USD 2.7113
EUR 3.1565
RUB 3.4660
Тбилиси
თანამედროვე კულტურა და მოდა ფარაჯანოვის გავლენის ქვეშ
дата:  2953

9 იანვარს შესრულდა 97 წელი სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან.

სპეციალურად საიტისათვის Vogue.ua ფარაჯანოვის შემოქმედების მკვლევარი ვერონიკა ჟურავლიოვა გვიამბობს, თუ რა როლი ითამაშა მოდამ მის შემოქმედებაში და რა გავლენა მოახდინა მისმა ხელოვნებამ თანამედროვე პოპ-კულტურაზე-დაწყებული მადონათი და დამთავრებული ლედი გაგათი.

სერგო ფარაჯანოვი უნიკალური რეჟისორია-„მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებისა“ და „ბროწეულის ყვავილის “ ავტორი, ეპატაჟური ხელოვანი, „შესანიშნავი, მაგრამ აუტანელი“. მისი კოსტიუმები კინოსა და რეალურ ცხოვრებაში ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. ის მიმართავდა ლილი ბრიკისა და 80-იანი წლების კინოვარსკვლავთა ჩაცმულობის სტილიზაციას, ივ-სენ ლორანს ჩუქნიდა თავისი ესკიზების ალბომს და აფერადებდა ქოლგებს ფრანსუაზა საგანისათვის. თანამედროვე არტისტებმა გადმოიღეს მისი საავტორო სტილი-რეჟისორ ტერსენ სინჰის ახალი კლიპი ლედი გაგას მონაწილეობით პრაქტიკულად მთლიანად მისი ზეგავლენით არის შექმნილი.

1965 წელს ეკრანებზე გამოდის ფილმი-„მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, რომელმაც ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამ ფილმში მსახიობებმა შეძლეს უზადოდ განესახიერებინათ პერსონაჟთა ჭეშმარიტი გრძნობები და განცდები. ასეთივე ჭეშმარიტი და ნამდვილია პერსონაჟთა კოსტიუმები, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტექსტილი, ავეჯი თუ ჭურჭელი. გუცულების (უკრაინელების უმცირესობა, რომელიც კარპატებში ცხოვრობს) გარეგნული იერისა და ყოფის გაცოცხლებაში რეჟისორს ეხმარებოდა კოსტიუმების მხატვარი ლიდია ბაიკოვა. იმისათვის, რომ მაყურებელს ეჭვმიუტანლად ერწმუნა ეკრანზე ნანახი, უმაღლესი კლასის პროფესიონალმა ლიდია ბაიკოვამ გასწია კოლოსალური სამუშაო- მან იმოგზაურა გუცულების მიყრუებულ სოფლებში და თავი მოუყარა ქსოვილისა და ფაქტურის, ქარგის, ვერცხლეულის და სხვა აქსესუარების განუმეორებელ ანსამბლს. კინოფილმისათვის „ბროწეულის ფერი“ (თავდაპირვანდელი სახელწოდება „საიათნოვა“) ფარაჯანოვი წერს საავტორო სცენარს, რომელშიც უკვე მოხაზულია მთავარ პერსონაჟთა კოსტიუმები. ეს არის დეტალების, აქსესუარებისა და სხვადასხვა ეპოქის ფასონების არაჩვეულებრივი ნაზავი.

გადაღებებისათვის შეიძინეს სომხური ვერცხლის ქამრები და სხვა აღკაზმულობანი, საეკლესიო ცხოვრების ამსახველ სცენებში გამოყენებულ იქნა ავთენტური ნივთები. ნადირობის სცენაში მეფის ასულ ანას კოსტიუმში ფარაჯანოვი ერთმანეთს უხამებს ზამშისა და კარაკულის სხვადასხვა ფერებს: მარგალიტისფერ-ნაცრისფერიდან დაწყებული გრაფიტულის ჩათვლით. ქალიშვილს ამკობს კაბის ფერთან შეხამებული ბუმბულებით გაწყობილი თავსაბურავით . წითელი ხავერდისა და შავი კარაკულის ნაზავი გამოხატავს გმირის შინაგან მდგომარეობას პოეტთან სასიყვარულო დიალოგის სცენაში და მოწოდებულია იმისათვის, რომ გააცოცხლოს მიჯნური აშუღის ის სტრიქონები, რომლებიც საფუძვლად უდევს აღნიშნულ სცენას: „ შენ ხარ ცეცხლი, კაბა შენი ცეცხლია“.

ცხოვრება და მოდა

ცხოვრებაში ფარაჯანოვი იყო ნამდვილი კუტურიე, ქმნიდა მისთვის საინტერესო ადამიანების ვიზუალურ იმიჯს. ერთხელ ფარაჯანოვის მორიგი მოდური პერფორმანსის სახე გახდა ლილია ბრიკი. იმიჯის შესაქმნელად ფარაჯანოვმა იგი შემოსა ივ-სენ ლორანის სტილიზებული კაბით, ყელსახვევითა და სამკაულებით. [მსახიობი მოხვდა ლილიანა პლოტნიკოვას ობიექტივში] მეგობარმა ლილია აგაბაბაიანმა ფარაჯანოვს შეუკერა წითელი რომბებით გაწყობილი შავი ხავერდის საიმიჯო ხალათი, რომლითაც იგი წარსდგა ფილმის „აშიკ-ქერიბი“ პრემიერაზე 1988 წელს კიევში. ფარაჯანოვი და ივ-სენ ლორანი ფარაჯანოვს არ გაუმართავს საკუთარი კოსტიუმების გამოფენა, სანამ ასეთი გამოფენის მოწყობის სურვილი მას არ გაუჩინა აღსანიშნავმა მოვლენამ- 1987 წელს სანკტ-პეტერბურგში მოწყობილმა ივ-სენ ლორანის ექსპოზიციამ. ისინი ერთმანეთს ვასილი კატაიანმა გააცნო. ორი გენიის მეგობრობა გახვეულია ლეგენდის საბურველში. ერთ-ერთი ვერსიით კუტურიეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ ვინ იყო ფარაჯანოვი. მეორე ვერსიის მიხედვით კი ფილმის -„ბროწეულის ფერი“- კოსტიუმებით მოჯადოებულმა დიზაინერმა ფარაჯანოვს სთხოვა მისთვის დაეხატა ორი ესკიზი. საპასუხოდ რეჟისორმა ერთი ღამის განმავლობაში შექმნა ესკიზების მთელი ალბომი, რომელიც დღეს დაცულია ივ-სენ ლორანის მუზეუმში პარიზში.

მადონა

სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ, 1995 წელს მადონა უშვებს თავის მეექვსე სტუდიურ ალბომს «Bedtime Stories». ამ ალბომის მთავარ სიმღერაზე მუსიკალურ ვიდეოს იღებს მარკ პომანეკი, რომელიც მასში იყენებს სიმბოლოებს ფარაჯანოვის სურათიდან“ბროწეულის ფერი“ და ანდრეი ტარკოვსკის კინოფილმებიდან „ სტალკერი“ და „ნოსტალგია“.

2020 წლის სექტემბერში შედგა ლედი გაგას კლიპის მსოფლიო პრემიერა, რომელიც შეიქმნა მის კომპოზიციაზე „911“. მუსიკალურ ვიდეოში გამოყენებულია ციტატები მსოფლიო კინოს შედევრებიდან: ჩილელი რეჟისორის ალეხანდრო ხოდოროვსკის ფილმიდან „წმინდა მთები“, ფელინის „8 ½“, მაგრამ კლიპის მთავარი ინსპირაცია გახდა ფარაჯანოვის „ბროწეულის ფერი“. ლედი გაგას კოსტიუმებზე მუშაობდა დიზაინერების მთელი გუნდი ვარსკვლვის ფეშენ-დირექტორის ნიკოლა ფორმიჩეტისა და სტილისტის მარტა დელ რიოს ხელმძღვანელობით. კლიპის ავტორი ცნობილი ინდელი რეჟისორი ტარსენ სინჰია. ეს არის ფარაჯანოვის სტილისტიკით შექმნილი მისი პირველი ნამუშევარი. 2000 წელს ფილმში „გალია“ კოსტიუმების მხატვარ ლეგენდარულ ეიკო ისიოკასთან და ჯენიფერ ლოპესთან ერთად მან გააცოცხლა სერგო ფარაჯანოვის არაერთი სახე ახალი ავტორისეული გააზრებით.

თანამედროვე მოდა

სერგო ფარაჯანოვის მიერ შექმნილი კოსტიუმები კინოსა და ცხოვრებაში დღესაც არ კარგავენ აქტუალობას ფეშენ-დიზაინერებისთვის. „ფარაჯანოვის მიხედვით“ შექმნილი ყველაზე გამორჩეული კოლექციებით პუბლიკას წარუდგნენ დიზაინერები ულიანა სერგიენკო 2015 წელს, ანტონიო მარასი 2016 წელს და ბიჭოლა 2020 წელს.

 

წყარო: vogue.ua-ს მიხედვით მოამზადა დარეჯან ხვედელიძემ

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати