USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
სუს-ი „ჰავანის სინდრომით“ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
თარიღი:  477

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო პერიოდში, კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინფორმაციის წყარო უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს, „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი.

„მედიასაშუალებებში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის.

სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის.

აქვე გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომელიც The Insider-ის, ამერიკული ტელეარხ CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეული გაზეთის, Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს, ე.წ. „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევები, რომელიც ამერიკელ დიპლომატებს, მათი ოჯახის წევრებს, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებს გამოუვლინდათ, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ყოფილი გრუ - რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს) მთავარი დირექტორატის ქვედანაყოფ 29155-ის თანამშრომლების საიდუმლო ოპერაციის შედეგია.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ "ჰავანას სინდრომის" სიმპტომები ამერიკელებში გამოჩნდა იმავე პერიოდებში და იმავე ადგილებში, როდესაც და სადაც ქვედანაყოფ 29155-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის აგენტების გადაადგილება ევროპის მასშტაბით 2014 წელს დაემთხვა უცნაური თავდასხმების სერიას მაინის ფრანკფურტში ამერიკის საკონსულოს თანამშრომლებზე. 2016-2017 წლებში ჩინეთში, 29155 აგენტების ჯგუფის ჩაფრენის შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატებმა ჯანმრთელობის უცნაური პრობლემების შესახებ საუბარი დაიწყეს და 2021 წელს, საქართველოში, სადაც 29155 განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამერიკელი დიპლომატის მეუღლეს, მინორის სინდრომი დაუდგინდა. „უცნაური დამთხვევები“ ასევე დაფიქსირდა ბელგრადსა და ჰანოიში 2021 წელს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ორმა სავარაუდო მსხვერპლმა, რომლებსაც „ჰავანას სინდრომის“ სიმპტომები გამოუვლინდათ, თავდასხმების სავარაუდო მონაწილეები ფოტოებიდან ამოიცნეს: მაინის ფრანკფურტში აგენტი იეგორ გორდიენკო ჯანმრთელობის გაუარესებამდე ნახეს, თბილისში კი - ალბერტ ავერიანოვი, ქვედანაყოფის მეთაურის ანდრეი ავერიანოვის ვაჟი დააფიქსირეს.

კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის, თბილისში აშშ-ის საელჩოში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს მეუღლე იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც თბილისში, დიღომში ყოფნისას თავი ცუდად იგრძნო, სახლის უსაფრთხოების კამერაში გაიხედა და შავი ფერის „მერსედესი“ და მაღალი, გამხდარი მამაკაცი დააფიქსირა. ქალმა მამაკაცსა და მის ავტომობილს ტელეფონით ფოტოები გადაუღო. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ აღნიშნული მამაკაცი აღარ უნახავს და მხოლოდ სამი წლის შემდეგ, როდესაც ალბერტ ავერიანოვის ფოტო აჩვენეს, ის ამოიცნო.

მედიის გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ინციდენტებს, რომელიც „ჰავანას სინდრომის" სახელითაცაა ცნობილი, შესაძლოა, ქვედანაყოფ 29155-ის წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღი იწვევდა. გამოძიების მთავარ აღმოჩენებს შორის არის ის ფაქტი, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა მიიღეს ჯილდოები და პოლიტიკური დაწინაურება „არალეტალური აკუსტიკური იარაღის“ შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის, ეს ტერმინი რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც ულტრაბგერით ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობების აღსაწერად გამოიყენება.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის