USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Тбилиси
სტეფანი ნადი ოლსონი და მისი We Are Rosie
дата:  619

2018 წელს, 10 000 დოლარით, სტეფანი ნადი ოლსონმა შექმნა სრულად ვირტუალური პლატფორმა, რომელიც დამოუკიდებელ მარკეტოლოგებს სამუშაოს პოვნაში ეხმარებოდა. სამი წლის შემდეგ კომპანია 110 მილიონ დოლარად შეფასდა.

სტეფანი ნადი ოლსონმა თავბრუდამხვევი კარიერა იმით დაიწყო, რომ Microsoft-მა იგი მომხმარებელთან ურთიერთობების ყველაზე ახალგაზრდა მენეჯერად აიყვანა. 28 წლის ასაკში, სილიკონ ველიში, სტეფანი უკვე აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. სტრესული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა და სწორედ მაშინ დაინახა, რომ ტრადიციული სამუშაო სისტემა მილიონობით ნიჭიერ ადამიანს რიყავდა. მან ამ პრობლემის მოგვარება დასაქმებულთა დაქირავების ახალი ტიპის პლატფორმის შექმნით გადაწყვიტა. აშშ-ში დროებითი სააგენტოები 196 მილიარდი დოლარის ბიზნესს წარმოადგენს. ოლსონის საქაღალდეები სავსე იყო მარკეტინგის ხელმძღვანელთა სავიზიტო ბარათებით, რომელთაც ღონისძიებებისთვის, კამპანიებისთვის და სოციალური მედია ინიციატივებისთვის ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Twitter და Hulu, მარკეტოლოგების გუნდები სჭირდებოდათ. 2018 წელს, 10 000 დოლარით, სტეფანი ნადი ოლსონმა შექმნა სრულად ვირტუალური პლატფორმა, რომელიც დამოუკიდებელ მარკეტოლოგებს სამუშაოს პოვნაში ეხმარებოდა. 2021 წელს, ატლანტაში დაფუძნებულმა We Are Rosie-მ კერძო კაპიტალის დაფინანსება მოიზიდა, კომპანია 110 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა, ამ ყველაფრის მისაღწევად, ოლსონს რთული გზის გავლა მოუწია. აი, როგორ აღწერს ამ გზას თავად ოლსონი:


უიმედობა, ცხოვრებაში პირველად, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, 2013 წელს ვიგრძენი. მაშინ ატლანტაში გაყიდვების დირექტორი ვიყავი და მქონდა მშობიარობის შემდგომი დეპრესია და შფოთვა, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. სწორედ მაშინ ვისწავლე დახმარების თხოვნა, უბრალოდ იმის თქმა, რომ „ასეთ გიჟურ ტემპში ვეღარ გავაგრძელებ. არ შემიძლია ერთი კვირით ნიუ-იორკში გავემგზავრო და პარალელურად, ჯორჯიაში შვილს ძუძუ ვაწოვო.“ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ კი, მუშაობა დავიწყე სტარტაპში, სადაც ასობით თანამშრომელს შორის ერთადერთი მშობელი და ხელმძღვანელობაში ერთადერთი ქალი ვიყავი. იქაური პირობები საერთოდ არ იყო მორგებული დასაქმებულთა ინტერესებზე.


ვაღიარებ, სისტემის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებულ ბრაზს ვატარებდი. მეგონა, რომ კვირაში 65 საათი უნდა მემუშავა, როდესაც ახალშობილი მყავდა. მაგრამ, ვფიქრობ სათანადოდ არ ვაფასებთ იმ ბრაზს, რომელიც ცვლილებებისკენ გვიბიძგებს. მაშინ დავინახე, თუ რამდენი ადამიანია მარგინალიზებული სამუშაო სისტემის გამო. არის სექსიზმი, რასიზმი, ეიბლიზმი, ეიჯიზმი, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ სამუშაო საათები არაა მორგებული ბავშვების სასკოლო განრიგებს. მინდოდა, მეპოვნა ისეთი სამუშაო ადგილი, რომელიც ყველას ცხოვრებასთან შეთავსებადი იქნებოდა და სადაც ადამიანები დაფასებასა და პატივისცემას იგრძნობდნენ. სწორედ ასე დაიბადა We Are Rosie. საბოლოო ჯამში, იმ ცუდი გამოცდილებების მადლიერი ვარ, რადგან სწორედ ამან მომცა სტიმული, წინ წავსულიყავი და რაღაც ახალი გამეკეთებინა.


ჩემს პალესტინელ ოჯახში ბებია ლტოლვილთა ბანაკში გარდაიცვალა, მამა კი იქ, დედის გარეშე გაიზარდა. არცერთ ჩემს მშობელს უვლია კოლეჯში, მაგრამ მამაჩემი ყოველდღე სავაჭრო ცენტრში მუშაობდა, რათა მე ისეთი რაღაცების კეთება შემძლებოდა, როგორიცაა სოფტბოლის თამაში. მე ვდგავარ იმ ადამიანების მხრებზე, რომლებმაც ჩემი წარმატებისთვის უამრავი რამ გაწირეს. უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობა დამეუფლა, უნდა გამომეყენებინა ის პრივილეგიები და რესურსები, რომლებიც მომეცა, რათა ცხოვრებაში რაღაც უფრო მნიშვნელოვანისთვის მიმეღწია. მე ჩემი შვილებისთვის მემკვიდრეობის შექმნა გადავწყვიტე.


საკუთარი კომპანიის შექმნა სულიერ და პირად მისიად ვაქციე. კომპანიას ჩემი უმცროსი შვილის, მარგო როუზის სახელი დავარქვი. პირველი ორი წელი ხელფასი არ ამიღია. ჩემი პატარა გუნდიც სრულად ინვესტირებული იყო. ჩემი თანამშრომლები ძალიან ბევრს მუშაობდნენ. ზოგი მათგანი შვილებს სახლში ასწავლიდა, მაგრამ მათ მხოლოდ ჩვენი მისია ადარდებდათ და არ სურდათ ანაზღაურებადი შეუზღუდავი შვებულება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით.


შემდეგ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას და გადაღლას სერიოზულად მივუდექით და თანამშრომლებს ყოველ კვარტალში ხუთდღიანი დასვენების ვალდებულება დავაკისრეთ, რის შედეგადაც, იძულების მექანიზმი შევქმენით: თუ არ დაისვენებდი, კვარტალურ ბონუსს ვერ მიიღებდი. გავაცნობიერეთ, რომ როდესაც საქმე დასაქმებულთა სარგებელს ეხებოდა, სხვანაირი აზროვნება გვჭირდებოდა. საჭიროებები ცვალებადია. დასაქმებულებთან მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო, რათა იცოდე, თუ რა სჭირდებათ. იმისათვის, რომ კულტურა ჭეშმარიტად თანამგრძნობი იყოს, ის არ შეიძლება წინასწარ განსაზღვრულიც იყოს. ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებებს ვაკუუმში არ უნდა ღებულობდეს.

https://medialab.ge

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати