USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
თამარ გორგაძე - კოლუმბიაში მცხოვრები ექიმი - კარდიოლოგი
дата:  756

დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დავამთავრე 61-ე საშუალო სკოლა. 90-იან წლებში სწავლის გაგრძელება მომიწია მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველ სამედიცინო აკადემიაში, რადგან ჩაბარების წელს საქართველოში არ იცოდნენ, თუ ექნებოდათ მიღება სამედიცინო ფაკულტეტზე.

ყოველთვის მინდოდა ექიმობა. სკოლას როდესაც ვამთავრებდი, მახსოვს, გადაცემას ვუყურებდი და ყვებოდნენ ერთ ქალბატონზე, რომელიც მგონი შვედეთში იყო გულსისხლძარღვთა ცნობილი ქირურგი. ისე მომეწონა ის ექიმი, რომ გადავწყვიტე, მეც გულსისხლძარღვთა ქირურგი გავმხდარიყავი. ამაში დარწმუნებული ვიყავი მეექვსე კურსამდე, მაგრამ როცა უნდა ამერჩია განხრა, მგონი პირველად ცხოვრებაში, შევეკითხე დედაჩემს - რას მირჩევდა და დედამ, რა თქმა უნდა, მითხრა, რომ ქართულ მენტალიტეტში ქალი ქირურგი არ იყო დიდად მიღებული, რომ კაცი კოლეგები არ დამაცლიდნენ მუშაობას, რომ მრავალსაათიანი ოპერაციები არ შეეფარდებოდა ქალის ცხოვრების სტილს და ა.შ. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს, როგორც დამჯერმა შვილმა, გადავწყვიტე წავსულიყავი სამკურნალო განხრით და არჩევანი კარდიოლოგიაზე შევაჩერე.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ორდინატურაში, მიასნიკოვის სახელობის რუსეთის კარდიოლოგიის ინსტიტუტში (ცაზოვის ცენტრსაც ეძახდნენ ხშირად). ორდინატურის შემდგომ სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელე . ორდინატურაში სწავლის დროს მქონდა პირველი შეხება ანგიოგრაფიის ლაბორატორიასთან და ჩემში ისევ გაიღვიძა ბავშვობის სურვილმა, ძალიან მომეწონა ინტერვენციული კარდიოლოგია და გამიჩნდა დიდი სურვილი, ამ განხრით წავსულიყავი.
ჩვენი განყოფილების პროფესორი იყო ბატონი გურამ არაბიძე— ბრწყინვალე ექიმი დაკარდიოლოგი. მის მიმართ დიდ პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავდნენ არა მხოლოდ საკუთარი სტუდენტები, არამედ მთელი კარდიოლოგიის ინსტიტუტი. მისი ყოველი სიტყვა მოსწავლეებისთვის იყო კანონი. როცა მოვინდომე განყოფილების შეცვლა, რა თქმა უნდა, მას მივმართე ამ თხოვნით და აქ, მეორეჯერ ჩემს ცხოვრებაში, “სტერეოტიპებმა” შემაცვლევინეს გეგმები - ბატონმა გურამმა მკაცრად და დამაჯერებლად მითხრა, რომ ანგიოგრაფიის ლაბორატორია არ იყო ადგილი ქალისთვის, ამ გადაწყვეტილებას მას ვერ შევაცვლევინებდი. სხვა არჩევანი არ მქონდა, სწავლა გავაგრძელე თერაპიულ კარდიოლოგიაში და დავიწყე ეხოგრაფიის შესწავლა, რამაც პროფესორის დიდი მოწონება დაიმსახურა. მალე, პირადული მიზეზების გამო, მომიწია აკადემიური შესვენების აღება და გარკვეული დროით თბილისში დაბრუნება. სამწუხაროდ, ამ დროს გარდაიცვალა პროფესორი არაბიძე. როცა დავბრუნდი მოსკოვში სწავლის გასაგრძელებლად, ჩვენს განყოფილებას ხელმძღვანელობდა პროფესორი ირინა ჩაზოვა. კიდევ ერთხელ ვცადე ბედი და ვთხოვე კათეტერიზაციის განყოფილებაში გადასვლა, რაზეც მაშინვე მივიღე მისი თანხმობა.
ასე დავიწყე ინტერვენციული კარდიოლოგიის შესწავლა . 2008 წლისთვის მოვიპოვე ევროპის კარდიოლოგების ასოციაციის გრანტი, რომელიც მაძლევდა საშუალებას დავსპეციალიზირებულიყავი ინტერვენციულ კარდიოლოგიაში ევროპის ნებისმიერ ცენტრში. კიდევ ერთი ფრაგმენტი ჩემი ცხოვრებიდან ფემინისტური ელფერით - გრანტის მოსაპოვებლად კონკურსზე საბუთების წარდგენისას უნდა გქონოდა უკვე არჩეული ის ცენტრი, რომელიც თანახმა იყო, რომ წვრთნის პროგრამა მათთან გაგევლო.
მანამდე უკვე მქონდა ნამუშევრები წარდგენილი სხვადასხვა კონგრესზე , ასე თუ ისე ვიცოდი, რომელ კლინიკაში ან რომელ ქვეყანაში მინდოდა წასვლა. მეორე ფაქტორი, რასაც მივაქციე ყურადღება, იყო ის, რომ მინდოდა ისეთი ადგილის ნახვა , სადაც მუშაობდნენ ქალი კარდიოლოგები. მაგისტრის წოდების მისაღებად., საბოლოოდ ავირჩიე მადრიდის სან კარლოსის კლინიკა და კომპლუტენსას უნივერსიტეტი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასე გამიმართლებდა. მივიღე დიდი გამოცდილება ჩვენი დარგის საუკეთესო და წამყვანი პროფესიონალებისგან.
საუკეთესო წლები გავატარე მადრიდში, არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით. აქ შევხვდი ბევრ არაჩვეულებრივ ადამიანს, გავიჩინე მეგობრები, ვისთანაც დღესაც ახლო ურთიერთობა მაკავშირებს.
ესპანეთში დავრჩი 5 წელი, ამას მოჰყვა შემდეგი ნაბიჯი — მივიღე მოწვევა სამხრეთამერიკიდან, რომ გადმოვსულიყავი სამუშაოდ კოლუმბიაში, რასაც დავთანხმდი.
შემოთავაზება იყო საინტერესო, სჭირდებოდათ ახალი განყოფილების ჩამოყალიბება ერთ-ერთ ახალ კლინიკაში . არ მქონდა ბევრი მონაცემი კოლუმბიის შესახებ, მაგრამ მყავდა მეგობრები, ვინც ჩემთან ერთად მადრიდში სწავლობდნენ და მათ ვკითხე რჩევა, თუ ღირდა ამ “თავგადასავალზე” დათანხმება . ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ბედი მეცადა.
უკვე 10 წელია რაც კოლუმბიაში( სამხრეთ ამერიკაში ვცხოვრობ). პირველ კლინიკაში წელიწად ნახევარი ვიყავი და შემდგომ მომიწვიეს “კოლუმბიის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ფონდში” სამუშაოდ. დავთანხმდი ამ მოწვევაზე და უკვე 9 წელი გავიდა, რაც აქ ვმუშაობ . ბოლო 4 წლის განმავლობაში ვარ კარდიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი ექიმი. ჩვენი კლინიკა შედის მთელ სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო კლინიკების ათეულში. გვაქვს მრავალი საერთაშორისო აკრედიტაცია და აღიარება, გვინდა 2030 წლისთვის შევიდეთ მსოფლიოს 100 საუკეთესო კლინიკის სიაში .
ჩვენი ძლიერი მხარეებია: ინტერვენციული კარდიოლოგია (ვატარებთ ჩარევებს არამარტო სისხლძარღვთა სისტემაზე, არამედ გულის სხვადასხვა სტრუქტურული დაავადებისმკურნალობას ), გულსისხლძარღვთა ქირურგია , ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული გულისუკმარისობის მკურნალობასთან, გულის გადანერგვის და ხელოვნური გულის სისტემების ჩათვლით, ECMO-ს სისტემა, ორგანოთა გადანერგვა (გულის გარდა, ჩვენს კლინიკაში ხდება ღვიძლის, თირკმელების, პანკრეასის, ფილტვის გადანერგვები) და ა.შ
ყველა ეს მკურნალობა არის მიმართული პედიატრიული და სრულწლოვანი ავადმყოფებისთვის. ერთი წლის წინ კი დავიწყეთ ოპერაციების ჩატარება ჯერ კიდევ არ დაბადებულ ნაყოფზე , ამ ოპერაციებს ვატარებთ ნაყოფის საშვილოსნოდან ამოღების გარეშე . უკვე ჩავატარეთ რამდენიმე ოპერაცია— მაგალითად შევიწროებული აორტის სარქველის გაფართოება, რითაც დავეხმარეთ ჩვენს პატარა პაციენტს, რომ არ განვითარებოდა გულის კრიტიკული უკმარისობა ჯერ კიდევ დაბადებამდ;
ორიოდე დღის წინ ჩვენმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ძალიან რთული ოპერაცია , ჩვენს პატარა პაციენტს აქვს მიელომენინგოცელეს დიაგნოზი, და ჩვენი ჩარევით, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მას ცხოვრების ხარისხი გავუუმჯობესოთ და დაბადების შემდეგ შევუმსუბუქოთ ამ დაავადებასთან დაკავშირებული უმძიმესი გართულებების განვითარება .
ჩვენს კლინიკაში გვაქვს ერთ- ერთი ყველაზე დიდი ECMO-ს განყოფილება. ჩვენი მიღწევები არანაირად არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვანი კლინიკების შედეგებს, COVID პანდემიის დროს ასობით ადამიანი გვყავდა შეერთებული ხელოვნურ ფილტვზე, რითაც ბევრი ჩვენი ავადმყოფის სიცოცხლე გადავარჩინეთ .
ყოველთვის ვცდილობთ დავნერგოთ სიახლეები ჩვენს კლინიკაში . ამის გაკეთება ოდნავუ უფრო ძნელია სხვა “მდიდარ” ქვეყნებთან შედარებით , მაგრამ დღეს კოლუმბიაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, მიიღოს სრულყოფილი და თანამედროვე სამედიცინო მომსახურება .
ბევრს ვმუშაობთ, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის სისტემები დავნერგოთ .
საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში არ მიმუშავია , თუმცა ვიცი, რომ არის ბევრი სამედიცინო დაწესებულება , მაგრამ არ არის კარგად ორგანიზებული და ცენტრალიზებული სისტემა. არც სრულყოფილი სადაზღვევო სისტემა გვაქვს, ამიტომ საკმაოდ ძნელია ქვეყანაში მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი და ამავე დროს, ხშირად ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების გაწევა. ამას ერთვის საქართველოს საავადმყოფოებში თანამედროვე ტენოლოგიების ნაკლებობა, განსაკუთრებით როცა ლაპარაკია მაღალი ღირებულების სამკურნალო ტექნოლოგიურ საშუალებებზე. ეს პირობები, რომ შეიცვალოს, საქართველო შეიძლება გადაიქცეს სამედიცინო ტურიზმის ერთ- ერთ ცენტრად. სამწუხაროა, რომ ამის მაგივრად ქართველი პაციენტები ხდებიან სხვა ქვეყნების სამედიცინო ტურისტები. კიდევ უფრო დასანანია ეს ფაქტი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კარგი ექიმი გვყავდა და გვყავს, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გვეზრდება ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა.
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გაბედული, მიზანდასახული ან გამოწვევების მოყვარული ადამიანი ვარ , უბრალოდ ასე გამოვიდა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რამაც ჩამომიყვანა სამხრეთ ამერიკამდე. ეს პროფესია მოითხოვს ბევრ შრომას, თავდადებას და ხშირად თავგანწირვას . თუ ადამიანს არ მოსწონს საექიმო საქმე , უზარმაზარი სიამოვნების დაკმაყოფილების წყაროს ნაცვლად ეს გადაიქცევა მძიმე ტვირთად , არადა ეს ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი საქმიანობაა.
ექიმისთვის სწავლა არასოდეს არ მთავრდება, კარგი ექიმი მუდამ სწავლის პროცესშია, მითუმეტეს თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიების და ინტერნეტის წყალობით ადვილი მისაწვდომია ყოველგვარი ინფორმაცია, სამეცნიერო კვლევები, მათი რეზულტატები, მედიკამენტების და სამედიცინო ტექნოლოგიების სიახლეები. ყოველდღიურად გამოიცემა მნიშვნელოვანი სამედიცინო სტატიები და ა.შ.
ძალიან სასარგებლოა თუ ჩვევად ჩამოიყალიბებთ, რომ ყოველ დღე წაიკითხოთ ერთი სამედიცინო სტატია. ეს უზომოდ სასარგებლოა და დაგეხმარებათ სრულყოფილ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. ექიმებს ნაკლებად გვაქვს საშუალება გვქონდეს მოჭრილი სამუშაო დღე, ხშირად ჩვენი მუშაობის საათები იწელება.
მნიშვნელოვანია, განავითაროთ დროის "სწორი გამოყენების” თვისება , იყოთ ორგანიზებულები, ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ მიხედოთ თქვენს ჯანმრთელობას, გქონდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი -ექიმები ვართ მაგალითი ჩვენი პაციენტებისთვის, ასევე ვართ ყველაზე ცუდი ავადმყოფები. მნიშვნელოვანია მივხედოთ თავს და არ გავხდეთ ავად. გისურვებთ ჯანმრთელობას!
аналитика
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) სტატია სათაურით „უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს“ (ავტორი - ტონი ბარბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიუსელის ოფიციალური რიტორიკის თანახმად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზოგიერთი ცალკეული სირთულის მიუხედავად, დამაჯერებლად მიმდინარეობს. ამბობენ იმასაც, რომ ერთ-ერთი კანდიდატი-სახელმწიფო - ჩერნოგორია - 27 წევრიან ოჯახს 2020-იანი წლების ბოლოს დაემატება.

დაგროვილი დაძაბულობა

დღეს ევროკავშირის საერთო სურათზე სამ რეალურ ტენდენციას ვხედავთ: მსოფლიო მოვლენების გავლენას ევროკავშირზე, ბლოკის წევრი ცალკეული სახელმწიფოების ინტერესებს და სიტუაციას ბლოკის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში.

2013 წლიდან, როცა ხორვატეთი ევროკავშირში გაერთიანდა, ბლოკში თითქმის ათწლიანი „უძრაობა ჩამოწვა“. ახალი იმპულსი ევროკავშირმა მხოლოდ 2022 წელს მიიღო, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ბრიუსელმა კოლექტიური პასუხის გაცემა დაიწყო კრემლის წინააღმდეგ. მოგვიანებით ევროკავშირში გაფართოების ტენდებცია გამოცოცხლდა: ექვს ბალკანურ ქვეყანას, რომლებიც თავიანთ საათს ელოდებიან (ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს, ჩერნოგორიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და სერბეთს) ბრიუსელმა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დაუმატა. ევროკავშირის წევრობის კიდევ ერთი მაძიებელია თურქეთი, თუმცა უფრო ქაღალდზე, ვიდრე რეალურად.

მაგრამ ევროკავშირის გაფართოების აღორძინებულ გეგმებში ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე მუდმივი გადაუჭრელი წინააღმდეგობა: ერთი მხრივ, ევროკავშირის ხელმძღვანელობა გაფართოებაში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სარგებელს ხედავს, მაგრამ მეორე მხრივ, ბრიუსელს არ სურს გაფართოება ნებისმიერ ფასად: წევრობის კანდიდატი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ კრიტერიუმებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც დემოკრატიას ეხება, კანონის უზენაესობას და ისტორიული დავების მოგვარებას ევროკავშირის წევრებთან.

აქედან გამომდინარეობს კითხვა; მზად არიან თუ არა ევროკავშირის წევრი [და არაწევრი] ქვეყნების მთავრობები (და აქვთ კი უნარი?) იმისათვის, რომ განახორციელონ საკვანძო ინსტიტუტების შორსმიმავალი რეფორმები და გააფორმონ ისეთი ფუძემდებლური ფინანსური შეთანხმებები, რომლებიც აუცილებელია გაფართოებისათვის?

რუსეთი და დონალდ ტრამპი

გარდა ამისა, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ისეთი სიტუაციაა, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს ბლოკის გაფართოებას. ორი მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთ-უკრაინის ომი და დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად.

ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტი პროგნოზირება იმისა, თუ რას გააკეთებს რეალურად დონალდ ტრამპი მოსკოვ-კიევის კონფლიქტთან მიმართებით, თუმცა მისი განცხადებების საფუძველზე, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილია სამშვიდობო მოლაპარაკების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ხელში უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი დარჩება. ასევე არაფერი არ მიანიშნებს იმას, რომ კრემლი უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას დაეთანხმება - არამარტო ნატოში, არამედ შედარებით არამილიტარისტულ ევროკავშირშიც, რომლის სწრაფვას თავდაცვისაკენ მოსკოვი დამცინავად უყურებს, მაგრამ მაინც მხედველობაში იღებს.

თეორიულად ევროკავშირს უკრაინასთან მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლია, მაგრამ ეს საკმაოდ სარისკო იქნება, თუ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები დე-ფაქტო შემცირებულ უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს არ შესთავაზებენ.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის წესდების მიხედვით, კანდიდატი ქვეყნის სურვილის განხორციელება - ევროკავშირის წევრად მიღება - 27 ნამდვილი წევრის თანხმობას ითხოვს. ამრიგად, იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასთან რაღაც სადაო აქვთ, ყოველთვის შეუძლიათ კანდიდატ ქვეყანას „ცივი წყალი გადაასხან“ და მათი წინსვლა ევროკავშირისაკენ დაამუხრუჭონ. ასეთი ქვეყნებია უნგრეთი - თავისი რუსოფილური სიმპათიებით, რომელიც კიევს პრეტენზიებს უყენებს უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევის გამო. ასევე პოლონეთი, რომელიც უკრაინას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციონალისტების მიერ ჩადენილი მხეცობის გამო ედავება, ხოლო ზოგიერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას უკრაინის მიმართ პრეტენზიები აქვს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტთან დაკავშირებით.

აშშ, ევროკავშირი და ბალკანეთი

სირთულეები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება - ბალკანეთშიც ბევრი პრობლემაა. დონალდ ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ბალკანეთში უცნაური და შეიძლება ითქვას, ძალზე სახიფათო როლი შეასრულა: საკითხი ეხება წარუმატებელ პოლიტიკურ თამაშებს ტერიტორიის გაცვლის თაობაზე - სერბეთსა და კოსოვოს შორის. ასეთი ინიციატივები ძალზე სარისკოა ბალკანეთის სხვა ქვეყნებისათვის და შეუძლიათ სიტუაციის არევ-დარევა ისედაც მყიფე მშვიდობის პირობებში, საზღვრებთან მიმართებით (ვთქვათ, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის). სერბეთის მიმართ, რომელიც რუსეთისადმი ლოიალურად არის განწყობილი, თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ჯო ბაიდენსაც - იმდენაც ცუდი, რომ სერბეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია და უკრაინას იარაღი მიაწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირს, ბრიუსელს სერბეთში ლითიუმის მდიდარი საბადო (ევროპაში უდიდესი) უფრო აინტერესებს, ვიდრე ბელგრადის დემოკრატიულობა და მის მიმართ ზეწოლა, რომ ბლოკში გაერთიანების კრიტერიუმები შეასრულოს.

საფრანგეთი და გერმანია

თუ ბლოკის წევრების როლს გადავხედავთ, მასში წამყვან ქვეყნებს საფრანგეთი და გერმანია წარმოადგენენ, რომლებშიც ულტრამემარჯვენე პარტიების გავლენა ძლიერდება.

საფრანგეთი, საერთოდ, ევროკავშირის გაფართოების საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ეჭვით და სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა 2022 წელს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი დამოკიდებულება შეცვალა. მაგრამ დღეს პრობლემა იმაშია, რომ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ძალა სუსტდება საარჩევნო ავანტიურების, საბიუჯეტო კრიზისის, საპარლამენტო განხეთქილებისა და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატების სავარუდო წარმატების გამო.

პარიზში არც მემარჯვენეებს და არც მემარცხენეებს ევროკავშირის გაფართოება არ უხარიათ - ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად,  საფრანგეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა, ახალი ქვეყნის მიღებაზე თანხმობისათვის საჭიროა ან რეფერენდუმი ჩაატაროს, ან მიღება პარლამენტის ორივე პალატის წევრთა სამი მეხუთედმა მოიწონოს.

გერმანიაში პოლიტიკური კონსენსუსი გაფართოების მხარდასაჭერად უფრო ფართოა, ვიდრე საფრანგეთში, მაგრამ პრეტენზიები ბერლინსაც აქვს: ფედერალური ხელისუფლება თვლის, რომ კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაატარონ ღრმა რეფორმები, თორემ მოუმზადებელი ქვეყნის მიღებამ შეიძლება ზიანი თვით ევროკავშირს მოუტანოს ზიანი.

გერმანიას ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირმა თავისი „დნმ“ (გენეტიკური ელემენტი) უნდა შეინარჩუნოს, ანუ ისეთი ტრადიციული ისტორიული ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, სამართლიანობა... ბერლინი უპირველესად ითხოვს, რომ კანდიდატმა ქვეყანამ თავისი დამსახურება აჩვენოს კანონის უზენაესობის საკითხში.

ევროპელი ულტრამემარჯვენეები

ევროპული ულტრამემერჯვენე პარტიების პოზიციები ევროკავშირის გაფართოების საკითხში შორს არის ერთიანობისაგან. შესამჩნევია ორი ჯგუფი: პირველნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გაფართოებას, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათ თვით ევროკავშირი არ მოსწონთ. მეორენი კი გაფართოებაში უპირველესად ხედავენ ევროკავშირის გადაქცევას სუვერენული ეროვნული ქვეყნების ალიანსად და არა ისეთ თავისუფალ კონფედერაციულ ბლოკად, როგორიც დღეს არის.

სხვატა შორის, მეორე ბლოკში შედის უნგრული პარტია „ფიდესი“ პრემიერ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, რომელიც, უკრაინასთან მტრული დამოკიდებულების ფონზე, მიესალმება ევროკავშირში ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, როგორსაც კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი სერბეთი წარმოადგენს.

კანდიდატი ქვეყნები: ჩერნოგორიული სცენარი

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს: ყურადღება გავამახვილოთ ჩერნოგორიაზე, რომლის მოსახლეობა 600 ათასს აღწევს და რომელიც სერბეთს 2006 წელს გამოეყო. ჩერნოგორიას იშვიათად ეთმობა ყურადღება, მაგრამ ის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს იმიტომ, რომ სხვებზე მეტად უფრო პრიორიტეტულია ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრით.

ევროკომისიის ბოლო მოხსენების თანახმად, ბრიუსელი მზად არის მხარი დაუჭიროს პოდგორიცას სურვილს და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2026 წლისათვის დაასრულოს. თუმცა ამის შემდეგ შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გავიდეს, სანამ ჩერნოგორია სრულუფლებიანი წევრის სტატუსს მიიღებს: გააჩნია, რამდენად სწრაფად აუნთებენ მას ევროკავშირის წევრები მწვანე შუქს და დროულად მოახდენენ რატიფიცირებას.

საქმე იმაშია, რომ ჩერნოგორიაში საკმაოდ სესამჩნევია პროსერბული და პრორუსუსლი განწყობები - არიან პარტიები, რომლებსაც მტრული დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის მიმართ. ისმის ხმები, თუ ვინ არიან ჩერნოგორიელები - სრულფასოვანი ერის წარმომადგენლები თუ იგივე სერბები, მხოლოდ სხვა სახელით? ზოგიერთი ევროპელი ექსპერტი აცხადებს, რომ ჩერნოგორიის მთავრობაში ისეთი მინისტრებიც არიან, რომლებიც ჩერნოგორიელთა ეროვნულ იდენტურობას უარყოფს.

არანაკლებ ნეგატიური ხასიათი აქვთ სხვა მომენტებსაც: მაგალითად, გასულ თვეში ზოგიერთმა ანტიევროპულმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ანალოგიურ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რუსეთის გავლენით მიიღო და რის შემდეგაც ბრიუსელმა საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შეწყვიტა. გარდა ამისა, ივლისში ჩერნოგორიამ ხორვატეთი გააღიზიანა იმ განცხადებით, რომ მეორე მსოფლიო ომში ხორვატი ნაციონალისტები მხეცურად იქცეოდნენ.

ასე რომ, ისევე როგორც პოლონეთ-უკრაინის ისტორიული დავა, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის უთანხმოება ეროვნულ თვითშეგნებისა და ენის საკითხებში, ხორვატეთ-ჩერნოგორიის მწვავე ურთიერთდამოკიდებულება  ხელს უშლის ევროკავშირში ინტეგრირებას. და თუ მათ დავამატებთ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ევროკავშირზე, დონალდ ტრამპის ფაქტორს და უთანხმოებებს თვით ევროკავშირში, პერსპექტივა არასახარბიელოა - სანამ ასეთი საკითხები დარეგულირებული არ იქნება, ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება.

წყარო: https://www.ft.com/content/5f7f2df4-641a-4a93-9599-a223a191f6c7

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати