USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და დანტე ალეგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, ნინო ცერცვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
Date:  429

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანტე ალეგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და  დანტე ალეგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა ნინო ცერცვაძემ,  მოაწერეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ენრიკო ვალვო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია სულავა, დანტე ალეგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე და კომიტეტის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-სა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, კიდევ ერთი დადასტურებაა ორ ქვეყანას და ასევე, სტუ-სა და იტალიის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების საქმეში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს მეგობარი ქვეყნების ენის, მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაციაში. ჩვენთან მოქმედებს ლიეტუვური ენის, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი, სადაც ასობით სტუდენტი დაეუფლა ევროპის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის ენას, გაიცნო მათი კულტურა და მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამებში. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,  ჩვენს მიერ ერთობლივად შემუშავდა საერთაშორისო პროექტი - ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდაქტიკური ცენტრის (,,დანტეს კაბინეტის“) გახსნა და იტალიური ენის ეფექტური და ხარისხიანი სწავლების ინტერდისციპლინარული კურსების ორგანიზება". პროექტი დაფინანსებულია დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისის მიერ, მადლობა მათ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო პროექტის ფარგლებში  დანტე ალიგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტმა, სტუ-სთან თანამშრომლობით ჩაატარა კონკურსი, რომლის შედეგად იტალიური ენის ინტერდისციპლინარული უფასო კურსებზე ჩასარიცხად, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის 108 კანდიდატიდან შეარჩია 53 მსმენელი, რომელთა შორის, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, აირჩა აგრეთვე 14 მსმენელი სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და დოქტორანტებს შორის.

„პროექტი ითვალისწინებს იტალიური ენის სასწავლო კურსების წარმართვას 2022-23 სასწავლო წლის 2 სემესტრის განმავლობაში და სწავლების დაწყების თარიღად შერჩეულ იქნა 17 ოქტომბერი, რომელიც ემთხვევა იტალიის მთავრობის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებას, კერძოდ,  „იტალიური ენის XXII მსოფლიო კვირეულს“.  განხორციელების ფაზაშია,  აგრეთვე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელიც  გულისხმობს მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი ჰიბრიდული სასწავლო აუდიტორიის გახსნას.  აუდიტორია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო სტანდარტებით იქნება აღჭურვილი ცნობილი ამერიკული კომპანიის Zoom.Us-ის და დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის თანამშრომლობის შედეგად. მოხარული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობის საწყის ეტაპზე, დანტე ალიგიერის საზოგადოება ორი ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუს-ს მიერ გამოყოფილ სივრცეში განახორციელებს დაახლოებით 25 000-30 000 ევროს ოდენობის გრანტის ინვესტიციას“, - განაცხადა ნინო ცერცვაძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და დანტე ალეგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულება ენრიკო ვალვომ.

„ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა უნივერსირტებს შორის. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღევანდელი ღონისძიება არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მსოფლიოში იტალიური ენის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო აღნიშნავს და ასევე, სასიამოვნოა, ღონისძიება ემთხვევა საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს. ჩვენი ხალხების განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია ისიც, რომ იტალიური შევიდა სკოლებში როგორც ერთ-ერთი უცხო ენა, რომელსაც წელს 6500 სტუდენტი ეუფლება. მადლობა რექტორს თანამშრომლობისთვის, იმედი მაქვს დანტე ალეგიერის საზოგადოების ეს ინიციატივა იქნება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობის გარანტი“, - განაცხადა ენრიკო ვალვომ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way