USD 2.8021
EUR 2.9142
RUB 2.8162
Tbilisi
თამაზ ჩხენკელი - ჩვენი პატრიარქი
Date:  268

ქრისტეშობის ღამეს, სამების საკათედრო ტაძარში გახმიანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. ამ სიტყვის ღეძი და ტონალობა შეუმცდარი სიზუსტით, ღრმა და ძლიერი აზრით არის აღბეჭდილი და ყოველმხრივ სანიმუშოა. ვფიქრობ, ეს მიმართვა სასკოლო სახელმძღვანელოებში უნდა იქნეს შეტანილი.

ილია მეორის კათოლოკოსად აღსაყდრების ორი თუ სამი თვის შემდეგ, სოლოლაკში ჩემი ბინის კიბესთან შევნიშნე მღვდელი, ვკითხე, ვინ გნებავთ-მეთქი. მე დამასახელა და შინ მოვიწვიე. მოსვლის მიზეზიც მამცნო: ხვალ 11 საათზე კათოლიკოსი გიბარებთო. შევშფოთდი, კათოლიკოსი? კი მაგრამ, მე არა ვარ ეკლესიური მორწმუნე და არც პირადად ვიცნობ უწმინდესს, რა საქმე უნდა ჰქონდეს-მეთქი ჩემთან? და აქ უცნაური პასუხი მივიღე: თქვენ არ იცნობთ, მაგრამ უწმინდესი გიცნობთო. ჩემი გაოცების და უხერხულობის გასაქარვებლად მშვიდად დასძინა: თქვენი წიგნების მეშვეობითო. მღვდლის შემოთავაზებაზე რა მეპასუხა, არ ვიცოდი. ერთხანს ვდუმდი, მერე შეცბუნებულმა ვუთხარი: მარტო ვერ მივალ, მერიდება, ერთი ღრმადმორწმუნე მეგობარი მყავს და თუ შეიძლება იმასთან ერთად მივიდე-მეთქი. გაეღიმა, კარგი, ხვალ დაგირეკავთ და პატრიარქის პასუხს შეგატყობინებთო. ასე და ამრიგად, დაბარებულ დღეს და საათზე მე და ზურაბ კიკნაძე ილია მეორესთან შევედით. იქ დაგვხვდა კოტე წერეთელი, რომელიც რაღაცას ცხარედ უმტკიცებდა პატრიარქს და ხშირად ახსენებდა შევარდნაძეს.

მარტონი რომ დავრჩით, წყნარ და ლმობიერ საუბარში კათოლოკოსმა გვითხრა: ახლა მაქვს შესაძლებლობა გამოვცე ბიბლიის ახალი თარგმანი და მინდა ამ საქმის შესასრულებლად მთარგმნელები მოვიხმოო. მე იქვე გავუმხილე პატრიარქს, რომ ზურაბ კიკნაძე ძველი ებრაულის მცოდნე იყო და დედანში კითხულობდა ძველ აღთქმას, რაც კათოლიკოსს დიდად ეამა.

იქიდან აღზნებულები გამოვედით. ზურაბისგან ვიცოდი, რომ ბიბლიის რუსულად თარგმნას ათი წელი მოანდომეს კიევის, პეტერბურგის და მოსკოვის სასულიერო ცენტრებმა, რომელთა ურთიერთშეჯერებას აგრეთვე ათი წელი დასჭირდა. ასეთი ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შედეგად გამოქვეყნდა რუსული ბიბლია. როგორც მერე გამოირკვა, ჩვენ უფრო მოკლე დროში უნდა ჩავტეულიყავით. დათქმულ დროს ილია მეორესთან გამოვცხადდით: ზურაბ კიკნაძე, ბაჩანა ბრეგვაძე, დათო წერედიანი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ნოდარ ებრალიძე და მე. ჩვენი წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ექვსივეს უნდა გვეთარგმნა სახარების ერთ-ერთი თავი, რათა განსხვავებული ვარიანტების მეშვეობით შეგვეჯერებინა თარგმანის ენისა და სტილის სხვადასხვა ასპექტები. კათოლიკოსთან შეხვდერის შემდეგ უნდა ავსულიყავით ჩემთან და უნდა დაგვეზუსტებინა თარგმანზე ერთობლივად მუშაობის გარემოებანი. მაგრამ ვითარება სხვაგვარად წარიმართა. პატრიარქმა დრო მკაცრ ჩარჩოში მოაქცია, თარგმანი ერთ წელიწადში უნდა შესრულებულიყო, რასაც ბაჩანას შესაბამისი განცხადება მოჰყვა: სახარებას მე ვთარგმნიო. შესაბამისი გადაწყევტილება იქნა მიღებული ძველი აღთქმის თარგმანზეც.

საქმიანი საუბარი მოთავებული იყო. ჩვენ ავდექით და ამ დროს პატრიარქმა გვკითხა, ბიბლია თუ გაქვთო. არაო, ხუთივემ უპასუხა. თქვენო, მე მკითხა. მაქვს-მეთქი (ბიძაჩემის, სტეფანე ჩხენკელის ნაქონი ბიბლიის ძველი გამოცემა მისი გარდაცვალების შემდეგ მე მაჩუქეს, ხოლო ოთხთავის უძველეს ქართულ თარგმანებზე მისი ოცწლიანი ნამუშევარი, ბიძაჩემის ზეპირი ანდერძის თანახმად, მის მასწავლებელსა და მეგობარს, აკაკი შანიძეს გადასცეს). პატრიარქმა ხუთიივე ჩემს მეგობარს წარწერით უბოძა ახლად გამოცემული და მაშინ ძნელად საშოვნელი რუსული ბიბლია და მე ხახამშრალი დავრჩი. მაგრამ ღმერთი მაღალია. ილია მოერეს დავემშვიდობეთ. მან კარებამდე მოგვაცილა. უკანასკნელი მე გამოვდიოდი, გასვლისას ხელზე ვემთხვიე და მაშინ მითხრა: გაქვთ, მაგრამ მე მაინც გაჩუქებთო. გულდაწყვეტილი არ დამტოვა. ეზოში ბიჭებმა ჩემს ხელში რომ დაინახეს ბიბლია, ეგ საიდანო!.. და მე მათ „ურჯულოებაში“ ვამტყუნებდი, მოქცევა არ იცით-მეთქი, და ისინი - დიდი ოხერი ხარო...

კათოლიკოს პატრიარქს გამორჩეული ვყავდი. მისი მოწვევით ორ, თუ სამ ბანკეტს დავესწარი, რაც მნიშვნელოვანი სასულიერო ჩინის მქონე ევროპელი სტუმრის საპატივცემულოდ იმართებოდა. ამავე ბანკეტებს ესწრებოდა მარიკა ლორთქიფანიძე, და თუ არ მომეჩვენა, ერთხელ სახეზე გაოცება შევატყვე, რაც სულ არ იყო მოულოდნელი, რადგან საზოგადოების თვალში ჩემი იმიჯი პირწმინდად გამორიცხავდა საქართველოს უმაღლესი სასულიერო პირის გარემოცვაში ჩემს ყოფნას.

e18397e18390e1839be18390e18396-e183a9e183aee18394e1839ce18399e18394e1839ae18398

უკანასკნელი ბანკეტი, რომელზედაც მე ვიყავი მიწვეული, დიდად მნიშვნელოვანი იყო. ეს ასორმოცკაციანი თავყრილობა ფუნიკულიორის დიდ დარბაზში გაიმართა. როგორც შევიტყე, ამ შეკრებას საეკლესიო პოლიტიკა განაპირობებდა. საქმე შემდეგში ყოფილა: ამერიკის რუსული მართმადიდებელი ეკლესიის მეთაურს უარყვია კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქის უზენაესობა და უშუალოდ დაკავშირებია რუსეთის ეკლესიას. ამას გამოუწვევია სკანდალი. ამ სკანდალის ჩასაქრობად, თუ დაპირისპირებულ მხარეთა დასაშოშმინებლად ილია მეორისთვის უთხოვიათ შეესრულებინა არბიტრის როლი. თუ რა გზით მოგვარდა ეს საქმე, ჩემთვის, რა თქმა უნდა, უცნობია, მაგრამ ბანკეტი ცხადყოფდა, რომ საქმე მოგვარებული იყო. და აი, მთავარ სუფრას უსხდნენ ამერიკის მართმადიდებელი ეკლესიის უწვერულვაშო, ახალგაზრდა მეთაური, ილია მეორე, კონსტანტინეპოლის პატრიარქი, ბელორუსიის ელ;ესიის მეთაური და ანტიოქიის პატრიარქი, რომლის საწმყსო რამდენიმე ასეულ მართმადიდებელს ითვლის.. უნდა ვთქვა, რომ მათ შორის ჩვენი კათოლიკოსი ბრწყინავდა თავისი ახოვანებითა და სილამაზით. დამამახსოვრდა კონსტანტინეპოლის მოხუცი პატრიარქი, რომელიც კონიაკს სვამდა, შეთვრა და თავის სიტყვაში ორჯერ ახსენა ბრეჟნევი, რამაც ძალიან გამაოცა.

უსიამოვნო სხვა რამე იყო. დარბაზის გვერდითა კარებიდან გამოდიოდნენ და მერე ისევ უჩინარდებოდნენ ერთმანეთთან საიდუმლოდ მოჩურჩულე ახალგაზრდა შაოსანი რუსი მღვდლები, რომელთა ანაფორები ოდნავადაც ვერ ფარავდა მათ კაგებე-ურ წარმომავლობას. ილია მეორემ წმინდა ნინოს ორდენით დააჯილდოვა მაღალი სტუმრები და ამით დამთავრდა ეს თავყრილობა.

