USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტის არსებობის მანძილზე პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია
дата:  504

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის და აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით, უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია, რომლებიც საქმიანობას საზოგადოებრივ საწყისებზე განახორციელებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულმა აკადემიური საბჭოს სხდომამ, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ წრეებთან ერთად, საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი ქართველი, ევროპელი, აზიელი და ამერიკელი მეცნიერები ესწრებოდნენ, სამეთვალყურეო საბჭოს 18 წევრი სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის, ლავრენტი გუდავაძის წარდგინების საფუძველზე აირჩია.

სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ედვარდ ჩარლზ ბლაჩერი (აშშ) - პროფესორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენრიკო ფერმის ინსტიტუტის დირექტორი, სტენფორდის მიწისქვეშა კვლევების კომპლექსის პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის წევრი; სატოში მიჰარა (KEK, ცუკუბა, იაპონია) - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, შოთა რუსთაველის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მრჩეველი მეცნიერებაში, 2015-2021 წწ., მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევის ორგანიზაცია (KEK), ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტი, COMET კოლაბორაციის მენეჯერი; ტიციანო კამპორეზი (CERN, ჟენევა, შვეიცარია) - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, შოთა რუსთაველის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონი, CERN/CMS ჯგუფის ყოფილი ლიდერი, CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი; ლეხ ძენისი (პოლონეთი) - პროფესორი, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტი 2012-2020 წწ., ფონდ EKOFUNDUSZ-ის ექსპერტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის გარემოსდაცვითი ინჟინერიის კომიტეტის წევრი 2012-2015 წწ.; რიჩო ლაზაროვი (აშშ) - მათემატიკოსი, პროფესორი, ემერიტუსი - ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, მათემატიკისა და ინფორმატიკის ინსტიტუტი, ემერიტუსი - მათემატიკის დეპარტამენტი, ტეხასის უნივერსიტეტი (აშშ), სკოპუსის მიხედვით ციტირება 5469, h ინდექსი-36; იურე ზოვკო (ხორვატია) - ფილოსოფოსი, ფილოსოფიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტი (პარიზი), ფილოსოფიისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი (ბრიუსელი, ბელგია), FISP-ის მმართველი კომიტეტის წევრი; რამაზ ხუროძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი; ზვიად წამალაიძე - სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი. 2000 წლიდან დღემდე მონაწილეობს ექსპერიმენტებში, რომლებიც ტარდება CERN, KEK, JPARC, არის აღნიშნულ ექსპერიმენტებში კოორდინატორი საქართველოდან; ირაკლი გუჯაბიძე - სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამთო-გეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი; მინდია უგრეხელიძე - პროფესორი, სამართალმცოდნე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - 1990-1999, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე - 1999-2009; გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; ტარიელ კვიციანი - სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის #101 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; ჯუმბერ იოსებიძე - სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; დავით თავხელიძე - სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; რევაზ კლდიაშვილი - სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი; რუსუდან ქუთათელაძე - სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; ვახტანგ კვარაცხელია - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი; ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მას-დელ-პლატას უნივერსიტეტის (არგენტინა) საპატიო დოქტორი, თბილისის და მანსის (ინდიანა, აშშ) საპატიო მოქალაქე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, თავის გამოსვლაში აღნიშნა, განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ უნივერსიტეტი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება, რაც ასევე გულისხმობს სწავლა-სწავლების მეთოდიკის კიდევ მეტად დახვეწასა და უნივერსიტეტის მრავალმხრივ განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ავირჩიეთ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აკადემიურმა საბჭომ შემთხვევით არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანდიდატურებს - თითოეული თქვენგანი, მსოფლიო მასშტაბით, გამორჩეული მეცნიერია. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით მეცნიერების განვითარებაში, ატარებთ უმნიშვნელოვანეს, ფუნდამენტურ კვლევებს, ხსნით ურთულეს ამოცანებს, რომელთა დიდი ნაწილი ცნობილ სამეცნიერო სტატიებშია მოხსენიებული და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული - სწორედ ეს არის აკადემიური საბჭოს ერთსულოვნების მიზეზი! წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს ახლად არჩეულმა წევრებმა რექტორს და აკადემიურ საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати