USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა
თარიღი:  

ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა, რაც ამ დაცულ ტერიტორიაზე პოპულაციის აღდგენისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

დათევზიანების პროცესში მონაწილეობას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე იღებდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების აღდგენა, დაცვა და შენარჩუნება.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას სხვადასხვა ტერიტორიაზე და ეს თუ სხვა ანალოგიური პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს სახეობების ხელოვნურად მოშენებას და გამრავლებას, მანამდე გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იარსებებს”, - განაცხადა იური ნოზაძემ.

დათევზიანების პროცესში მონაწილეობას ასევე იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა.

შიდა ქართლში ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მრავალფეროვნებით. მდინარეების დათევზიანების ღონისძიება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან ერთად, ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე უკვე მეორედ განახორციელა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის