USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი - მე არ მჯერა, რომ თავი მოიკლა, სხვა რა გითხრათ არ ვიცი. არ მინდა რომ ეს ტვირთი მარტო მე ვატარო, სხვებმაც ატარონ - ვისაც ეკუთვნით
дата:  607

შაბათის ფორმულამ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება. გამომძიებლის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.

სერგო შუბითიძე, 2020 წლის ივლისში, რუსთავის პოლიციის უფროს გამომძიებლად მუშაობდა და თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის პირველივე წუთებიდან, საქმის გამოძიება მას დაავალეს.

ძალოვანი უწყების უკვე ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც სამსახურიდან წასვლის პატაკი შაბათის ფორმულასთან ინტერვიუს შემდეგ დაწერა, საუბრობს ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც საკუთარი თვალით ნახა და მის ხელში გაიარა. შუბითიძე საქმეს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში კურირებდა, ვიდრე გამოძიებას თბილისი გადაიბარებდა.

საქმის გამომძიებელი შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობს. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება.

სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.

"ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას. ის გვამი... მისი სახე. მინდა რომ თუნდაც ამ საქმეზე სამართალი დადგეს. მე არ მჯერა, რომ თავი მოიკლა, სხვა რა გითხრათ არ ვიცი. არ მინდა რომ ეს ტვირთი მარტო მე ვატარო, სხვებმაც ატარონ - ვისაც ეკუთვნით.

გვამი იყო გასივებული და სხეულის არც ერთი ნაწილი არ იყო ცარიელი. თვალებიდანაც მატლები ამოდიოდნენ. ფაქტობრივად ვერ მოხდა დათვალიერება, როგორიც უნდა მომხდარიყო, რადგან გვამი ლპობაში იყო წასული. იყო ვერსიები თითქოს მანქანაში ბუზი შეფრინდა, მაგრამ მანქანის საქარე მინები აწეული იყო, განა რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო. მე უფრო იმ ვერსიას ვუშვებ, რომ მანამდე მიწაზე იყო და მერე... თუ მიწაზე იქნებოდა, უფრო მეტი მატლი გაუჩნდებოდა და შესაძლოა რომ ასეთი ყოფილიყო, მაგრამ მანქანაში?...

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მე დავიწყე. ასევე მე დამევალა, რომ დადგენილება გამეკეთებინა გვამის ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში ჩემთან მოვიდა თანამშრომელი, ეს პირი ახლა მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საგამოძიებო ხაზით - ეს არის ელგუჯა აპუაშვილი, რომელმაც მოიტანა ტელეფონი და ლუქი. მან მთხოვა რომ ტელეფონი დამელუქა - საუბარია ბაჩალიაშვილის ტელეფონზე, რომელიც მანქანიდან ამოიღეს. ელგუჯას ვკითხე, რომ ეს ტელეფონი რა იყო და გამიკვირდა. აპუაშვილმა მთხოვა რომ ტელეფონი დამელუქა. ამაზე ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, თუ ტელეფონი იყო ამოღებული შემთხვევის ადგილზე, იქვე უნდა დალუქულიყო. ტელეფონი იყო დაულუქავ მდგომარეობაში. როცა პრეტენზია გამოვთქვი, მითხრა, რომ შემეძლო ხელმძღვანელობისთვის დამერეკა. დავლუქე და გავატანე უკან. ტელეფონს სანამ დავლუქავდი, იმ მომენტისთვის ის გამორთული იყო. სანამ მომიტანდა ამ ტელეფონს, სავარაუდოდ მოხდებოდა ამ ტელეფონის ან გახსნა ან დათვალიერება.

მეორე თუ მესამე დღეს, ოქმის საფუძველზე ტელეფონი გავხსენი და დავიწყე დათვალიერება. ვათვალიერებდი ყველა შეტყობინებას, შემავალ და გამავალ ზარებს, ვოცაფს და ვაიბერს. რომ ვათვალიერებდი, გამიჩნდა ერთადერთი კითხვა - 18 ივლისის ზევით (ანუ დავუშვათ 17, 16, 15 რიცხვის) არანაირი ნომრები და მესიჯები არ იყო შემოსული, იყო მხოლოდ სარეკლამო ტიპის შეტყობინებები. ეს ძალიან გამიკვირდა, რადგან ასეთი გაქანების გოგოს, მითუმეტეს ასეთ ადგილას მუშაობდა, წესით უნდა ყოფილიყო რამე ზარები. ელგუჯა აპუაშვილს ეს ტელეფონი არ უნდა ჰქონოდა. კითხვებია - ვინ მისცა ეს ტელეფონი, ვინ გამოატანა? ტელეფონს არ ჰქონდა არანაირი ლაქა. თუ იქნებოდა, ჩვენ ოქმში მივუთითებდით - რადგან როცა რამე დაზიანებაა ნივთზე ან ლაქა, ამას ვუთითებთ, რომ შემდგომ, თუნდაც მფლობელს პრეტენზია არ გაუჩნდეს", - ამბობს საქმის გამომძიებელი შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში.

 

შუბითიძე ასევე ამბობს, რომ გამოძიების დროს ყველა გამომძიებელს პროკურატურიდან გამოეგზავნა წინასწარ გაწერილი კითხვარი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ და მის ფარგლებს არ გასცდენოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმის დასრულების შემდეგ, ელგუჯა აპუაშვილი დაწინაურდა. 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати