USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
თამარ ჭელიძე-ჯანდაცვის ექსპერტი ამერიკაში
თარიღი:  1927
ამერიკაში 2000 წელს ჩამოვედი. ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კერძოდ ეპიდემიოლოგიის მაგისტრატურაზე სასწავლებლად.
 
შემდეგ განათლება ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის სკოლაში გავაგრძელე, ჯანდაცვის სისტემების მენეჯმენტის და პოლიტიკის მიმართულებით. ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, სადაც ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30 ქალს არჩევენ, ლიდერობის და მართვის პროგრამა დავამთავრე. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანა.
 
2008 წელს მუშაობა დავიწყე ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში, სადაც ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალება მომეცა. ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან ერთად ინფექციური დაავადებების მიმართულებით (C ჰეპატიტი, ტუბერკულიოზი, შიდსი) შვიდ პროექტს. ასევე, ჰეპატიტი C -ს ელიმინაციის პროგრამას, რომელიც სწორედ ვაშინგტონიდან დაიწყო. ამერიკის მთავარმა ინფექციონისტმა, ანტონი ფაუჩიმ ეს შესაძლებლობა შეხვედრის დროს გაგვიზიარა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ჩავერთე კომპანია გილეადთან მოლაპარაკების პროცესში. საბედნიეროდ ეს უნიკალური პროექტი რეალობად იქცა და დღეს უამრავი ქართველი პაციენტი განიკურნა ამ დაავადებისგან. 2010 წელს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით, ჩემს მეგობრებთან ერთად (მარიამ ჯაში, გოგა შაქარაშვილი, ბახუტი შენგელია, ნიკა ჩიტაია, გიორგი წერედიანი) დავაარსე ე.წ. „მედეა“ პლატფორმა. 7 თვიანი შრომის შედეგად ჩვენ შევძელით ხედვის პროექტად ჩამოყალიბება, სოლიდური თანხის მოძიება და 2011 წელს პირველი სამუშაო შეხვედრის ვაშინგტონში გამართვა. შეხვედრა ჯანდაცვის სისტემის 4 ბლოკის გაძლიერებას უკავშირდებოდა (ჯანდაცვის სისტემების მართვა, ადამიანური რესურსების განვითარება, სამედიცინო სერვისების მიწოდება, დაფინანსება). ორ დღიანი კონფერენცია აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა და მას აშშ-ს ექსპერტებთან ერთად, აშშ-ში მოღვაწე 67 ქართველი ექიმი და საქართველოდან ჩამოსული დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრიც.
 
მომდევნო წლებში პროექტს სხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველი ექიმ-მეცნიერებიც შეუერთდნენ. ბევრ სასარგებლო ახალ ინიციატივას ჩაეყარა მაშინ საფუძველი, მაგრამ, სამწუხაროდ, სულ რაღაც 3 წელიწადში პროექტი შეჩერდა. ჯანდაცვის სისტემების გამართვა ხანგრძლივი პროცესია. ის მრავალი კომპონენტისაგან შედგება და დიდ პოლიტიკურ ნებას და ძალისხმევას მოითხოვს. სამწუხაროა, რომ სფერო, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის უმნიშვნელოვანესია, კვლავ გაუმართავი და დასახვეწია. გასაკეთებელი ძალიან ბევრია, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და თუ დროულად არ შევეცდებით მის შენებას, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დააზარალებს.
 
აღსანიშნავია, რომ გაუმართავი სისტემის მსხვერპლი ხანდახან ადამიანის სიცოცხლე ხდება. ჩვენ კი მექანიზმიც, მაგალითად შეცდომის დაზღვევაც (malpractice insurance) არ გვაქვს, რომ დაზარალებული ადამიანის ზიანის ანაზღაურება მაინც შევძლოთ და შევამციროთ მსგავსი შეცდომების რაოდენობა. რა თქმა უნდა, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი ღირსეული ექიმი, რომლებიც დაუღალავად შრომობენ პაციენტების კეთილდღეობისთვის, მაგრამ თუ სისტემა გამართული არ არის, ცალკეული ადამიანები უძლურნი არიან, ყველა დაბრკოლება უმტკივნეულოდ გადალახონ. 2017 -2019 წლებში ვმუშაობდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საქართველოს მისიაში. სადაც უშუალოდ მონაწილეობა მივიღე საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკური დეკლარაციის შემუშავების პროცესში. ეს ისტორიული დეკლარაცია, რომლის თანაფასილიტატორები საქართველო და ტაილანდი იყვნენ, ძალაში 2019 წლის ოქტომბერში შევიდა. დეკლარაციას, რა თქმა უნდა, საქართველოც შეუერთდა. ეს დეკლარაცია ითვალისწინებს ჯანდაცვის სისტემების გამართვას (ადამიანური რესურსების განვითარება, ჯანდაცვის დაფინანსება, სერვისების მიწოდება, მართვა, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა), რომლის გარეშეც იქ ჩამოთვლილი მიზნების განხორციელება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.
 
დღეს ბერკლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უნივერსიტეტში ვმუშაობ უფროს მკვლევარად და შიდსის ფორუმის ხელმძღვანელად (Berkeley School of Public Health). ჩემი სამუშაო მოიცავს ყველა საკვანძო რგოლთან (FDA, EMA, government, academia, industry, community organizations) კონკრეტულ ინოვაციებზე მუშაობას, რომელიც ეხმარება ბაზარზე მეტი არჩევანის გაჩენას (მედიკამენტები, დიაგნოსტიკა, აპარატურა და სხვა).ძალიან მახარებს, როდესაც ვხედავ გულანთებულ, მონდომებულ ახალგაზრდა თაობას. მჯერა, რომ ყველა ერთად შევძლებთ წვლილის შეტანას საქართველოს ჯანდაცვის რეფორმის პროცესში.
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის