USD 2.7545
EUR 3.1363
RUB 3.3460
Tbilisi
სპორტის სამინისტრომ ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
Date:  686
სპორტის სამინისტრომ ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემა გრძელდება. ამჯერად ინვენტარი და ეკიპირება ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სპორტული დაწესებულებების აღსაზრდელები ესწრებოდნენ. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას დაესწრო ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.
„მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში 2023 წელს სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფმა 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა
ჩაატარა. მუნიციპალიტეტებში აღმოჩნდა სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების მწვავე დეფიციტი. არსებული ინვენტარისა და ეკიპირების ნაწილი დაზიანებული იყო და შეცვლა სჭირდებოდა, ეს გარემოება კი ნეგატიურად აისახებოდა ვარჯიშებისა და წვრთნების ხარისხზე, ზრდიდა ტრავმების რისკს და აფერხებდა სპორტის განვითარებას. მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ მიმართა შპს „სპორტმშენსერვისს“, რომელმაც შეიძინა სპორტსმენთა ეკიპირება და სპორტული ინვენტარი. სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლებისა და დაწესებულებებისთვის, ასევე, სპორტული ფედერაციებისთვის კომპანიამ შეიძინა 3 788 620 ლარი ღირებულების 8 355 ერთეული სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა - მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პირველად ჩატარდა საჭიროებების მონიტორინგი და ამ რეგიონების სპორტულ ორგანიზაციებს ინვენტარი პირველად გადაეცა.
თითოეულ მუნიციპალიტეტს ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მწვრთნელებისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით, კერძოდ: ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლამ მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, მაგიდის ჩოგბურთის ბურთები, ქულების ამთვლელები მაგიდის ჩოგბურთისთვის, ფრენბურთის ბადეები, ბაგირები, ლახტები, ბარიერები, სავარჯიშო კიბეები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, მეკარის ხელთათმანები, ფეხბურთის დაფები, ფეხბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთები, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები და სასწორები მიიღო.
ა(ა)იპ შუახევის სპორტულ ცენტრს საჭიდაო ხალიჩა, ფინკები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, ორძელები, შტანგა ფიცარნაგით, კრივის ხელთათმანები, კრივის ტომრები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, ბაგირები, ფეხბურთის ფორმები, მეკარის ხელთათმანები, ფეხბურთის ბურთები, კალათბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთები, ფრენბურთის ბადეები, ტრენაჟორები, შტანგის სიმძიმეები, ჰანტელები, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები და სასწორები გადაეცა.
ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლამ საჭიდაო ხალიჩები, სავარჯიშო, საჭიდაო მანეკენები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა, ქულების ამთვლელები მაგიდის ჩოგბურთისთვის, მაგიდის ჩოგბურთის ბურთები, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, ტანვარჯიშის ბატუტი, ტანვარჯიშის სკამები, სავარჯიშო კიბეები, ორძელები, შტანგა ფიცარნაგით, ბაგირები, ლახტები, სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები, კალათბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთი, ტრენაჟორი, ქართული ჭიდაობის ჩოხები, შვედური კედლები, გირები, კროსფიტის თოკები და სასწორები მიიღო.
ა(ა)იპ ხულოს საფეხბურთო კლუბ ხიხანს კი მეკარის ხელთათმანები, ფეხბურთის ბურთები, ფეხბურთის გადასაცმელები, ფეხბურთის ფორმები და ბარიერები გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინვენტარს არა მარტო სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელები, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ.

 

culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way