ჩემი ნაამბობი ალბათ სცოდავს ტერმინოლოგიური და შესაძლოა, სხვარიგის უზუსტობებითაც, მაგრამ საერთო სურათი ამით არ იცვლება და მე სწორედ მისი გადმოცემა მსურდა.

ამის შემდეგ კარგა ხანმა განვლო. ე.წ. ეროვნული მოძრაობის დროს უწმინდესი პოლიტიკური სიტუაციების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ეს ყველამ იხილა ტელევიზიის მეშვეობით. 8 აპრილს, მთავრობის სასახლესთან გამართულ მიტინგზე, მე შემაშფოთა მის პრეროგატივაში მოურიდებელმა ჩარევამ, რაც აშკარა იყო და რამაც გონიერ მაყურებელთა და დამსწრეთა სამართლიანი გაღიზიანება გამოიწვია. ხსენებულ პერიოდში და შემდეგაც განსაცვიფრებელი იყო ჩვენი კათოლიკოსის შეუმცდარი პოლიტიკური ალღო, ზომიერება და შეუდრეკლობა, მის ღრმა რელიგიურობასთან შერწყმული ეროვნული ცნობიერების სიღრმე და სიფართოვე. და ზოგჯერ გონებაში გამიელვებდა რაღაცნაირი ზმანება, რომელშიც მას, შუასაუკუნეების ჩვენი ეპისკოპოსების მსგავსად, ცხენზე ამხედრებულს და ხმალშემართულს ვხედადი. მე მახსოვს მისი აფხაზეთში ჩასვლა, სადაც მტრულად შეხვდნენ და სადაც მას აშკარა საშიშროების წინაშე წარბი არ შეუხრია.

უკვე სოხუმის დაცემის შემდეგ, „დურუჯის“ დარბაზში გამართულ მწერალთა ყრილობაზე, სადაც რეზო ჭეიშვილმა მწარედ გააკრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესები, ილია მეორეც ესწრებოდა. მან მშვიდი სიტყვით დააიმედა დამსწრე საზოგადოება. ყრილობა დამთავრდა და სკამებსა და კედელს შორის ვიწრო გასასვლელი ხალხით გაიჭედა. ცოტა ხანში ვიღაცამ შეგვძახა: კათოლიკოსი მობრძანდება, გზა დაუთმეთო. ამ ჭედვაში გზას როგორ დაუთმობენ-მეთქი, ვფიქრობდი და კარებისკენ ზლაზვნით მიმავალ ხალხს მივყვებოდი. ამ დროს ვიღაცამ მხარზე გადამხვია ხელი და თავისკენ მიმიხმო, კათოლიკოსი იყო. მან შინაურულად გამიღიმა და გზა განაგრძო. გახსოვარ-მეთქი, გამიელვა და რომ ნამდვილად ვახსოვდი, კარგა ხნის შემდეგ დადასტურდა.

შარშან, საგურამოში, ილია ჭავჭავაძს სახელობის პრემიებით ლიტერატორთა დაჯილდოვების შემდეგ, ილია მართლის ახლადაშენებულ მონასტერში გამართულ მცირე სერობაზე, კათოლიკოსმა, ჩემთვის და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელად, სუფრის წინამდგომად დამნიშნა. ხუთი თუ ექვსი აუცილებელი სადღეგრძელოს შემდეგ უწმინდესმა წასვლა ინება. გამოსამშვიდობებლად რომ მივეახლე, ხელზე ძლივს ვემთხვიე, რადგან გულში ჩამიკრა და ერთხანს ასე ვიდექით. უცნაური ის იყო, რომ ამ დროს თავს ბედნიერად ვგრძნობდი, როგორც დიდი ხნის უნახავ მამასთან შეხვედრილი შვილი, თუმცა მასზე ხუთი წლით უფროსი ვარ. ეს არასოდეს დამავიწყდება. ეს რაღაც ძე შეცდომილის მამის წიაღში დაბრუნებას ჰგავდა...

და ბოლოს: საქართველოს ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შესძლო შეუსვრელად გაეარა ახლადშექმნილი ქვეყნის კლდოვანი ორწოხები. ეს შესძლო საქართველოს კათოლიკოსმა, დაბეჩავებული და გაღატაკებული ხალხის მწყემსმა. მე ვერ გავკადნიერდები და პირადად ვერ მივულოცავ ქართული ეკლესიის უმაღლეს საჭეთმპყრობელს დაბადების 75 და მოღვაწეობის 30 წლისთავს. ეს მცირე მოგონება ჩამეთვალოს მილოცვად.

2008 წ. ქრისტეშობის ღამე

Unknown Known
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way