USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით, 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა
дата:  

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს პრესრელიზში აღნიშულია, რომ დიდი პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" (II) (განცხადება №38263/08) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა სამართლიანი კომპენსაციის საკითხი (მუხლი 41). საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც იწვევს კონვენციის სხვადასხვა დარღვევას 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

სასამართლოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დიდი პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში სამართლიანი კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ჰქონდა იურისდიქცია განეხილა განმცხადებელი მთავრობის პრეტენზიები სამართლიანი კომპენსაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოში წევრი აღარაა და რომ მოპასუხე მთავრობის წარმომადგენლობა არ ეთანამშრომლა, არ წარმოადგენს დაბრკოლებას საკითხი განეხილათ.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 3 250 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა სულ მცირე 50-მა მსხვერპლმა სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებსა და „ბუფერულ ზონაში“ სამოქალაქო პირების მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად და მოპასუხე მთავრობამ არ შეასრულა პროცედურული ვალდებულება, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება ამ მკვლელობებზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 2 697 500 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და თვითნებური დაკავების ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად სულ მცირე 166 მსხვერპლმა განიცადა, რომლებიც 2008 წლის 10-27 აგვისტოს ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ იყვნენ დაკავებულები.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 640 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა ქართველი ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის სულ მცირე 16-მა მსხვერპლმა 2008 წლის 8-27 აგვისტოს ცხინვალში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს უნდა მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 115 000 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა სულ მცირე 23 000-მა ადამიანმა ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად, რომელიც ქართველებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავიანთ სახლებში დაბრუნებაში უშლის ხელს.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 8 240 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა მინიმუმ 412 მსხვერპლმა იმის გამო, რომ მოპასუხე მთავრობამ არ შეასრულა ვალდებულება, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში მომხდარი გარდაცვალების შემთხვევების შესახებ.

პრესრელიზში განმარტებულია, რომ წინამდებარე საქმეზე ძირითადი გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს გამოიტანეს, რის შემდეგაც სასამართლომ განმცხადებელი მთავრობა და მოპასუხე მთავრობა მიიწვია, საქმეზე თავიანთი შენიშვნები წარედგინათ.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати