USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - ნორმა 2-დან 2.5%-ია. მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს
дата:  369

კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ, გუგა ბესელიამ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო გამოცდილება და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ფუნქციონირებს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც სრულად იღებს პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარებაზე. მისივე თქმით, ანგარიშის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები სწორედ მსგავსი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს.

„საკითხი ვინაიდან გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებაში, არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრობლემის ნორმის ფარგლებში მოქცევა. ნორმის ფარგლებში მოქცევა არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითება. ის ფაქტი, რომ თამაშდამოკიდებული ქვეყანაში იქნება, ეს არის მოცემულობა. თუმცა, დათვლილია საშუალო მონაცემი, მოსახლეობის თუ რა პროცენტია ნორმა, რომ თამაშდამოკიდებული იყოს. ეს პროცენტი მერყეობს 2-დან 2.5 %-მდე. ჩვენთან ეს მონაცემი ოფიციალური არ არის, მაგრამ იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს, ეს რიცხვი საკმაოდ გაზრდილია და დიდ გადახვევას წარმოადგენს ნორმიდან. ჩვენი ვარაუდით დაახლოებით, 15% -ს მაინც წარმოადგენს მოსახლეობის, რაც ნორმიდან 6-7-ჯერ გადახვევაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი უფრო მეტად შეზღუდულია, ვიდრე ვთქვათ, ბრიტანეთში, ბრიტანეთში მოთამაშეთა მონაცემები 2-დან 2.5% - მდე მერყეობს და ნორმის ფარგლებშია. ჩვენი დაკვირვებით მხოლოდ იმიტომ, რომ იქ დაახლოებით 20 წელია არსებობს მარეგულირებელი ორგანო, რომელმაც სრული პასუხისმგებლობა აიღო პრობლემის მოგვარებაზე, არსებობს ერთიანი პოლიტიკა და მარეგულირებელი ორგანო მუშაობს საკმაოდ ეფექტიანად. საქართველოში იმის მიუხედავად, რომ სათამაშო ბიზნესი უფრო მეტად რეგულირებულია, რეკლამის აკრძალვას, ასაკობრივ ზღვარს ვგულისხმობ, მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა უფრო მძიმედ დგას. მთავარი ფაქტორი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იქ არსებობს მარეგულირებელი ორგანო, ჩვენთან ასეთი ჯერ არ არის და სწორედ ამიტომ რეკომენდაციებში ეს არის ჩადებული“, - განაცხადა გუგა ბესელიამ.

მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს, მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს და ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცულია, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით.

„კვლევებმა გვაჩვენა, რომ მოზარდების 10% ამბობს, რომ მათი მშობლები თვითონ აფინანსებენ მათ თამაშს, ოღონდ მიზანმიმართულად, დანარჩენების თამაშსაც მშობლები აფინანსებენ, მაგრამ იმათ არ იციან. ამ 10 %-ის მშობელმა იცის, თუ რისთვის აძლევს ფულს თავის შვილს და მოტივაცია რა არის - თვლის, რომ ამ მოქმედებით მისი შვილი უფრო დაცული იქნება, ვიდრე იმით, რომ ვთქვათ, გავიდეს გარეთ და იქ თანატოლებთან ითამაშოს ფეხბურთი ან სხვა რამ. ურჩევნია თავის შვილი იჯდეს სახლში და პოკერს თამაშობდეს. ამ ცნობიერებაზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არამხოლოდ მოზარდის, არამედ სკოლის პერსონალის, მშობლების და სრულიად საზოგადოების მიმართულებით, რადგან მაგალითისთვის რომ ვთქვათ, სარეაბილიტაციო ცენტრებთან კომუნიკაციის შედეგად ფიქსირდება, რომ მშობლებს გააზრებული არ აქვთ, რომ მათი ოჯახის არის დაავადებული და არა ცუდი (ადამიანი). ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როცა პირზე ასე ფიქრობენ, ეს პირი კიდევ უფრო დიდხანს მალავს პრობლემას და პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება,“ - განაცხადა გუგა ბესელიამ.

 კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ თემატურმა მოკვლევამ მეტი კოორდინაციის საჭიროება აჩვენა.

„არის საჭიროება გარკვეული მექანიზმის შექმნის, რომელიც მაკოორდინირებელი რგოლი იქნება უწყებების, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით თავის კომპეტენციის მიმართულებით საქმიანობენ. ამან შეიძლება გაზარდოს ეფექტიანობა და სწორედ ამ კონტექსტში ერთ - ერთი რეკომენდაცია არის ის, რომ მთავრობის დონეზე შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რომელიც ამ კოორდინაციის ფუნქციას აიღებს თავის თავზე,“- განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვანია ასევე ცნობიერების ამაღლება და ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტია სკოლებზე და პედაგოგებთან მუშაობაზე, რომლებსაც უშუალო კომუნიკაცია აქვთ ახალგაზრდებთან. მიქანაძის განცხადებით, კვლევამ ასევე გამოავლინა სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რომელიც ხელმისაწვდომი ნაკლებად არის რეგიონებში. მისივე თქმით, ამ მხრივ პრობლემას ქმნის ასევე ამ სერვისების სიძვირეც.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати