„თალიბანი“ აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებთან მშვიდობიანად ცხოვრება სურს, სხვების საქმეებში ჩარევას არ აპირებს და არც ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას დაუშვებს.
ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ უთხრა „თალიბანის“ პოლიტიკური ბიუროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუჰამედ ნაიმმა. მისივე თქმით, თალიბებმა მიაღწიეს „საკუთარი ქვეყნის თავისუფლების და ხალხის დამოუკიდებლობის“ მიზანს.
ნაიმის მტკიცებით, თალიბები უზრუნველყოფენ უცხო ქვეყნების მოქალაქეების და უცხოური მისიების წარმომადგენელთა უსაფრთხოებას და მზად არიან ავღანეთში ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგისთვის.
ნაიმის განცხადებითვე, „თალიბანი“ პატივს სცემს ქალების და უმცირესობათა უფლებებს, თუმცა, მხოლოდ შარიათის ფარგლებში. „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ავღანეთში ომი დასრულებულია, მომავალი სახელმწიფო წყობის ფორმას კი, უახლოეს ხანში განსაზღვრავენ. ნაიმის თქმით, თალიბებს არ სჯერათ, რომ უცხოელი სამხედროები შეძლებენ ავღანეთში შეუმდგარი ექსპერიმენტის გამეორებას.