USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
თავისუფლების სიმბოლო ზურაბ ჭავჭავაძე
дата:  5017

 1953 წლის 5 თებერვალს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი, 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი- ზურაბ ჭავჭავაძე.

ზურაბ ჭავჭავაძე საქართველოს ისტორიაში შევიდა ერის მოყვარული გმირის სახელით, მისი ერისადმი სიყვარული გამოხატულია ყველა მის ნაბიჯში. არ მოვყვებით ზურას შესახებ გრძელ ისტორიას, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას უნდა ახსოვდეს მისი და მამამისის ნიკო ჭავჭავაძის მოღვაწეობა.  მოვიყვანთ საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან და თქვენით განსაჯეთ, ვინ იყო ზურა ჭავჭავაძე..

1970-ანი წლების მიწურულს ზურა თავს ანებებს სპეციალობით მოღვაწეობას და იწყებს პატრიარქის რეფერენტად მუშაობას, მოგეხსნებათ იმ ავბედით წლებში ეს როგორი რთული ნაბიჯი იყო. ზურამ მოახერხა და 1979 წელს პატრიარქი რომის პაპს იოანე პავლე მეორეს შეახვედრა, მაშინ როდესაც რუსეთის პატრიარქი, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ ახერხებდა ამას. სწორედ ზურა და ნიკო ჭავჭავაძეების ორგანიზებით მოხდა 1979 წელს ხალხის გამოყვანა ქუჩაში, როდესაც კომუნისტურმა რეჟიმმა დააპირა ქართული ენის- როგორც სახელმწიფო ენის  ამოღება კონსტიტუციიდან.

„ზურა იყო კრისტალურად სუფთა, თავდადებული იდეალების მაძიებელი კაცი“,- იტყვის მასზე  გია ბუღაძე.

 1987 წლის 31 ოქტომბერს ზურამ მერაბ კოსტავასთან და თამარ ჩხეიძესთან ერთად დააფუძვნა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ეროვნულ- პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“,  რომლის ლიდერიც გახდა 1988 წელს, გიორგი ჭანტურიას მომხრეთა განცალკევების შემდეგ. ზურა ზომიერ, ლიბერალურ პოზიციებს იზიარებდა და ამის გამო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა  ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან- ზვიად გამსახურდიასთან, გია ჭანტურიასთან. ზურა აქტიურად იყო ჩართული აფხაზ და ოს ხალხთან მოლაპარაკებებში; სოხუმსა და ცხინვალში იგი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. სოხუმში მიტინგზე გამოსვლისას 1988 წლის 3 დეკემბერს  მან აფხაზურ ენაზე მიმართა ხალხს-„არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულ  პრობლემას და პირიქით.“

ზურამ მოახერხა ასევე ოსური მოძრაობის „ადამონ ნიხასის“ ლიდერთან ალან ჩოჩიევთან მშვიდობიანი დიალოგის წარმართვა , რომლის შედეგადაც „ადამონ ნიხასმა“ და „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ“  ოსი და ქართველი ხალხისადმი ერთობლივ მიმართვას მოაწერეს ხელი.

„დღეს, როდესაც შიშის დათესვის მეშვეობით ცდილობენ ჩვენს ურთიერთიზოლაციას, კი არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის, არამედ პირიქით უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტები და ვეძებოთ ის, რაც საერთო გვაქვს ერთმანეთთან, ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულია ჩვენი ხალხების საერთო მტერი.“- ნათქვამი იყო მიმართვაში.

აი რას ამბობს დათო ტურაშვილი ზურაბ ჭავჭავაძეზე:

„საქართველოში რომ ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა, ამას თვითონ ზურას თვისებები განაპირობებდა, რადგან ის იყო ჭკვიანი და განათლებული, კეთილშობილი და ლამაზი კაცი, თანაც ჭავჭავაძე. ასეთები კი, მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში არ უყვართ და მითუმეტეს მაშინ, როცა ისინი უმრავლესობას არ ეთანხმებიან და მაინც ჯიუტად არიან მშვიდობის და არა ომის მომხრე. ზურა ჭავჭავაძე კი ყოველთვის იყო მშვიდობის მომხრე და ყოველთვის სჯეროდა, რომ არცერთი ადამიანი არ იქნება ჩვენი მტერი, თუ ჩვენ მათ მოვუსმენთ და იმის გაგებასაც შევეცდებით, რაც მათ აწუხებთ. ჩვენ კი მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით ჩვენ რა გვაწუხებდა, რა პრობლემები გვქონდა (მხოლოდ ჩვენ) და სასწრაფოდ გვინდოდა ყველა პრობლემის მოგვარება, დაუყონებლივ გვინდოდა საქართველოსაგან შვეიცარიის შექმნა. ზურაბ ჭავჭავაძეს კი არ მოსწონდა ჩვენი სულსწრაფობა, აჩქარება და მოუთმენლობა. ამიტომაც ზურაბ ჭავჭავაძე  თითქმის ერთადერთი იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის, ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მართლა ცდილობდა ისეთი ურთიერთობის მიღწევას, ომსა და სისხლისღვრას რომ აგვაცილებდა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ, რადგან თბილისში მრავალათასიან მიტინგზეც კი სრულიად სხვა აზრები და მოწოდებები ისმოდა არაქართველების გასაგონად. უცნაურია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა ზურა ჭავჭავაძე ფრაზას, რომელსაც ახლაც არ დაუკარგავს აზრი და მნიშვნელობა. „სინამდვილეში ვერავის ვაიძულებთ ჩვენთან ერთად იცხოვროს ერთ ჭერქვეშ და გამოსავალიც ერთადერთია- შევქმნათ სხვებისთვის მიმზიდველი სახელმწიფო“.

 „ზურას ქონდა უცნაური სიმშვიდე , თავის თავის ფლობა , საოცრად მთლიანი პიროვნება იყო, არასოდეს მე არ მინახავს ვინმეს მიმართ გაღიზიანებულიყო, არა/და კარგა ხანს მომიწია მე იქ ყოფნა. თავის აზრს იტყოდა ხოლმე და სხვაზე მეტს არ ლაპარაკობდა, მშვიდი იყო იმიტომ, რომ ძალიან რელიგიური იყო. ილიას იდეებით უნდა ყოფილიყო განსჭვალული ეს საზოგადოება, იქ შეუძლებელი იყო მაკიაველიზმის ნატამალიც დატრიალებულიყო, იმიტომ რომ ყველა ხერხი თუ გამართლებულია მიზნის აღსასრულებლად, ზურა იქ არ იყო და ყველაზე მეტად ეს მხიბლავდა მასში. მაშინვე გამომჟღავნდა, რომ რაკი მიზანი ძალიან ამაღლებული და სუფთა იყო, არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდებოდა არაწესიერი გზებით ცხოვრებას. მე არასოდეს არ დამიმალავს, რომ ზურა ყველაზე სუფთა და სპეტაკ კაცად მიმაჩნდა.“ ასე ახასიათებდა მას ოთარ მეღვინეთუხუცესი.

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომელსაც მერაბ კოსტავა ემსხვერპლა, ზურა ჭავჭავაძეც დაშავდა, თუმცა გადარჩა. იგი 69-ე დღეს გარდაიცვალა საავადმყოფოში ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი.“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელს  ზურას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

დასასრულს მოვიშველიებთ ზურას ბაბუის- დაღესტნის გენერალ-გუბერნატორი დიდი ნიკო ჭავჭავაძის ფრაზას „თუ გინდა მართო ერი, თვით ერი უნდა გიყვარდეს“.

ოთარ იმნაიშვილი

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати