USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
თამარ ჩხიკვაძე - როგორ გასუფთავდა და მოწესრიგდა მეტეხის ტაძარი
Date:  1149

1988 წელი, სიონში ერთ-ერთი ქადაგების დროს გახარებული პატრიარქი გვეუბნება, რომ გადაწყდა და ეკლესიას უბრუნდება კომუნისტების მიერ წართმეული ქონების ნაწილიო, კერძოდ მონასტრები და ტაძრებიო. ხოდა გაგვეღიმა, რადგან მანამდე რამდენიმე წელი სულ ამას ამბობდა აი, ნახავთ ეკლესიას დაუბრუნდება კომუნისტების მიერ წართმეული ტაძრებიო.

ბევრს ამაზე ეცინებოდა, რადგან ეს მაშინ წარმოუდგენელი ამბავი იყო. ხოდა მე ვარ ამის მომსწრე ამ 45 წლის მანძილზე რამდენჯერ ახდა მისი ნათქვამი. ახლა "ოთხშაბათისტებს" (ასე გვეძახდნენ ახალგაზრდებს, ვინც უწმიდესმა შეგვკრიბა და ოთხშაბათი დღე დააწესა სხვადსხვა სახის მოწყალების საქმეების საკეთებლად. თავადაც მონაწილეობას ღებულობდა ჩვენთან ერთად ) დაგვევალა ამ გავერანებული მონასტრების და ტაძრების დალაგება მოწესრიგება და დავიწყეთ მოგზაურობა საპატრიარქოს ყვითელი პაზიკით, მძოლი იყო დიმიტრი. პატრიარქი სანოვაგეს გვატანდა, კამფეტები და ტკბილეულიც არ ავიწყდებოდა ჩვენთვის. ბიჭებს ტანსაცმელსაც ჩუქნიდა.

მამა დავითი წირვა ლოცვებს ატარებდა ამ მიტოვებულ ტაძრებში. ყველაზე ტკბილად მაინც მეტეხის ტაძრის დალაგება მახსენდება. პირველად რომ შევედით, ვერც კი წარმოგვედგინა საიდან უნდა დაგვეწყო დალაგება, მამა დავითმა ლოცვა წაიკითხა და ინსტრუქციების გაცემა დაიწყო.

ზოგი ფანჯრებზე აძვრა მაუდის ჩამოსახსნელად და გასაწმენდად. ფანჯრები რა სიმაღლეზეა რომ მიხვალთ ტაძარში დააკვირდით. დანარჩენები კი ნარჩენების გატანას შევუდექით. თეატრის დეკორაციების და ფანჯრებიდან სქელი მაუდის ჩამოხსნის მერე განათდა ტაძარი (ეს იყო საოცარი კადრი) და კარგად გამოჩნდა ძველი ქვის კედლებზე წლების განმავლობაში დაგროვილი მტვერი.მახსოვს ერთ ადგილზე შემორჩენილი იყო ციხის საკანი. მეუფე ნიკოლოზი (მაშინ პაატა) მამა დავითს ( ამჟამად მეუფე დანიელს) ეუბნება, მამაო მანამდე აქ ციხე იყო, მერე თეატრი, ბევრი მტვერი- ჭუჭყია დაგროვილი და წყლით უნდა ჩამოვრეცხოთ ყველაფერიო. ახლაც მახსოვს მამა დავითის ჩაფიქრებული სახე. ვააა გაგვიკვირდა ტაძრის ჩამორეცხვა როგორი ამბავია. ხოდა რა მოიფიქრეს: მოიყვანეს სახანძრო მანქანები და ფრთხილად ჭავლით ჩამორეცხეს კედლები, უამრავი ჭუჭყი წამოვიდა. ჩვენ კი ათობით ახალგაზრდა ცოცხებით მომარჯვებულები წყალს კარებისკენ მივმართავდით. ხომ წარმოგიდგენიათ ციხე რომ იყო, რა სიტუაცია იქნებოდა ტაძარში.

ისე სწრაფად მოვასუფთავეთ იქაურობა რომ წვეთიც არ დარჩენილა. თან მზიანი დღე იყო და ცხელოდა. მაააშ, იცოდით რომ მეტეხის ტაძარი გავრეცხეთ ?! იატაკზე ხალიჩა იყო დაწეპებული და მისი აფხეკა და ქვაფენილის გასუფთავება ცალკე ბრძოლის ველი იყო ორი დღე ვალაგებდით და მართლა საოცრება იყო ისე მოსუფთავდა ამხელა ტაძარი.

მაშინ სიონის თავჯდომარე მარიამ ბუჩუკური იყო (შემდგომ დედა ევპრაქსია) ხოდა უგემრიელესი ღვეზელები დააცხო და საკვებთან ერთად გამოგვიგზავნა. ბევრს ალბათ ახსოვს რა გემრიელობებს აკეთებდა დედაო, უწმიდესის მთავარი დიასახლისი. უწმიდესიც მობრძანდა. გახარებული იყო მოწესრიგებული ტაძარი რომ ნახა. სიონიდან რამდენიმე ძველი ხატი მოაბრძანეს, მათ შორის წმ. ნიკოლოზის. საკურთხეველზე გელათის მოზაიკის ასლები დაამაგრეს.

ახლაც ეს ხატებია საკურთხეველზე. შუშანკის საფლავზე ილოცა და მერე ჩვენ სათითაოდ დაგვლოცა. მოიტანეს დიდი ჭაღი და ახლა მის ასაწყობად შევესიეთ ახალგაზრდები. მინდა გითხრათ რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამჟამად მეუფეები, იღუმენიები და მღვდლები არიან. ნაწილი გარდაცვლილია: კაკალო- ასე ვეძახდით მამა გიორგი ზარზმელს, მისი უახლოესი მეგობარი მიშა რომელიც მერე ბერად აღიკვეცა და სერაფიმე გახდა, ჩვენი მარინა ოსიშვილი, ნათელი დაადგეს მათ სულებს. მერე ანჩისხატის ტაძარიც მოვაწესრიგეთ, მერე დმანისი, მერე ხაშმი, შიომღვიმის და მარტყოფის მონასტრები და კიდევ ბევრი სხვა  მეტეხის ტაძარი 1988 წლის 14 მაისს აკურთხეს თავიდან და ეს ფოტო ზუსტად იმ დღეს არის გადაღებული დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს და გამძლეობა ჩვენს მოძღვრებს. 

მიყევით ბმულს - თამარ ჩხიკვაძე

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way