საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა. "ქართული ოცნების" მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 იანვარს გამოქვეყნდა.
კერძოდ, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თანახმად, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ დაემატა ქვეპუნქტი, რომელსაც ჩამონათვალში შეჰყავს №407 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.
შეგახსენებთ, მთავრობამ სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა 2024 წლის 23 ოქტომბერს დაამტკიცა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის და 330-ე მუხლის მიზნებისათვის.