USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
სულთმოფენობას გილოცავთ-სულიწმიდა ფარავდეს საქართველოს!
თარიღი:  552

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა, გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე, „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდამყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი”…

როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა მათ ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავდნენ ებრაელები იმ დროს, როდესაც სულიწმიდა გარდამოხდა ზეციდან და ცეცხლოვანი ენების სახით მოციქულებს თავებზე დაადგრა. არ არსებობს ღვთის განგებულებაში არავითარი შემთხვევითობა… მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა შჯული ებრაელებს, ხოლო სულიწმიდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე… ასეთი სიმბოლური მსგავსება ამ მოვლენებისა ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო, ასევე ნიშანი იყო იმისა, რომ „ერთი და იგივე არს ძველისა და ახლისა შჯულისა მომცემელი”…

ოდესღაც ენები, კაცთა მზაკვრული ზრახვების გამო გაიყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, დღეს კი სულიწმიდის მადლითა და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ,… მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, ახლა კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, გულისხმაყონ და ისწავლონ ერთმანეთისგანაც, რომ ჩვენთან არს ღმერთი, მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა… მოეცათ ენები მოციქულებს, რათა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება მთელს ქვეყანაზე, და მას შემდეგ ყოველი მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა სულიწმიდის მადლით ქადაგებს და იღწვის… ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც შეურყვნელად არის დაცული ქრისტეს სარწმუნოება და მოძღვრება, სულიწმიდის მადლია დავანებული… და სულიწმიდა არის ჭეშმარიტი მოძღვარი, მასწავლებელი და მქადაგებელი ეკლესიაში… სწორედ ამ ჭეშმარიტების დასამოწმებლადაც ამბობს წმ. იოანე ოქროპირი ეკლესიის შესახებ: “ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი არ არის მამა”… სულიწმიდა არის სული ღვთისა, თანასწორი მამისა და ძისა „რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს„ მადლითა თვისითა, სულიწმიდაა, „ნათელი და ნათლის მომცემელი კაცთათვის, რომლისა მიერ მამა იცნობების და ძე იდიდების და ყოველთა მიერ საცნაურ იქმნების”, ვერავინ ვერსად დაემალება სულიწმიდას, ვერც კეთილისმოქმედი და ვერც ბოროტისმოქმედი, არ არსებობს არცერთი ზრახვა გავლებული ადამიანის გულში, რომელსაც სულიწმიდა ვერ გაიგებს. ამიტომაც სულიწმიდა ნუგეშინისმცემელია კეთილთათვის და საშიშია ბოროტთათვის. შევთხოვოთ უფალს – სულიწმიდას, რომ მოგვმადლოს ნიჭები სიკეთისა, სიყვარულისა, სიმდაბლისა, სარწმუნოებისა, სიმშვიდისა, ლოცვისა, მარხვისა, მიტევებისა და მოთმინებისა… შევთხოვოთ სულიწმიდას საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, საქართველოში სიყვარულისა და მშვიდობის დამკვიდრება… ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

დღეიდან უკვე ითქმება, დასაწყის ლოცვებში ყველა ჩვენთაგანისათვის საყვარელი ლოცვა ღვთისადმი, და მინდა მოგიწოდოთ ეხლა, რომ ვთქვათ ეს ლოცვა ერთად: მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რადგან ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

ამასთან, მომავალი კვირა, 8 ივნისიდან, მორწმუნეებისთვის მსგეფსია, რომლის დროსაც ხსნილია ყოვლითურთ.
15 ივნისიდან კი პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყება, რომელიც 12 ივლისს, დღესასწაულზე დასრულდება.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის