USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს
дата:  
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიაომბუსდმენს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განახლებული ინფორმაცია მიაწოდა
 
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიაომბუდსმენის ინიციატივით, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ერთ-ერთ მიზანს სამოქალაქო სექტორისთვის 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განახლებული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
 
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.
 
2023 წლის 7-9 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა წყაროდან ჯამში 124 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.
 
გამოძიების შესწავლის საგანს ასევე მასმედიით გავრცელებული ვიდეოკადრების მონიტორინგის შედეგად სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებული ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებიც წარმოადგენს.
 
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 142 მოქალაქე (მათ შორის 19 ჟურნალისტი და 24 პოლიციელი, რომელთა გამოკითხვებიც გრძელდება). 33 პოტენციურ მსხვერპლს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა შეეთავაზა, მათ შორის 8 ჟურნალისტს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა 18 პირის მიმართ დაინიშნა.
 
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შემთხვევის ადგილი 8 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.
 
მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის შესაძლო გადამეტების საკითხის შესწავლის და ასევე გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცავების იდენტიფიცირების და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები, ასევე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტიდან, შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-დან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებული სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან (საერთო ჯამში 43 ობიექტიდან, 7 კი - ტელევიზიიდან) გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები.
ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა 4 200-ზე მეტ საათს შეადგენს. საგამოძიებო ჯგუფი აქტიურ რეჟიმში ახორციელებს მოპოვებული ვიდეომასალის დათვალიერებას.
 
სასამართლო განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა აქციაზე დაკავებულ პირთა დაკავების ოქმები და სხვა დოკუმენტაცია; თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს დაკავებულ აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა.
 
გამოძიების მსვლელობისას სისხლის სამართლის საქმეზე დაემატა კვალიფიკაცია და გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასთან ერთად ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზეც მიმდინარეობს.
 
სამსახური 2023 წლის 7-9 მარტს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც უთითებენ სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე, აძლევს სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას.
 
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, სამსახური კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ღონისძიებებს გაატარებს.
мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати