USD 2.6966
EUR 3.1777
RUB 3.4686
Tbilisi
სრულიად უგუნური და უსირცხვილო ქმედება - ასე ახასიათებს The Telegraph-ი რუსეთის კიბერშეტევას საქართველოზე
Date:  1366

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე სტატიას აქვეყნებს.

მედიის ცნობით, უშიშროების სამსახურები შიშობენ, რომ ეს შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის დასაწყისი იყოს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანს დომინიკ რააბს მიაჩნია, რომ ოქტომბრის თვეში საქართველოში სახელმწიფო აპარატის, სამაუწყებლო კომპანიებისა და მათი ინტერნეტ საიტების ონლაინ შეტევა „სრულიად უგუნური და უსირცხვილო ქმედება“ იყო.

„საქართველომ დღეს მისთვის ჩვეული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ დაადანაშაულა რუსეთი ამ შეტევაში. მას მყისვე დაუჭირეს მხარი გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა, ხოლო სხვა ქვეყნებისგან მოგვიანებით ველოდებით განცხადებებს“, - წერს გამოცემა.

The Telegraph-ის თანახმად, ბრიტანელი პოლიტიკოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სრულიად უგუნური და უსირცხვილო კიბერთავდასხმის კამპანია სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია“.

„რუსეთის მთავრობის წინაშე მდგარი არჩევანი ნათელია: ის აგრესიულ ქმედებას გააგრძელებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ან საერთაშორისო სამართლის პატივისცემით გახდება პასუხისმგებლიანი პარტნიორი.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამომჟღავნებას, ვინც სრულიად უგუნურ კიბერთავდასხმებს განახორციელებს და მოკავშირეებთან მუშაობას აგრძელებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის საგანგაშო ქცევების დასაძლევად.

ოქტომბერში განხორციელებულმა შეტევამ საქართველოს სამაუწყებლო კომპანიები „ნოკაუტში“ ჩააგდო და 2000-ზე მეტი საიტი დაადუმა. მათ შორის იყო საქართველოს მთავრობისა და სასამართლო სისტემის ინტერნეტ გვერდები.

ზოგიერთ საიტზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოისახებოდა შემდეგი მინაწერით: „მე დავბრუნდები!“ - წერს გამოცემა.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, შეტევის შემდეგ, ბრიტანული გაზეთის The Telegraph-ის რედაქცია აცნობიერებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით ქართველმა სამართალდამცავებმა ოპერატიულად მოახერხეს ჰაკერული თავდასხმის წყაროს მიკვლევა. ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში დღეს ბრიტანულმა სამთავრობო კომუნიკაციების სათავო დაწესებულებამ განაცხადა, რომ ალბათობის 95 პროცენტით, „თითქმის ზედმიწევნითი სიზუსტით“ კიბერთავდასხმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ არის განხორციელებული.

„პირველად ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საჯაროდ ასახელებს და გმობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მათი დიდი რწმენით ამ კონფრონტაციული ქმედების უკან დგას. კიბერთავდასხმების პროგრამას ახორციელებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სპეციალური ტექნოლოგიების მთავარი ცენტრი, რომლის კოდური სახელი მისი საფოსტო ინდექსიდან მომდინარეობს - 74455.

ბრიტანელები ახლახან გააფრთხილა გიგანტურმა ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა - გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტმა - ყურადღება მსხვილი კონფლიქტების ნაცვლად რუსეთის კიბერთავდასხმებსა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე გაემახვილებინა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის სტრუქტურული ერთეული ასევე მიიჩნევა 2015-დან 2017-მდე პერიოდში უკრაინაში ინტერნეტით გავრცელებული ვირუსის გამოყენებით კონფრონტაციული ქმედებების სერიის უკან მდგომად. მათ ადანაშაულებენ ელექტროენერგიის სადგურის გათიშვაში, რამაც უშუქოდ დატოვა 200 000-ზე მეტი ადამიანი, კიევის მეტროპოლიტენი და ოდესის აეროპორტი“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, The Telegraph-ი აცნობიერებს, რომ გაერთიანებული სამეფოს უშიშროების სამსახურები შეშფოთებულნი არიან საქართველოში წინა წლის ოქტომბერში განხორციელებული შეტევის გამო, რაც შეიძლება მსგავსი ინფრასტრუქტურული ობიექტების გათიშვის კამპანიის დასაწყისი იყოს და მთავრობის მუშაობის დესტაბილიზაციას ისახავდეს მიზნად.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პოზიციას და „რუსეთის მიერ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა დაგმო“,-წერს The Telegraph-ი

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way