ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, იმ უბნებში, სადაც კომისიამ ხმები სწორად დათვალა, მან ამომრჩეველთა ხმების 60-70% მიიღო.
„ბელარუსებს აღარასოდეს მოუნდებათ ამ ხელისუფლებასთან თანაცხოვრება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გაფიცვებში მონაწილეობს. არჩევნების ჭეშმარიტი შედეგები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა დავიცვათ. ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეაჩერონ ძალადობა“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
მან ასევე მოუწოდა ბელარუსის ქალაქების მერებს, 15-16 აგვისტოს მშვიდობიანი აქციები გამართონ.
11 აგვისტოს სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსიდან წასვლის თაობაზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ არავის უსურვებს ისეთი არჩევანის წინაშე დადგომას, რომლის წინაშეც თავად აღმოჩნდა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.