და როგორც წესი, არც იმ რეგიონებთან რომელთა ბედი უნდა გადაწყვიტონ. რა თქმა უნდა, საიდანღაც ყველა არის წარმოშობით, მაგრამ ბუნებრივია რომ ეს არ აძლევს მათ იმის ცოდნას, რომ მთლიანობაში ისინი წყვეტდენ მთელი ქვეყნის მასშტაბით რა უნდა გაკეთდეს. ეს აბსურდული სისტემააა. ეს თანხები უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის განკარგულებაში, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. აი, მე ვარ ონის მუნიციპალიტეტის სოფელი კვაშხეთიდან. თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში არსებობს ჩინოვნიკი, რომელსაც კვაშხიეთელზე უკეთ ეცოდინება, კვაშხიეთში რა არის გასაკეთებელი, მე ვიტყვი რომ ეს ადამიანი იტყუება. საქართველოში 3500 სოფელია, წარმოუდგენელია ცენტრალურ დონეზე არსებობდეს ჩინოვნიკი,ან ჩინოვნიკები, ან მთელი სამინისტრო შექმენით თუ გინდათ, რომელსაც ეცოდინება 3500 სოფელში რა არის გასაკეთებელი. ამიტომ მოიფიქრა თავის დროზე თვითმმართველობა კაცობრიობამ, ცივილიზებულმა სამყარომ, რომ ადგილობრივი პრობლემები ადგილობრივზე უკეთ არავინ  იცის და ადგილობრივზე მეტად მათ გადაჭრაში ვერ იქნება დაინტერესებული. ადგილობრივი მოხელე, განსხვავებით  დედაქალაქში მცხოვრები ჩინოვნიკისგან თავად მოიხმარს ყველა იმ სიკეთეს, რაც მისი საქმინაობის შედეგად უნდა შეიქმნას მუნიციპლიტეტში, თავად უნდა იაროს   იმ გზაზე, რომელიც უნდა გააკეთოს, თავად უნდა ატაროს თავის ბავშვი იმ სკოლაში, რომელიც უნდა ააშენოს, თავად უნდა ისარგებლოს იმ სპორტდარბაზით, რომლიც უნდა აააშენოს და ა.შ. აგრეთვე ის ყოველდღე ხვდება საკუთარ უბნელს, მეზობელს, თანასოფლელს, რომელსაც პრობლემები უნდა გადაუჭრას, ისმენს მის აზრს და შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია მათ მიმართ, ვიდრე თბილისში მსხდომ ჩნოვნიკებს, რომლებიც ალბათ ცხოვრების განმავლობაში ვერ შეხვდებიან იმ ადამიანებს, რომლთა პრობლემის მოგვარება ევალებათ და ვერ მოისმენენ ამ ადამიანების აზრს მათ წინაშე არსებული საჭიროებების თაობაზე.

თბილისი
- ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია იმ კუთხით, რომ ის არის ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მიერ არჩეული პოლიტიკური ფიგურა, კი ბატონო, კალაძეს აქვს.
- თბილისის თვითმმართველობის პრობლემები იწყება იქედან, რომ თბილისი არის ( ჩრდილოეთ კორეაში არ ვიცი რა ხდება) მსოფლიოში ერთადერთი მილიონიანი ქალაქი, რომლესაც ჰყავს ერთი არჩევითი ორგანო - ეს არის თბილისის საკრებულო. თბილისის მართვის სტრუქტურა მიკრომოდელია ცენტრალიზებული მმართველობის. თბილისის შიგნითაც დეცენტრალიზაცია განხორციელებული არ არის. აბსოლუტურად ცენტრალიზებული მმართველობაა თბილისის მერის მიერ. თბილისისნაირ ქალაქებში რამდენიმე ათეული თვითმმართველობის ორგანო არის არჩეული ქალაქის შიგნით, რომელიც ანგარიშვალდებულია ადგილობრივი უბნების მოასხლეობის წინაშე და აგვარებს შიდა მიკრო პრობლემებს . მაგალითად, თბილისში არის ერთი უბანი - დამპალო ჰქვია, იქ არც ერთი მერი არ არის ნამყოფი. თითოეულ უბანს ევროპაში ჰყავს თავისი არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, თავისი არჩეული ხელმძღვანელი ორგანო, რომელსაც თავისი უფლებამოსილება აქვს, რომელიც მერიის ბიუჯეტიდან იღებს ფულს ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად. ეს არჩეული ადამიანები იმ უბანში ცხოვრობენ, ისინი ხელმისაწვდომები არიან თავიანთი უბნელებისათვის, რომ მოისმინონ - რა აწუხებთ. თბილისის მერი, რომელიც 4 წლის ვადით აირჩევა, რამდენჯერ მივა გლდანულაში ამ 4 წლის მანძილზე, რამდენჯერ მივა ვარკეთილის მეოთხე მიკრო რაიონში, თუ რაიმე არ გაიხსნა და რაიმე საზეიმო ღონისძიება არ ჩატარდა?! ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ გვაქვს თბილისში უბნები გარეუბნებში, სადაც არც ერთი მერი არ არის ნამყოფი და ეს არც არის აუცილებელი, უბრალოდ, სისტემა უნდა იყოს ისე აწყობილი, რომ ამ ხალხის ხმა მიდიოდეს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში და თბილისის უმთავრესი პრობლემა არის, რომ უაღრესად ცენტრალიზებული მმართველობა გვაქვს. მაინც ძირითადი პროექტები ხორციელდება თბილისის ცენტრში და გარეუბანში არის პატარ-პატარა პრობლემები, რომელიც რამდენიმე ათეული მოსახლის, რამდენიმე ასეული ადამიანს ეხება, ასეთი პროექტები რჩება ყურადღბის მიღმა. ადგილზე კი არის რაიონები, თუმცა გამგებლები არიან დანიშნულები, რაც ნიშნავს, რომ ისინი ანგარიშვალდებული არიან არა მოსახლეობის წინაშე, არამედ მერის წინაშე და მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ მაინცდამაინც. პირველ რიგში, ცდილობენ მერს ასიამოვნონ და მერის დავალებები შეასრულონ, ამიტომ აქაც იკარგება მთავარი, რაც არის თვითმმართველობაში - ეს არის მოსახლეობის ხმა. თვითმმართველობა ფუნქციონირებადი არის მაშინ, როდესაც ის ასრულებს მოსახლეობის დაკვეთას, ანგარიშვალდებულია ადგილობრივი მოსასლეობის წინაშე. ეს არის დაკარგული ჩვენთან,
- კარგი არაფერი კეთდება?
- კარგი ბევრი რამ კეთდება, კომუნისტების დროსაც უამრავი კარგი კეთდებოდა. ნაცისტური გერმანიის დროსაც ქვეყანაში უამრავი კარგი კეთდებოდა. იმათ დაგებულ გზებზე დადის დღესაც ნახევარი გერმანია. კარგი როგორ არ კეთდება, მაგრამ ეს კარგი ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს. ბევრად მეტად უნდა იყოს მორგებული თანხების ხარჯვა მოქალაქეების ინტერესებზე, იმიტომ რომ სახელმწიფოს ფული იხარჯება ჩინოვნიკების შეხედულებისამებრ და არა მოქალაქეებს რა აწუხებთ იმ ინტერესების მიხედვით. თვითმმართველობის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. შეუძლებელია კახი კალაძეს, რაც არ უნდა უნდოდეს, მილიონიან ქალაქში მილიონივე ადამიანის ინტერესი გაითვალისწინოს. ამიტომ არსებობს ეს პატარ-პატარა თვითმმართველობები, რომელსაც დიდი უფლებამოსილებები არ აქვს , მაგრამ რაც კონკრეტულ დასახლებაშია იმ ადგილობრივ პრობლემებს აგვარებენ და იმ ადამიანების წინაშე არიან ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებელი, იმ ადამიანის არჩევანზე არიან დამოკიდებული, მომავალში დარჩებიან თუ არა თანამდებობაზე და ცდილობენ გაითვალისწინონ ამ ხალხის ინტერესი. ასე მუშაობს ნორმალური სისტემა.

საკრებულო

ბორჯომში მოხდა შემთხვევა, როდესაც საკრებულო და მერი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საკრებულომ პრაქტიკულად გაჭედა მერიის მუშაობა და მერე დაშალეს საკრებულო. საკრებულოს საკმაო უფლებამოსილებები აქვს ბიუჯეტის დამტკიცების, მუნიციპალიტეტში ქონების განკარგვის წესების, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების თუ ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შემუშავების კუთხით და ა.შ. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპლიტეტშტი ნორმატიული აქტის გამოცემის, ანუ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში მყოფ საკითხებზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის წესების დადგენა შეუძლია მხოლოდდამხოლოდ საკრებულოს. მერი ვერ დაადგენს, როგორ უნდა განკარგოს ქონება, ეს უნდა დაუდგინოს საკრებულომ.  მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მერს კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მერი საკრებულოს საქმიანობაში ვერ ჩაერევა.  საკრებულოები თუ არ იჩენენ შესაბამის პრინციპულობას და არ აქვთ სურვილი რომ მერთან კონფლიქტში შევიდნენ და მისი საქმიანობა გააკონტროლონ, ამას კანონი ვერ დაარეგულირებს. ეს პოლიტიკური კულტურის თემაა. ყველა სფეროში - ბიუჯეტის დამტკიცებაა, ქონების განკარგვაა, თუ გასხვისება, შეძენა ქონების, ქალაქის დაგეგმარება, გენგეგმის გაკეთება, სივრცითი განვითარება, ყველაფერი ეს ხდება მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.

საკრებულოს აქვს შესაძლებლობა გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების საქმიანობა. თბილისში საერთოდ ამტკიცებს თბილისის მთავრობის წევრებს და ბოლო ბოლო უნდობლობაც კი შეუძლია გამოუცხადოს მერს, ასე რომ, თუ კანონს ჩავხედავთ საკრებულოს უფლებამოსილებები ძალიან მაღალია. საკრებულოები წუწუნებენ, რომ უფლებამოსილება აკლიათ, მერები წუწუნებენ, რომ საკრებულოს გარეშე ვერაფერს აკეთებენ. ეს ნიშნავს, რომ, ურთიერთკონტროლის მექანიზმი კარგადაა გაწერილი და მუნიციპალიტეტის  უკონტროლოდ მართვის ბერკეტები არც ერთ ორგანოს არ აქვს. უბრალოდ, ამას უნდა პოლიტიკური ნება რომ ამუშავდეს. ჩვენ კიისევ საბჭოთა სისტემაში ვართ, ჩვენი საკრებულოები რაიკომებადაა ქცეული, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს კი არ ემსახურებიან და თვითმმართველობის ფუნქციას კი არ ასრულებს, არამედ პირვე რიგში ანაგარიშს უწევენ იმას, თუ პარტიაში რა დავალებას მისცემენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები

2013 წელს, როცა თვითმმართელობის კოდექსი დაიწერა, მასში ჩაიდო ვალდებულება, რომ  2016 წლისთვის გამიჯნულიყო უფლებამოსილებები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის, მათ შორის კულტურის სფეროში - რა იყო ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლები, რა  საერთო სახელმწიფო მნიშვნელობის. იგივე უნდა მომხდარიყო თეატრებთან და კულტურის სხვა ობიექტებთან მიმართებაში. ეს გამიჯვნა გაკეთებული არ არის. ყველაფერი ცენტრალიზებულადაა დატოვებული სამინისტროს დონეზე.  ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს წლებია კულტურის სფეროში, იმისთვის რომ ეს ჩვენი მემკვიდრეობა შეინარჩუნონ, მაგრამ არასწორი სისტემის პირობებში, ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს. რატომ არის პატარა სახლმუზეუმი რომელიმე სოფელში, თბილისიდან სამართავი და მოსავლელი და რატომ არის ეს თბილისში მჯდომი ჩინოვნიკისთვის უფრო ძვირფასი, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის? ამაზე პასუხს ვერავინ იძლევა.აი, ეს გაუმიჯნაობა ქმნის პრობლემას, რომ ყველაფერი პირველხარისხოვანი, მეორეხარისხოვანი და მეხუთეხარიხოვანიც არის სამინისტროს გასაკეთებელი. პრობლემა იმაშია, რომ ის შეიძლება იმ პირველხარისხოვანს აკეთებს, თუმცა იქაც კი პრობლემებია, აგერ მაგალითისთვის გელათი და ახლა მესამე და შემდეგხარისხოვან ძეგლებზე როგორი იქნება მდგომარეობა?! ჩემი აზრით, თბილისს და სხვა მუნიციპალიტეტებს უნდა გადმოეცეს უმრავლესი ობიექტებისა, რომლებიც ადგილობრივი მნიშვნელობის არის. ადგილობრივები უკეთ შეძლებენ მის მოვლას და ამ ძეგლებისთვის ფუნქციის მოძებნა.

- მთავარი რეკომენდაცია?

- უპირველესად, უნდა გაიმიჯნოს უფლებამოსილებები მკაფიოდ. ქონება უნდა გადაეცეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი იყო, თბილისიდან წავიდა და სპორტული სკოლა გააკეთა ერთ - ერთ მუნიციპალიტეტში. გაოცებული იყო, შენობა დგას, ინგრევაო, ბავშვები შეიძლება დაზარალდნენო და მუნიციპალიტეტი არაფერს აკეთებსო. ვეკითხები ეს შენობა ვისი საკუთრებაა? არ ვიციო, აღმოჩნდა რომ ყოფილი კინოთეატრის შენობაა, რომლიც ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება შევიდეს, რეაბილიტაცია ჩაუტაროს და ფული დახარჯოს ქონებაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, იმიტომ რომ ამას შემდეგ კონტროლის პალატა ჩაუთვლის არაკანონიერ ხარჯად. ის ადამიანი სწორი იყო, აგერ პრობლემა, აგერვე არის ხელისუფლების ორგანო, ყველაზე ახლოს ჩემთან, ერთ ქალაქში ვსხედვართ და არაფერს აკეთებს ამ პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ სისტემა არ იძ₾ევა ამის საშუალებას. ამიტომ, უნდა გადაეცეს ქონება მუნიციპალიტეტებს, უნდა მოხდეს ფინანსური დეცენტრალიზაცია მიწა უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს.

წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა საქართველოში, ნახევარ მილიონ ჰექტრამდე მიწა არის ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში. აქედან შემოსავალი არის მილიონ ნახევარი ლარი, 2019 წლის მონაცემია ეს, თუმცა მეეჭვება გაზრდილიყო. მაგალითად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი რომ ავიღოთ, იქ მიწის ნაკვეთები არის მუნიციპალურ საკუთრებაში, რომლის გასხვისებაც მოხდა და იხდიან ადგილობრივ გადასახადს - 5 მლ შემოდის.1 % არა აქვს დედოფლისწყაროს იმ მიწისა, რაც აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ სამჯერ მეტ შემოსავალს იღებს. შეუძლებელია, ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სამმართველში ექსელის ცხრილებში რომ აქვთ ჩამონათვალში მიწის ნაკვეთები, კაცისშვილმა რომ არ იცის ეს ათასობით მიწის ნაკვეთი როგორია, რაში შეიძლება გამოიყენო, რანაირად უნდა განკარგო. ვერც ერთი ჩინოვნიკი და სამინისტრო ვერ შეძლებს 24 ათასი მიწის ნაკვეთი მართვას, ვერასდროს ამას ყურადღებას ვერ მიაქცევს. ამ პირობებში აბსურდია მიწის ოპტიმალურად მართვა.

როდესაც დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიას აკეთებდნენ ბევრი ვიჩხუბეთ და ბოლოს ეკონომიკის სამინისტრო მოვიდა და თქვა 300 კვ. მეტრამდე არსებულ ნაკვეთებს გადავცემთო, ჯამში კი გამოდიოდა რამდენიმე ათასი ნაკევთი, მაგრამ რომ დავიანგარიშეთ, სადღაც მათ ხელთ არსებული მიწის ფართობის 0,1 % ის გადაცემაზე იყვნენ თანახმა. უბრალოდ ეს ქონება უჭირავთ, პოლიტიკური ნება არ არის რომ გაუშვან ხელიდან იმიტომ რომ ძალაუფლების ერთ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. თუ მთელი ქონება ჩემს ხელთაა, ჩემი გადასაწყვეტია ვის მივყიდო, რა ფასად, ან საერთოდ უფასოდ გადავცე და ა.შ. ე.ი. ეს არის კიდევ ერთი დამატებით ინსტრუმენტი რომელიც შემიძლია გამოვიყენო მოქალაქესთან ან ბიზნესმენთან ურთიერთობაში, მისი ლოიალობის მიღწევის მიზნით. მაგაზე ვლაპარაკობ, თორემ 1997 წელს მივიღეთ პირველი თვითმმართველობის კანონი. რა ეწერა იცით? მთავრობას დაევალა ერთ წელიწადში წარმოადგინოს ქონების და ფინანსების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილება. გავიდა უკვე 27 წელი. 27 წელია პერმანენტულად ვიღებთ თვითმმართველობის კანონს, და ყოველთვის ერთიდაიგივე იწერება, დაევალოს მთავრობას წარმოადგინოს ქონების და ამის და იმის გამიჯვნის შესახებ შეხედულებები და ა.შ.

ბუნებრივი რესურსები

ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები უნდა გადაეცეს თვითმმართველობებს. გამაგებინეთ , წყაროს წყალი რომ მოდის , საიდანაც მოსახლეობას წყალი აქვს გამოყვანილი, ის რატომ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში და არა ადგილობრივის? უკეთ მოუვლის? ტყუილია, საერთოდ არ იცის მისი არსებობა. კომუნისტების დროსაც კი არსებობდა საკოლმეურნეო ტყეები. ვინმემ შეისწავლოს, რა მდგომარეობაა მოსახლეობის შეშით მომარაგების კუთხით. თბილისში ზის ვიღაც ჩინოვნიკი და იმან უნდა გამოწეროს ონის რაიონში გიორგი ლებანიძეზე 5 კუბური მეტრის შეშის მოჭრის შესახებ ბილეთი, რატომ? იცის ახლა იმან,  ვის სჭირდება ეს შეშა, ვინ არის ეს კაცი, რომელ მოსახლეს რამდენი ჭირდება?  რა თქმა უნდა არა, აბსურდია ეს ყველაფერი და შედეგს ვიღებთ, ვისაც სჭირდება იმას შეშა არ აქვს და ვისაც არ სჭირდება იმას მისდის ეს ბილეთი, ან ეს რაოდენობა არ ჰყოფნის. გადაწყვეტილებას ვინც იღებს წარმოდგენა არ აქვს, ვინ არიან ეს ადამიანები, ვიზე წერს ამ ბილეთს, და ა.შ. და ასე არის ყველა საკითხში.

ავტორი: ესმა ონიანი

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way