ძალიან მიყვარს სპორტი. განსაკუთრებით ფეხბურთი, შეიძლება ითქვას, რომ მასზე „უკიდეგანოდ“ შეყვარებული ვარ. მეტიც, პატარა ასაკიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი მომავალი როგორმე ფეხბურთთან დამეკავშირებინა, თუმცა მაშინვე ვხდებოდი, რომ პროფესიონალურად ფეხბურთს არ უნდა გავყოლოდი (მაინც და მაინც დიდი ნიჭირებით ვერ დავიკვეხნიდი). ამიტომ, მიზნად დავისახე სხვა გზით გავმხდარიყავი ამ დიდი სპორტული „ოჯახის“ წევრი. საბედნიეროდ, ბევრი წლის მერე, ამ მიზნისა და მისწრაფების პატარა ნაწილი ამიხდა და 2020 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგი ჩემი ოცნების ასრულებისაკენ - შესაძლებლობა მომეცაა მემუშავა მსოფლიოს ორ უდიდეს სპორტულ ორგანიზაციაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, ქალაქ ლოზანაში და ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში (უეფა), ქალაქ ნიონში. მომავალში, თუ საშუალება იქნება, აუცილებლად ვეცდები საინტერესოდ გადმოვცე ჩემი პატარა ისტორია ამ ორ დაუვიწყარ და გასაოცარ გამოცდილებაზე. დღეს კი ბლოგში მინდა ვისაუბრო ზოგადად სპორტის მნიშვნელობასა და ვაჩვენო რაოდენ დიდი გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე.
სპორტსმენებისთვის ფეხბურთი და სპორტი არ არის მხოლოდ პროფესია, ის არც მხოლოდ გასართობია მაყურებლისათვის, არამედ სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ამავდროულად გასაოცარი და უნიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც პოზიტიური გავლენა აქვს ადამიანებზე. აი თუნდაც, ის რად ღირს, რომ ხელს უწყობს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი დღეს დიდ ბიზნესად გადაიქცა და იხარჯება უზარმაზარი თანხები, ზოგიერთი გულშემატკივარი კი ფიქრობს, რომ მისი დადებითი ეფექტები იკარგება, სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. საზოგადოებისთვის სპორტი ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) ის ადამიანის უფლებად აღიარა: „სპორტი და სპორტის თამაში არის ადამიანის უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული და მიღებული მთელ მსოფლიოში; სპორტი სულ უფრო და უფრო მეტად გამოიყენება, როგორც დაბალ ხარჯიანი და ეფექტური ინსტრუმენტი ჰუმანიტარიზმში, ადამიანის პირადი განვითარებისა და მშვიდობის დამყარებისთვის“.
.jpg)
„სპორტსმენებისთვის ფეხბურთი და სპორტი არ არის მხოლოდ პროფესია, ის არც მხოლოდ გასართობია მაყურებლისათვის“.
პროფესიონალური სპორტი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური კუთხით. ის არის ერთ-ერთი იმ უშვიათესი დარგებიდან, რომელიც ლახავს ყველა სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეთნიკურ ბარიერს, აქვს გაერთიანების შესანიშნავი უნარი, რაც მას კომუნიკაციის მძლავრ და უნივერსალურ საშუალებად აქცევს. განსაკუთრებით დღეს, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტისა და ტელევიზიის ეპოქაში, როდესაც სპორტის პოპულარობამ, მისმა ყურებადობამ უდიდესი მასშტაბები მიიღო - მსოფლიო სპორტისთვის თვალყურის მიდევნება ნებისმიერ ქვეყანასა თუ კუთხეში გახდა ადვილად შესაძლებელი. საინტერესოა, რომ გაერო სპორტს განიხილავს არამხოლოდ ადამიანის უფლებად, არამედ უნიკალურ კონცეფციად, რომელიც აერთიანებს ადამიანის ბევრ ფუნდამენტურ პრინციპს: „სპორტს აქვს უნიკალური ძალა მოიზიდოს, გააერთიანოს და შთააგონოს ადამიანები. იგი მოიცავს გაეროს წესდებაში შემავალ პრინციპებს ადამიანის ღირებულებების შესახებ, როგორებიცაა მოწინააღმდეგის პატივისცემა, სავალდებულო წესების დაცვა, გუნდური მუშაობა და სამართლიანობა”.
დღევანდელი ბლოგისთვის რა თემაც არ უნდა ამერჩია, ალბათ, სპორტის საერთო მნიშვნელობაზე, მის ზოგად გავლენაზე მაინც გავამახვილებდი ყურადღებას. ვეცდებოდი გადმომეცა მოკრძალებულად, ჩემი სიტყვებით, ის უდიდესი და მონოლითური ძალა, რაც მას გააჩნია. როდესაც იდეებსა და სიტყვებს თავში ვალაგებდი, პარალელურად თვალყურს ვადევნებდი კორონავირუსის გამო ჯერ შეწყვეტილ და შემდეგ ერთადერთ განახლებულ საფეხბურთო ჩემპიონატს გერმანიის „ბუნდესლიგას“. ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები აქტიურად გამოეხმაურნენ აშშ-ში მომხდარ ჯორჯ ფლოიდის ტრაგედიას და ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო სპორტი რომ არ გაჩერებულიყო, ამ მოვლენას უფრო დიდი გაშუქება და გამოხმაურება მოჰყვებოდა, როგორც სხვადასხვა მმართველი ორგანიზაციისგან, ასევე დამოუკიდებლად სპორტული კლუბებისა და მოთამაშეებისგან. კონკრეტულად ამ ამბავმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სპორტითა და ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვებრძოლოთ ხელოვნურად შექმნილ უდიდეს სენს: რასიზმსა და დისკრიმინაციას.
მეოცე საუკუნის ბოლოს იმატა სპორტული ორგანიზაციების, კლუბებისა და სპორტული ერთეულების ჩართულობამ სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში. რა არის სპორტული სოციალური პასუხისმგებლობა? პირადად ჩემთვის, ის არის ზუსტად იმ მთავარი დადებითი და ჯანსაღი გავლენების ერთობლიობა, რაც სპორტს გააჩნია. მაგალითისთვის, როგორც ფეხბურთის მოყვარული, გავიხსენებ უეფას #EqualGame-ის კამპანიას. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს თანასწორობის ხედვას, რომლის თანახმადაც ყველამ უნდა შეძლოს ფეხბურთით სიამოვნების მიღება განურჩევლად ვინ არის, საიდან მოდის ან როგორ თამაშობს თამაშს. კამპანია #NoToRacism, რომელიც რასიზმის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის აღმოფხვრის კამპანიაა, ბოლო წლების განმავლობაში უეფას უმთავრესს პრიორიტეტად იქცა. უეფა თავის ყველა პლატფორმას იყენებს იმისათვის, რომ ხალხს გაუგზავნოს საკვანძო და ნათელი შეტყობინება: არა რასიზმს. უეფაში, აგრეთვე, არის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა #Respect, რომლის მთავარი მიზანია, ერთად, ძალების გაერთიანებით ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ადამიანებმა პატივი ვცეთ ნებისმიერი სქესის, რასის, რელიგიისა და შესაძლებლობების მქონე პირვონებას. გამოვხატოთ სრული მხარდაჭერა მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემასკენ. ეს არის ძალიან მცირე, ერთეული ჩამონათვალი იმ სოციალური პასუხისმგლობელობის კამპანიებისა თუ გზავნილებისა, რომლებიც არსებობს დღევანდელ სპორტში. მაგრამ ეს არის ის უდიდესი შეტყობინებები, რომლებიც იზიარებენ გაეროს ქარტიაში ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ ფუნდამენატულ პრინციპებს.

უეფა რასიზმის წინააღმდეგ
ოლიმპიური თამაშები, სპორტის ყველაზე დიდი მოვლენა და ზეიმი, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია. ის ხომ კაცობრიობის ერთიანობის დღესასწაულია, მთელი თავისი მრავალფეროვნებით. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამას საკუთარ დნმ-ად მიიჩნევს და ყოველთვის ხაზს უსვამს ოლიმპიური თამაშების დამფუძნებელის პიერ დე კუბერტენის მთავარ იდეას: „ჩვენ არ გვექნება მშვიდობა მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ცრურწმენები, რომლებიც ჩვენს სამყაროს ყოფენ რასებად. ამ მიზნის მისაღწევად, რა არის იმაზე უკეთესი საშუალება, თუ არა ყველა ქვეყნის ახალგაზრდების პერიოდულად შეკრება და მეგობრული, სიმტკიცისა და გამძლეობის შეჯიბრების გამართვა”. ეს ძლიერი გზავნილი ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს წარმოადგენს და ის ასახულია კომიტეტის ქარტიაშიც. მთელი ცხოვრების განმავლობაში, კუბერტინს ჰქონდა ურყევი რწმენა სპორტის შესაძლებლობებში, რომ ის აძლიერებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებას.
სპორტის ამ გზავნილებმა და დიდმა გავლენებმა შეძლო, რომ ბევრი გამოწვევა დაეამარცხებინა, როგორც მინიმუმ შეასუსტა მაინც. დღეს ალბათ ყველა სპორტის სახეობა, მათი მმართველი ორგანიზაციები, მონაწიელე სპორტსმენები და გულშემტაკივრები იზიარებენ ამ სოციალური პასუხსიმგებლობების კამპანიებს, თუმცა ვფიქრობ, რომ მათი შესუსტება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მომავალი თაობები უნდა ეცნობოდნენ სპორტის არა მხოლოდ გართობისა თუ ჯანმრთელობის მხარეებს, არამედ სხვა საზოგადოებისთვის მომტან სიკეთეებსაც. ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, როდესაც უკვე მცირეწლოვნების საფეხბურთო ტურნირებზეც კი ეს მესიჯები არის დატანილი და ისინი ყველგან ფეხბურთის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.

„ჩვენ არ გვექნება მშვიდობა მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ცრურწმენები, რომლებიც ჩვენს სამყაროს ყოფენ რასებად. ამ მიზნის მისაღწევად, რა არის იმაზე უკეთესი საშუალება, თუ არა ყველა ქვეყნის ახალგაზრდების პერიოდულად შეკრება და მეგობრული, სიმტკიცისა და გამძლეობის შეჯიბრების გამართვა” - ოლიმპიური თამაშების დამფუძნებელი პიერ დე კუბერტენი.
ამ წერილით ვეცადე გადმომეცა იმ უსაზღვრო შესაძლებლობების მცირე ნაწილზე და იმ ძალაზე, რაც სპორტს აქვს. მის უნარზე განავითაროს და გააძლიეროს ადამიანებს შორის სამართლიანობის გრძნობა და ურთიერთპატივისცემა. ამ ბლოგს დავამთავრებდი ერთი ფრაზით, რომელიც ძალიან მომეწონა სტატიაში ”სპორტი თანამედროვე ეთნიკურ საზოგადოებაში: სპორტის ინფორმაციული წვლილი” : „სპორტს აქვს სიმტკიცის, „ანტიდოტის“, მკურნალისა და თილისმის როლი საზოგადეობის სასიცოცხლო კეთილდღეობის შენაჩუნებასა და გამყარებაში“.
2020 წლის ივნისი, ჟენევა.
ავტორი: ნოდარ მარგველაშვილი
თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.
"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
წყარო: https://bm.ge