USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
სპორტის გავლენა საზოგადოებაზე
дата:  2440

ალიან მიყვარს სპორტი. განსაკუთრებით ფეხბურთი, შეიძლება ითქვას, რომ მასზე „უკიდეგანოდ“ შეყვარებული ვარ. მეტიც, პატარა ასაკიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი მომავალი როგორმე ფეხბურთთან დამეკავშირებინა, თუმცა მაშინვე ვხდებოდი, რომ პროფესიონალურად ფეხბურთს არ უნდა გავყოლოდი (მაინც და მაინც დიდი ნიჭირებით ვერ დავიკვეხნიდი). ამიტომ, მიზნად დავისახე სხვა გზით გავმხდარიყავი ამ დიდი სპორტული „ოჯახის“ წევრი. საბედნიეროდ, ბევრი წლის მერე, ამ მიზნისა და მისწრაფების პატარა ნაწილი ამიხდა და 2020 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგი ჩემი ოცნების ასრულებისაკენ - შესაძლებლობა მომეცაა მემუშავა მსოფლიოს ორ უდიდეს სპორტულ ორგანიზაციაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, ქალაქ ლოზანაში და ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში (უეფა), ქალაქ ნიონში. მომავალში, თუ საშუალება იქნება, აუცილებლად ვეცდები საინტერესოდ გადმოვცე ჩემი პატარა ისტორია ამ ორ დაუვიწყარ და გასაოცარ გამოცდილებაზე. დღეს კი ბლოგში მინდა ვისაუბრო ზოგადად სპორტის მნიშვნელობასა და ვაჩვენო რაოდენ დიდი გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე.

სპორტსმენებისთვის ფეხბურთი და სპორტი არ არის მხოლოდ პროფესია, ის არც მხოლოდ გასართობია  მაყურებლისათვის, არამედ სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ამავდროულად გასაოცარი და უნიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც პოზიტიური  გავლენა აქვს ადამიანებზე. აი თუნდაც, ის რად ღირს, რომ ხელს უწყობს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი დღეს დიდ ბიზნესად გადაიქცა და იხარჯება უზარმაზარი თანხები, ზოგიერთი გულშემატკივარი კი ფიქრობს, რომ მისი დადებითი ეფექტები იკარგება, სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. საზოგადოებისთვის სპორტი ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) ის ადამიანის უფლებად აღიარა: „სპორტი და სპორტის თამაში არის ადამიანის უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული და მიღებული მთელ მსოფლიოში; სპორტი სულ უფრო და უფრო მეტად გამოიყენება, როგორც დაბალ ხარჯიანი და ეფექტური ინსტრუმენტი ჰუმანიტარიზმში, ადამიანის პირადი განვითარებისა და მშვიდობის დამყარებისთვის“.  

სპორტსმენებისთვის ფეხბურთი და სპორტი არ არის მხოლოდ პროფესია, ის არც მხოლოდ გასართობია  მაყურებლისათვის“.

პროფესიონალური სპორტი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური კუთხით. ის არის ერთ-ერთი იმ უშვიათესი დარგებიდან, რომელიც ლახავს ყველა სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეთნიკურ ბარიერს, აქვს გაერთიანების შესანიშნავი უნარი, რაც მას კომუნიკაციის მძლავრ და უნივერსალურ საშუალებად აქცევს. განსაკუთრებით დღეს, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტისა და ტელევიზიის ეპოქაში, როდესაც სპორტის პოპულარობამ, მისმა ყურებადობამ უდიდესი მასშტაბები მიიღო - მსოფლიო სპორტისთვის თვალყურის მიდევნება ნებისმიერ ქვეყანასა თუ კუთხეში გახდა ადვილად შესაძლებელი. საინტერესოა, რომ გაერო სპორტს განიხილავს არამხოლოდ ადამიანის უფლებად, არამედ უნიკალურ კონცეფციად, რომელიც აერთიანებს ადამიანის ბევრ ფუნდამენტურ პრინციპს: „სპორტს აქვს უნიკალური ძალა მოიზიდოს, გააერთიანოს და შთააგონოს ადამიანები. იგი მოიცავს გაეროს წესდებაში შემავალ პრინციპებს ადამიანის ღირებულებების შესახებ, როგორებიცაა მოწინააღმდეგის პატივისცემა, სავალდებულო წესების დაცვა, გუნდური მუშაობა და სამართლიანობა”.

დღევანდელი ბლოგისთვის რა თემაც არ უნდა ამერჩია, ალბათ, სპორტის საერთო მნიშვნელობაზე, მის ზოგად გავლენაზე მაინც გავამახვილებდი ყურადღებას. ვეცდებოდი გადმომეცა მოკრძალებულად, ჩემი სიტყვებით, ის  უდიდესი და მონოლითური ძალა, რაც მას გააჩნია. როდესაც იდეებსა და სიტყვებს თავში ვალაგებდი, პარალელურად თვალყურს ვადევნებდი კორონავირუსის გამო ჯერ შეწყვეტილ და შემდეგ ერთადერთ განახლებულ საფეხბურთო ჩემპიონატს გერმანიის „ბუნდესლიგას“. ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები აქტიურად გამოეხმაურნენ აშშ-ში მომხდარ ჯორჯ ფლოიდის ტრაგედიას და ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო სპორტი რომ არ გაჩერებულიყო, ამ მოვლენას უფრო დიდი გაშუქება და გამოხმაურება მოჰყვებოდა, როგორც სხვადასხვა მმართველი ორგანიზაციისგან, ასევე დამოუკიდებლად სპორტული კლუბებისა და მოთამაშეებისგან. კონკრეტულად ამ ამბავმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სპორტითა და ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვებრძოლოთ ხელოვნურად შექმნილ უდიდეს სენს: რასიზმსა და დისკრიმინაციას. 

მეოცე საუკუნის ბოლოს იმატა სპორტული ორგანიზაციების, კლუბებისა და სპორტული ერთეულების ჩართულობამ სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში. რა არის სპორტული სოციალური პასუხისმგებლობა? პირადად ჩემთვის, ის არის ზუსტად იმ მთავარი დადებითი და ჯანსაღი გავლენების ერთობლიობა, რაც სპორტს გააჩნია. მაგალითისთვის, როგორც ფეხბურთის მოყვარული, გავიხსენებ უეფას #EqualGame-ის კამპანიას. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს თანასწორობის ხედვას, რომლის თანახმადაც ყველამ უნდა შეძლოს ფეხბურთით სიამოვნების მიღება განურჩევლად ვინ არის, საიდან მოდის ან როგორ თამაშობს თამაშს. კამპანია #NoToRacism, რომელიც რასიზმის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის აღმოფხვრის კამპანიაა, ბოლო წლების განმავლობაში უეფას უმთავრესს პრიორიტეტად იქცა. უეფა თავის ყველა პლატფორმას იყენებს იმისათვის, რომ ხალხს გაუგზავნოს საკვანძო და ნათელი შეტყობინება: არა რასიზმს. უეფაში, აგრეთვე, არის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა #Respect, რომლის მთავარი მიზანია, ერთად, ძალების გაერთიანებით ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ადამიანებმა პატივი ვცეთ ნებისმიერი  სქესის, რასის, რელიგიისა და შესაძლებლობების მქონე პირვონებას. გამოვხატოთ სრული მხარდაჭერა მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემასკენ. ეს არის ძალიან მცირე, ერთეული ჩამონათვალი იმ სოციალური პასუხისმგლობელობის კამპანიებისა თუ გზავნილებისა, რომლებიც არსებობს დღევანდელ სპორტში. მაგრამ ეს არის ის უდიდესი შეტყობინებები, რომლებიც იზიარებენ გაეროს ქარტიაში ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ ფუნდამენატულ პრინციპებს.

უეფა რასიზმის წინააღმდეგ

ოლიმპიური თამაშები, სპორტის ყველაზე დიდი მოვლენა და ზეიმი, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია. ის ხომ კაცობრიობის ერთიანობის დღესასწაულია, მთელი თავისი მრავალფეროვნებით. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამას საკუთარ დნმ-ად მიიჩნევს და ყოველთვის ხაზს უსვამს ოლიმპიური თამაშების დამფუძნებელის პიერ დე კუბერტენის მთავარ იდეას: „ჩვენ არ გვექნება მშვიდობა მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ცრურწმენები, რომლებიც ჩვენს სამყაროს ყოფენ რასებად. ამ მიზნის მისაღწევად, რა არის იმაზე უკეთესი საშუალება, თუ არა ყველა ქვეყნის ახალგაზრდების პერიოდულად შეკრება და მეგობრული, სიმტკიცისა და გამძლეობის შეჯიბრების გამართვა”. ეს ძლიერი გზავნილი ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს წარმოადგენს და ის ასახულია კომიტეტის ქარტიაშიც. მთელი ცხოვრების განმავლობაში, კუბერტინს ჰქონდა ურყევი რწმენა სპორტის შესაძლებლობებში, რომ ის აძლიერებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებას. 

სპორტის ამ გზავნილებმა და დიდმა გავლენებმა შეძლო, რომ ბევრი გამოწვევა დაეამარცხებინა, როგორც მინიმუმ შეასუსტა მაინც. დღეს ალბათ ყველა სპორტის სახეობა, მათი მმართველი ორგანიზაციები, მონაწიელე სპორტსმენები და გულშემტაკივრები იზიარებენ ამ სოციალური პასუხსიმგებლობების კამპანიებს, თუმცა ვფიქრობ, რომ მათი შესუსტება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მომავალი თაობები უნდა ეცნობოდნენ სპორტის არა მხოლოდ გართობისა თუ ჯანმრთელობის მხარეებს, არამედ სხვა საზოგადოებისთვის მომტან სიკეთეებსაც. ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, როდესაც უკვე მცირეწლოვნების საფეხბურთო ტურნირებზეც კი ეს მესიჯები არის დატანილი და ისინი ყველგან ფეხბურთის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.

ჩვენ არ გვექნება მშვიდობა მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ცრურწმენები, რომლებიც ჩვენს სამყაროს ყოფენ რასებად. ამ მიზნის მისაღწევად, რა არის იმაზე უკეთესი საშუალება, თუ არა ყველა ქვეყნის ახალგაზრდების პერიოდულად შეკრება და მეგობრული, სიმტკიცისა და გამძლეობის შეჯიბრების გამართვა” - ოლიმპიური თამაშების დამფუძნებელი პიერ დე კუბერტენი.

ამ წერილით ვეცადე გადმომეცა იმ უსაზღვრო შესაძლებლობების მცირე ნაწილზე და იმ ძალაზე, რაც სპორტს აქვს. მის უნარზე  განავითაროს და გააძლიეროს ადამიანებს შორის სამართლიანობის გრძნობა და ურთიერთპატივისცემა. ამ ბლოგს დავამთავრებდი ერთი ფრაზით, რომელიც ძალიან მომეწონა სტატიაში ”სპორტი თანამედროვე ეთნიკურ საზოგადოებაში: სპორტის ინფორმაციული წვლილი” : „სპორტს აქვს სიმტკიცის, „ანტიდოტის“, მკურნალისა და თილისმის როლი საზოგადეობის სასიცოცხლო კეთილდღეობის შენაჩუნებასა და გამყარებაში“. 

2020 წლის ივნისი, ჟენევა.

ავტორი: ნოდარ მარგველაშვილი

http://smartarea.ge/

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати