USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
дата:  428

საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის განცხადებით, 2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ.

„ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.

სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა, ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2020 წლის 19 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში. მოცემული მომენტისთვის ბრალდებული პოლიციის ხსენებულ განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა.

ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 16:00-16:30 დროის პერიოდში, სანამ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდებოდა, მასთან გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში მოუტანა. ბრალდებულის მონათხრობით, თითქოს, ელგუჯა აპუაშვილმა მას ასევე გადასცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალდებულს უნდა დაელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი. ბრალდებულის ჩვენებით, მობილური ტელეფონი იყო გაწმენდილ მდგომარეობაში, რომელიც მან დალუქა და ელგუჯა აპუაშვილს უკან გაატანა. მისივე განმარტებით, 2020 წლის 23 ან 24 ივლისს, მობილური ტელეფონის დათვალიერების მიზნით, გახსნა მის მიერვე დალუქული პაკეტი, რის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 13:35 საათიდან 19:20 საათამდე დროის მონაკვეთში, დათვალიერდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორია და თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან, სხვა ნივთებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდა. უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უწვეტად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედების პროცესის ვიდეოგადაღება, ასევე განხორციელდა ადგილმდებარეობის და შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. ვიდეოჩანაწერში ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი არ მონაწილეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა ელგუჯა აპუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი ბრალდებულს მიუტანა დაულუქავ მდგომარეობაში, გასუფთავებული და მასზე არ აღინიშნებოდა არანაირი ლაქა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, შესაბამისი პროცედურის დაცვით, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა: ტელეფონი დასვრილი იყო გვამიდან გამოჟონილი სითხით და მატლებით, რის გამოც ექსპერტების მიერ სპეციალურ მაგიდაზე არსებულ თაბახის ფურცელზე მოთავსების შემდგომ, შეხვეულ იქნა დოლბანდში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში.

იმავე დალუქული სპეციალური პაკეტით, ისე, რომ არ მომხდარა მისი გახსნა, 2020 წლის 23 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, მასზე არსებული კვალის ნიმუშების აღების მიზნით, არა ბრალდებულის, არამედ სხვა გამომძიებლის მიერ იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. აღნიშნული დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის წერილით ირკვევა, რომ გამომძიებელს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, სამ სხვა პაკეტთან, მათ შორის - მობილური ტელეფონიდან აღებულ ე.წ. „შემკვრივებულ მასასთან“ ერთად უბრუნდება. დალუქული მობილური ტელეფონი, იმავე დღეს, იგზავნება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის, საიდანაც, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, საგამოძიებო ორგანოს უბრუნდება 2020 წლის 12 აგვისტოს. 2020 წლის 22 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, დალუქული მობილური ტელეფონის გახსნა არცერთი გამომძიებლების მიერ არ მომხდარა.

ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც 2020 წლის 23 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ნიმუშები აიღო. ექსპერტმა გამოკითხვისას განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი იყო დალუქული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სპეციალურ პაკეტში და მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტის ჩვენებით, ნივთმტკიცების გახსნისას აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი ჭრელი ფერის დამცავით მოთავსებული იყო თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში, შეხვეული იყო სამედიცინო დოლბანდში, ნივთმტკიცების პაკეტში იყო მატლები. ექსპერტის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საექსპერტო დასკვნის ფოტოილუსტრაციასთან, საიდანაც დასტურდება, რომ ექსპერტთან მობილური ტელეფონი მივიდა შემთხვევის ადგილზე მისი დალუქვისას არსებული მდგომარეობით და შუალედში ლუქის გახსნას ადგილი არ ჰქონია - შემთხვევის ადგილზე გამოყენებული სპეცპაკეტის გახსნის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი პირვალდენი მდგომარეობის აღდგენა. ასევე, აღსანიშანვია, რომ ბრალდებულის მიერ ინტერვიუს დროს ხსენებული ლუქის გამოყენება, სპეცპაკეტის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება - სპეცპაკეტი განკუთვნილია ნივთების დასალუქად და ცალკე ლუქის დაწებებას/დაკვრას არ საჭიროებს.

შესაბამისად, უტყუარად დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დაილუქა შემთხვევის ადგილზე და ამავე, დალუქულ მდგომაროებაში, მეორე დღეს, 23 ივლისს, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ - ლ. სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც დაბრუნდა 2020 წლის 12 აგვისტოს. ამდენად, ცალსახაა, რომ 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დაულუქავ მდგომარეობაში, ბრალდებულთან ვერ მოხვდებოდა და ის მომდევნო დღეებში ტელეფონს ვერ დაათვალიერებდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 16:46 საათამდე ბრალდებული იმყოფება რუსთავში, ხოლო 16:48 საათზე უკვე ფონიჭალაშია და მოემართება თბილისისკენ, სადაც რჩება 23 ივლისის 01:29 საათამდე. შესაბამისად, იმ პერიოდში, როდესაც სერგო შუბითიძე უთითებს ელგუჯა აპუაშვილის მიერ ტელეფონის მიტანას, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არის შემთხვევის ადგილას და გამომძიებლების, ექსპერტების და ადვოკატის მონაწილეობით ხორციელდება მობილური ტელეფონის ამოღების პროცედურები. თავად სერგო შუბითიძე კი ამდროს იმყოფება თბილისში.

ბრალდებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე ისაუბრა, რომ თითქოსდა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში შენახული იყო მხოლოდ 2020 წლის 18 ივლისის შემდგომი პერიოდის ინფორმაცია, ხოლო მანამდე არსებული ინფორმაცია წაშლილი იყო.

აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებითაც გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის - არც სერგო შუბითიძის მიერ. ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი. სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა სატელევიზიო ინტერვიუში და სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განმარტა, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხა იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც დასაქმებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. მას წინასწარ განუსაზღვრეს ის კითხვები, რომლებიც უნდა დაესვა მოწმეებისთვის. ბრალდებულის განმარტებით, მან გამოკითხა კომპანიის 4-6 თანამშრომელი.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმიდან ამოღებულ იქნა კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი არ არის შედგენილი ბრალდებულის მიერ. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა აღნიშნული კომპანიის ყველა, 45-ვე თანამშრომელი, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ბრალდებულს არც ერთ მათგანთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც, დაკავებულმა, სასამართლოს, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, 2020 წლის 29 ივლისს, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. ამის შემდგომ ოჯახმა მოითხოვა საქმის გადაცემა პროკურატურისთვის, რაც ასევე დაკმაყოფილდა და 2020 წლის 17 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე გადაეცა თბილისის პროკურატურას.

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ “facebook”-იდან და „Instagram“-იდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის “facebook და Instagram ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რაც შეეხება დაკავებულს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული დაახლოებით 1500 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებიდან, მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულია სამედიცინო ექსპერტი და გამომძიებელი, ასევე, მან თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, შეადგინა 11 ნიმუშის აღების ოქმი, 2 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 4 დათვალიერების ოქმი და 2 ამოღების ოქმი. სხვა საგამოძიებო მოქმედებები ხსენებულ პირს თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ ჩაუტარებია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати