ტატუს ისტორია 6000 წლის წინ დაიწყო და მის მიერ განვლილი გზა იმ ადამიანებივით მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომლებიც სხეულზე მოხატულ ტატუს ატარებდნენ. სიტყვა “ტატუ”, წარმოშობის თვალსაზრისით, ორი ვერსიით განიხილება – ერთია, პოლინეზიური სიტყვა “ტა”, რომელიც თავისი მნიშვნელობით “ჭრილობას” ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა “ტატაუ” მონიშვნას ნიშნავს.
ტატუ პირველად მოხსენიებულ იქნა ბრიტანელი კაპიტნის ჯეიმს კუკის დღიურში. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა გიზას პირამიდის შესწავლისას, სადაც ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს. ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება მემკვიდრეობით მიიღეს, შემდგომში კი ძველ ბერძნებსა და სპარსელებს ასწავლეს.
მოგვიანებით ტატუ ევროპაში გახდა მოდური, როდესაც ტაიტში მოგზაურობის შემდგომ კაპიტანმა კუკმა ევროპელებს ახალი გასართობი და თავშესაქცევი გაუჩინა. 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჯეიმს კუკმა მთლიანად მოხატული გვამი ჩამოასვენა, რომლის ტატუირებული სხეულის კადრებით ევროპელები განცვიფრებაში მოიყვანა. ამის შემდეგ მათ მონდომებით დაიწყეს სხვადასხვა სიმბოლით სხეულის მოხატვა.
ასევე არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ტატუირება ევროპელებმა ავსტრალიელებისგან ისწავლეს.
ტატუმ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში. სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა სწორედ იაპონელების შემოღებულია. ტატუს მომხმარებლები თავიდანვე დიდ დატვირთვას და თავისებურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხეულზე დახატულ ფიგურებს. მაგალითად, ინდიელები სხეულზე სალოცავ ტოტემებს გამოისახავდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ძალას მატებდა. ჩინეთში კი კანონდამრღვევებს შუბლზე სამ ხაზს ახატავდნენ, რათა ყველას გაეგო, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ.
დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ სხეულის მოხატვა განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებში. უამრავ ახალგაზრდას უჩნდება მძაფრი სურვილი, სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ საკუთარი სხეულის ნაწილად აქციოს. ამ გზით ისინი ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალურობას.
ტატუს მიმართ ასევე კეთილგანწყობილნი არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები. რა სახის ტატუებზე აკეთებენ ისინი არჩევანს? ზოგი სხვადასხვა ცხოველისა თუ მწერის გამოსახულებას ირჩევს, ცნობილი ციტატების წარწერას იკეთებს, ზოგიც ახლობელ ადამიანთა სახელებს ან ყოველი მომდევნო ქმრის ინიციალებს აქცევს სხეულის თანამგზავრად; ხშირად ქორწინების ან სხვა მნიშვნელოვან თარიღს იწერენ. ასევე მრავლად იყენებენ ვარსკვლავის, მთვარის, ანგელოზის, ყვავილის, ამულეტის, დელფინის, მულტფილმის გმირების, იეროგლიფების, გრაფიკული გამოსახულებების, აცტეკური და კელტური ტომებისათვის დამახასიათებელი სიმბოლოების ფორმებს.
სვირინგის გაკეთებას თავისებური რისკ-ფაქტორები გააჩნია სამედიცინო თვალსაზრისით. ვინაიდან ტატუირების პროცესი კანზე ზემოქმედებას და მის ზედაპირზე ფერების დატანებას უკავშირდება, ჯანმრთელობა ერთგვარი რისკის ქვეშ დგება, რადგან წარმოიქმნება ინფექციის შეჭრისა და ალერგიული რეაქციის საშიშროება. ტატუირებისას გამოყენებული ზოგიერთი კონკრეტული ფერის მიმართ სამედიცინო ჩანაწერებში მოიპოვება მასალები ორგანიზმის ალერგიული ფონის შეძენის ან გაზრდის შესახებ.
თანამედროვე სალონებში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, იყენებენ ერთჯერად ნივთებს, ხოლო იარაღებს ყოველი გამოყენების შემდეგ სტერილიზაციას უკეთებენ. წინააღმდეგ შემთხევაში, რისკი რეალური და სახიფათოა – ტეტანუსი, ჰერპესი, სტაფილოკოკი, სოკოვანი დაავადებები, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და აივ იფექცია.
მაჰმადიანური რელიგიის მიხედვით ტატუირება აკრძალულია. სუნიტების რწმენით, სხეულის მოხატვა ღმერთის ქმნილების ხელყოფაა და ამიტომ ტატუს გაკეთებას ცოდვად მიიჩნევენ. სხეულის მოსვირიგებას კრძალავს იუდაიზმიც. რაც შეეხება ქრისტიანობას, არაერთი მოძღვარი თავის მრევლს ურჩევს, რომ უმჯობესია, ღვთისგან ბოძებული სხეული ხელუხლებელი დატოვონ.
ტატუს მიმდინარეობები
განასხვავებენ ტატუს მიმდინარეობებს, მათ შორის:
ტრიბალი – ოკეანის სტილია და შესაბამისად, ამ სტილის ნახატებს ოკეანის ნაპირზე მცხოვრებნი იკეთებდნენ. მეკობრეებისა და მეზღვაურებისვის ეს ერთგვარი თილისმა და წარმატების სიმბოლო იყო.
ჩელტის სტილში ძირითადად კელტური ფიგურები ჭარბობს. მოგვიანებით, ინგლისშიც ფართოდ გავრცელდა.
ბიომექანიკური – ამ სტილის მიმდევრები სხეულზე ძვალს, ხერხემალს, მალებსა და გარღვეულ კანს იხატავენ, რაც მათთვის განსკუთრებულობასთან და ცხოვრების სხვანაირ ხედვასთან ასოცირდება.
ორიენტალი – უფრო კლასიკური სტილისაა და აღმოსავლურ ურჩხულს, თევზებს, წყლის სიმბოლოს, ყვავილებს, იეროგლიფებს, ვეფხვებს, ბუდისტურ სიმბოლოებს გულისხმობს. მის სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი, ლაოსი, ბირმა, ვიეტნამი, ბუტანი, ბრუნეი, ნეპალი, ინდოეთი და ფილიპინები ითვლება. ეს ის ქვეყნებია, სადაც ტატუს გასაკეთებლად მთელი მსოფლიოდან ჩადიან ადამიანები.
რეალიზმი – თანამედროვე სტილია. მისი თაყვანისმცემლები სხეულზე ადამიანების პორტრეტებს, ცხოველთა გამოსახულებებს, გველებს იხატავენ. მათი რწმენით, განსაცდელის დროს ტატუს სული ეხმარებათ.
ტრადიცია – ამ სტილის მოყვარულებს გულების, სახელების, ხმლების, ყვავილების, იარაღის, ბანქოზე გამოსახული ნახატების გამოსახვა იზიდავთ. ასევე ნახევრად კომიკურ პერსონაჟებს იხატავენ. რაც, ერთი მხრივ, მათ აზარტულობას უსვამს ხაზს და იმავდროულად გაუმართლებელ სიყვარულსა და გატეხილ გულთან ასოცირდება.
ფანტაზია – არარეალური არსებების, ჯადოქრობის, ამფიბიების, ბოროტი სულების, ჩონჩხების, ღამურების უპირატესობას აღიარებს. ასეთი ნახატების გაკეთების მსურველი ადამიანები საზოგადოების მიმართ აგრესიულები არიან. ამ მიმდინარეობის სამშობლო ეგვიპტეა.
ქართველი ახალგაზრდები, ძირითადად ჩინურ და იაპონურ თემატიკას მისდევენ. ქართველ მომხმარებლებისთვის ტატუს გაკეთების მიზანი ერთგვარი მოდის აყოლაა.
Tattoo როგორც სხეულის მოხატვის ხელოვნება
ტატუ – ეს არის სხეულის მოხატვის ხელოვნების BODY ART-ის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა. ის არსებობს უბრალოც და ისეთიც, რომელიც ხელოვნების ნიმუშად ითვლება. თუმცა ხელოვნების ნებისმიერი გამოვლინება სულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ამიტომ ერთი და იმავე ნამუშევარს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს.
საინტერესოა ფროიდის მოსაზრება ტატუს შესახებ. ფროიდი წერდა, რომ ადამიანები იმკობენ საკუთარ სხეულს არარეალიზირებული სექსუალურობის გამო. ფსოქოლოგები რაღაც ნაწილში ეთანხმებიან მას.
თუმცა, ტატუირებას იკეთებენ ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები განსხვავებული მიზნებისათვის.
ფსიქოლოგები გამოყოფენ 5 უმთავრეს მიზეზს, თუ რატომაც უჩნდებათ ადამიანებს ტატუს გაკეთების სურვილი. ეს არის თვითგამორკვევა, დამოკიდებულება თავიანთ შეხედულებებთან. (რელიგია, პოლიტიკა, სპორტი, ხელოვნება და ა.შ) კომპლექსებისგან გათავისუფლება, კანის დეფექტების შენიღბვა და სოციალური სტატუსის დადასტურება.
სულ სხვა დატვირთვა აქვს ტატუს საქართველოში, სადაც შეიძლება ითქვას, ყველაფერი არაქართული და არატრადიციული გარყვნილებად, უხამსობად და მიუღებლად მიიჩნევა. სხვადასხვა მიზეზით საზოგადოებაში მასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს. თუმცა ასეთი განწყობის მიუხედავად ახალგაზრდებში ტატუს დახატვის მსურველთა რაოდენობა იზრდება.
ყველა ნახატს თავისი დატვირთვა და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როგორც ტატუს ოსტატები აღნიშნავენ, ქართველი კლიენტები ნახატების შინაარსზე ყურადღებას იშვიათად ამახვილებენ. ასევე არსებობს ცრურწმენა, რომ ტატუ ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება. როგორც საქართველოში ყველაზე ცნობილმა ტატუს ოსტატმა, ირმა ასკურავამ განაცხადა. რომ ეს ყველაფერი თვითდაჯერებაა და ადამიანს უარი არ უნდა უთხრა, როცა იგი დარწმუნებულია, რომ ტატუს გაიკეთებს და ეს მას წარმატებას და პოზიტიურ ენერგიას მოუტანს. მისი თქმით, უმრავლესობა მართლაც დიდი ენთუზიაზმით იკეთებს ტატუს, იმედი აქვთ და სჯერათ კიდეც, რომ მათ ცხოვრებაში რაღაც შეიცვლება, ახალი ეტაპი დაიწყება და ეს მათთვის წარმატებების მომტანი აღმოჩნდება.
ტატუს ხელოვნებასთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო ფაქტებიც. მაგალითად ადამიანი, რომელსაც სხეულზე ყველაზე მეტი ტატუირება აქვს გაკეთებული, პატარა ქოხში განდეგილად ცხოვრობს. ესაა ინგლისელი Tom Leopard, რომელმაც სამხედრო სამსახურში 28 წელი იმსახურა, შემდეგ მიხვდა, რომ ცივილიზაციაში ნორმალურად არსებობა აღარ შეეძლო და ლეოპარდად გადაქცევა გადაწყვიტა. ტატუირებაზე მან 10000 დოლარი დახარჯა და ეშვებიც კი ჩაისვა, რათა ლეოპარდს უფრო მეტად დამსგავსებოდა. სამაგიეროდ, გინესის რეკორდების წიგნმა მას ეს ”შრომა” დაუფასა და მსოფლიოში ყველაზე მეტი ტატუიერების მქონდე ადამიანად დაასახელა.
2008 წლიდან კი ეს სტატუსი უკავია ავსტრალიელ Lucky Diamond Rich-ს რომელსაც სხეული 100% აქვს მოხატული, მათ შორის ქუთუთოებიც, თითებს შორის ადგილი და ყურების შიდა მხარეც. ამჟამად ის დამატებით იკეთებს თეთრ გაფორმებებს შავ ტატუირებაზე და შემდეგ უკვე სხვადასხვა ფერს თეთრზე.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტატუს გაკეთების იდეა კი ეკუთვნის ცნობილ, სამხრეთ აფრიკელ იუველირს, Yair Shimansky-ს. ეს სილამაზე მოდელ Minki van der Westhuizen-ს ამშვენებს. პროცედურა 8 საათი მიმდინარეობდა და სულ 612 ბილიანტისგან შედგება, თითო კი ნახევარ კარატიანია.
გამოყენებულ იქნა სპეციალური წებო, რათა ბრილიანტები სამუდამოდ არ დარჩენილიყო მის ტანზე და შეძლებოდათ მისი მოხსნა. ეს იყო მარკეტინგული ნაბიჯი რომელიც ემსახურებოდა Shimansky-ის ფირმის საიუველირო ნაწარმის რეკლამას და მის კიდევ უფრო წინ წაწევას შეძლებული კლიენტებისთვის. ამ მდიდრული ტატუს ღირებულება მთლიანობაში 924,000 დოლარია.
ტატუირება ასევე პოპულარულია მსოფლიოს თითქმის ყველა ციხეში. მათ შორის ფილიპინებში, მანილასთან ახლოს მდებარე New Bilibid-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სხეულის ამგვარი მოხატვა აკრძალულია, თუმცა პატიმრები იმპროვიზაციის წყალობით მაინც ახერხებენ სასურველი ტატუს გაკეთებას.
ციხეში, რომელშიც მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსაჯვრდებული პირები იხდიან სასჯელს, ტატუ კრიმინალური კლანების ერთგვარი საფირმო ნიშანიცაა. ყოველ კრიმინალურ ჯგუფს საკუთარი სიმბოლოები გააჩნია. იმისათვის, რომ ესა თუ ის პატიმარი კლანის სრულუფლებიან წევრად ჩაითვალოს, მან საკუთარი სხეულის მოხატვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.