USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
სტუ-ს კანცლერი კარლო კოპალიანი - საქართველოს ტექნიკურ უნივერსტიტეტში თანამშრომელთა ატესტაცია იწყება
дата:  629

რამ განაპირობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტრუქტურული რეორგანიზაციის წარმართვა და რატომ დადგა დღის წესრიგში ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კონკურსის ჩატარების აუცილებლობა, რა მიზანს ისახავს კონკურსი, როგორია მისი პირობები და რა ეტაპების გავლა მოუწევს აპლიკანტს. ამ თემებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, დოქტორი კარლო კოპალიანი საუბრობს.

- დიდი ხანია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მსგავსი ღონისძიება არ გატარებულა. შეიცვალა თანამედროვე მიდგომები უმაღლესი განათლების სფეროში. შესაბამისად, უნივერსიტეტის შიგნითაც იცვლება მიდგომები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დღეს უკვე სხვა კვალიფიკაციის სპეციალისტები სჭირდება, სხვაგვარად, უნივერსიტეტის გამართულად ფუნქციონირება და მისი განვითარება წარმოუდგენელია.

კონკურსი, რომლის ჩატარებაც დაგემილი გვაქვს, დახურული ტიპისაა და თავისი არსით ატესტაციას უახლოვდება. მასში მხოლოდ ჩვენი თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. გვაინტერესებს გავზომოთ, რა შესაძლებლობები გააჩნიათ ჩვენს თანამშრომლებს და რამდენად შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობებს. კონკურსი ლოგიკური გაგრძელებაა ტექნიკურ უნუივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციისა. არ არის დასამალი, სტრუქტურაც საკმაოდ მოძველებული იყო. მეტიც, ადგილი ჰქონდა სტრუქტურულ დუბლირებებს - ერთი და იგივე ფუნქცია შეიძლება ორ სხვადასხვა დეპარტამენტს ჰქონოდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, მსგავსი ხარვეზი ბოლომდე აღმოგვეფხვრა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა არაგონივრულად იყო გაზრდილი - ჯამურად ფუნქციონირებდა 40-მდე დეპარტამენტი. რეორგანიზაციის შედეგად, მოვახდინეთ ოპტიმიზაცია: უფრო მობილური, მოქნილი სტრუქტურა შევიმუშავეთ და ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა 20-მდე დავიყვანეთ. უნდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ჩატარების უმთავრესი მიზანი თანამშრომელთა კვალიფიკაციის გაზომვაა. სწორედ ამიტომაა ეს კონკურსი შიდა. სამწუხაროდ, შესაძლოა, თანამედროვე მოთხოვნებისა და უნივერსიტეტის ახალი სტრუქტურის გათვალისწინებით, ზოგიერთმა აპლიკანტმა ვერ დააკმაყოფილოს საკონკურსო მოთხოვნები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომები თანამშრომლების მხრიდან აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს გარკვეული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ასევე, შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და 100-წლოვანი ტრადიციების მქონე საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, მისი ადმინისტრაცია მუდმივად უნდა ცდილობდეს სტანდარტების შენარჩუნებასა და ხარისხის უზრუნველყოფას.

სტრუქტურული რეორგანიზაცია იმითაც იყო განპირობებული, რომ დაგვეძლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - სპეციალისტების მიზერული ანაზღაურება, 300 და 400-ლარიანი ხელფასების არსებობა, რაც რეორგანიზაციის შემდეგ შეიცვლება. გარდა ამისა, საშტატო ანაზღაურება არ იყო სისტემატიზირებული და რანჟირებული. რეაორგანიზაცია ითვალისწინებს ამ ყველაფრის სრულყოფას და ერთიან სისტემაში მოქცევას. უკვე 15-20%-ით გაიზარდა აკადემური პერსონალის ანაზღაურება. ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია ადმინისტრაციის თანამშრომლების, სპეციალისტების ანაზღაურება 50%-ით და უფრო მეტადაც გაიზარდოს.

პარალელურად, არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც - პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი ფორმირდება სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურით. ეს მეტად ფაქიზი თემაა. სწორედ ამის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს სტუდენტის სწავლა-განთლებასა და უნივერსიტეტის განვითარებას, რისთვისაც საკმარისი სახსრები უნივერსიტეტს აღარ რჩებოდა. რეორგანიცაციის შედეგად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა გაუჩნდეს განვითარების რეალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს უპასუხოს.

- რას ითვალისწინებს საკონკურსო პირობები და რა ეტაპები ექნება აპლიკანტს გასავლელი?

- კონკურსი უკვე გამოცხადებულია და შესაბამისი მოთხოვნები ატვირთულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. რექტორის ბრძანების თანახმად, შექმნილია საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიები. მიმდინარეობს დამხმარე პერსონალის ინფორმირება რეორგანიზაციის თაობაზე. კანონის თანახმად, რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტი ყველა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს გადაეცათ გასაცნობად.

კონკურსი შედგება შემდეგი ორი ეტაპისაგან - ეს არის ტესტირება და გასაუბრება.

აპლიკანტთა რეგისტრაცია წარმოებს 12 ივლისის ჩათვლით, უნივერისტეტის კანცელარიის მეშვეობით.

ტესტირება გულისხმობს კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმებას. მომზადებულია საკონკურსო დავალებები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტები კი მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ ტესტირების ჩატრებას. იმისთვის, რომ ტესტირება გავლილად ჩაეთვალოს, აპლიკანტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს. კონკურსის მონაწილეს მოუწევს საშუალო სირთულის დავალების შესრულება, რაც წესით და რიგით, არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს უნივერსიტეტის თანამშრომლისთვის.

კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება მიმდინარე წლის 15 ივლისს, ხოლო შედეგები ცნობილი გახდება 16-დან 19 ივლისამდე. საპრეტეზიო განაცხადის შეტანის ვადა განსაზღვრულია 21 ივლისამდე. ნებისმიერ აპლიკანტს შეეძლება მიმართოს საპრეტენზიო კომისიას.

პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ, 19-დან 29 ივლისის ჩათვლით, ჩატარდება საკონკურსო მომდევნო ეტაპი - გასაუბრება. ვადები გათვლილია ისე, რომ აპლიკანტმა თავისუფლად მოასწროს საპრეტენზიო განაცხადის შეტანა და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, 29 ივლისამდე გასაუბრების გავლაც. გასაუბრების შედეგზე საპრეტენზიო განაცხადის ვადა განსაზღვრულია 29 ივლისიდან 3 აგვისტომდე.

ჩვენ დავუშვით ამგვარი მიდგომა: აპლიკანტს საკონკურსო განაცხადის შეტანა შეუძლია არა მხოლოდ თავის პოზიციაზე, არამედ განსხვავებულ პოზიციაზეც. ვფიქრობთ, ამით ყველას მივეცით ფართო არჩევანის საშუალება. მით უმეტეს, რომ არის დეპარტამენტები, რომლებიც უქმდება და თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, საკონკურსო განაცხადი სხვა სასურველ თანამდებობებზეც შეიტანონ. ცხადია, უმაღლესი განათლება მთავარი მოთხოვნაა, თუმცა არის გარკვეული დაშვებები, მაგალითად, ლაბორანტებად შესაძლებელია სტუდენტებიც მივიღოთ.

-  როგორ ფორმირდება საკონკურსო კომისია და რას გაითვალისწინებს ის?

-  აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმოქმედებს სამუშაო ჯგუფი და ორი საკონკურსო კომისია. სამუშაო ჯგუფი კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს შეაფასებს, ხოლო კომისიები - გასაუბრების შედეგებს შეაფასებენ. ამ ორი კომისიიდან, ერთი ადმინისტრაციის დამხმარე პარსონალის კვალიფიკაციას შეაფასებს, ხოლო მეორე - ფაკულტეტების დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციას. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა - უნივერსიტეტს მრავალრიცხოვანი პერსონალი ჰყავს და ერთი კომისია ეფექტურად ვერ უზრუნველყოფდა შედეგების მოკლე დროში წარდგენას. ამიტომ, რექტორის ბრძანებით, გასაუბრების ეტაპისათვის, ორი კომისიის შექმნა გადაწყდა.

-        იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი, საპატიო მიზეზის გამო, ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, რამდენად იქნება მისი მდგომარეობა გათვალისწინებული და უფლებები დაცული?

- რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული. პირველ რიგში, პანდემიას ვგულისხმობ, და არა მხოლოდ. აქ იგულისხმება ჯანმრთელობის გაუარესების სხვა შემთხვევებიც, ოჯახის წევრის გარდაცვალება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებიც. ასეთ დროს, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი 30 ივლისამდე. მათ მიეცემათ საშუალება, გაიარონ ორივე საკონკურსო ეტაპი და საჭიროების შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიასაც მიმართონ.

-  როდის გახდება ცნობილი კონკურსის საბოლოო შედეგები და რა ვადაში დაკომპლექტდება უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები?

-  ონკურსის საბოლოო შედეგები 2021 წლის 6 აგვისტოს გამოცხადდება და სტრუქტურული ერთეულების დაკომპლექტებაც მალევე მოხდება.

-  რამდენად აისახება უნივერსიტეტის სამომავლო საქმიანობაზე კონკურსის შედეგები, უფრო ზუსტად, რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნული კონკურსიდან?

- სტრუქტურული მოწყობის საკითხებზე ჩვენ არაერთი კონსულტაცია გავიარეთ ჩვენს დამეგობრებულ უნივერსიტეტებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.   რაც შეეხება რეორგანიზაციას, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკონომიკური ეფექტის მიღებაა. ჩვენი გათვლებით, რეორგანიზაციის პირველი დადებითი ეფექტი, რომელიც უკვე მივიღეთ, აკადემიური პერსონალის გაზრდილი ანაზღაურებაა. მეორე მოსალოდნელი ეფექტი იქნება უნივერსიტეტის განვითარებისთვის რესურსების მობილიზება და სტუდენტებისთვის გაუმჯობესებული საუნივერსიტეტო სერვისების შეთავაზება. ამასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ყველა მიმართულებით შეიქმნას საუნივერსიტეტო თემატური სამეცნიერო-კვლევითი კლასტერები, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნამდვილად ღირდა რეორგანიზაციის განხორციელება და მასშტაბური ეფექტის მომსწრენიც მალე გავხდებით - მომავალ წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს განახლებული სასწავლო ინფრასტუქტურით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებული პერსონალით, შრომის გაუმჯობესებული პირობებითა და მოქნილი სტუდენტური სერვისებით შევხვდებით. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, სტუდენტებისთვის თანამედროვე ტიპის სარეკრეაციო სივრცე მოვაწყოთ, რისთვისაც უკვე მოვიძიეთ თანხა რეორგანიზაციის შედეგად.

რეორგანიზაციის დადებითი ეფექტი, რასაკვირველია, უნივერსიტეტის პერსონალზეც დადებითად აისახება. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა თანამშრომელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, შეარჩიონ სასურველი პოზიცია და გააგრძელონ მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებისთვის.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати