USD 2.6699
EUR 2.8450
RUB 2.8530
თბილისი
სოსო ნიჟარაძე - კაცი, რომელსაც ერთი ცხოვრება არ ეყო
თარიღი:  10103

 29  იანვარს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი წყალბურთელი, რუსეთის მხატვართა აკადემიის წევრი,  აკადემიკოსი სიმონ (სოსო) ნიჟარაძე.  

სოსო  ნიჟარაძე   იმ თაობის გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომელიც  70-იანი წლების თბილისის კოლორიტულ  ისტორიას  საკუთარი  ცხოვრებით წერდა.  ასეთ ადამიანებზე ამბობენ, ერთი ცხოვრება არ ეყოო..  განსაკუთრებული გარეგნობის, ნიჭის,  თვისებების, მრავალფეროვანი ინტერესების  კაცს,  ცხოვრებაც იღბლიანი ერგო..  დაიბადა პლეხანოვზე და  დარჩა პლეხანოველად.  ეს კავშირი ვერაფერმა გაწყვიტა,  ვერც დრომ,  ვერც განშორებამ..   იმის მიუხედავად, რომ მას 30  წელზე მეტხანს  მოუწია ცხოვრება სხვა ქალაქში, ის იყო  ჭეშმარიტი თბილისელი, დიდი სამეგობრო წრით, დიდი გულით,  სხვისი გასაჭირის გამზიარებელი და სხვისი სიხარულის  მონაწილე..     

უზარმაზარია სოსო ნიჟარაძის  წვლილი ქართული წყალბურთის წარმატებებში.   ის იყო  საქართველოს ნაკრების,  თბილისის "დინამოს" და თბილისის "ლოკომოტივის"  წევრი, ყველა დროის საუკეთესო მეკარე,  მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით. პროფესიით მხატვარმა ცხოვრების  მეორე ეტაპი და მრავალი  წელი დაუკავშირა  შემოქმედებას, ქანდაკებას  - ის იყო  რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი, აკადემიკოსი,  მუშაობდა პროექტებზე  რუსეთსა და ამერიკაში.

 სოსო ნიჟარაძის  შესახებ ემოციების გარეშე საუბარი უჭირთ მის უახლოეს მეგობრებს, ადამიანებს, ვინც მასთან ერთად ათეული წლები გაატარა. ისინი  საუკეთესო მოგონებებით, თავგადასავლებით არიან დაკავშირებული კაცთან, რომელმაც საკუთარი და სხვების ცხოვრება დღესასწაულად აქცია და  გარდაცვალებით,  ყველაზე ძვირფასი - ყრმობის წლები  დაასრულა მათთვის.            

ვლადიმერ  (ვოვა) ისელიძე ( საქართველოს წყალბურთის ნაკრების და "თბილისის" დინამოს  კაპიტანი 1970 -81 წლებში, სპორტის დამსახურებული ოსტატი,  მონრეალის ოლიმპიური თამაშების მონაწილე) - ჩვენი ცხოვრება გადაიკვეთა წყალბურთით,  მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით.  ჩვენი განუყრელი მეგობრობა  თითქმის 60 წელი  გაგრძელდა.   მე  გუნდში 1961 წელს  მივედი,  სოსოს უკვე დაწყებული ჰქონდა თამაში თბილისის "დინამოში",  ის, როგორც   ნიჭიერი წყალბურთელი , ძალიან ადრე აიყვანეს გუნდში. ის იყო   საუკეთესო და  გამორჩეული მეკარე.   ძალიან დიდია  მისი დამსახურება  ჩვენი გუნდის  წარმატებებში, რაც მაშინ გვქონდა,  როგორც   სპარტაკიადებზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე.  სოსო გახდა მსოფლიო ჩემპიონი, როგორც   "ლოკომოტივის" მეკარე  და ამ ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარის პრიზი მიიღო. წყალბურთს თავი 80-იან წლებში დაანება, ხელოვნებაზე გადაერთო, თუმცა წყალბურთი მისი  ცხოვრების უზარმაზარი სიყვარული იყო.  ბოლო წუთამდე ჩვენი ყველა  შეხვედრა წყალბურთით, იმ წლებთან დაკავშირებული მოგონებებით იწყებოდა და მთავრდებოდა,  უცებ გავხდებოდით იმ ასაკის, როცა გავიცანით ერთმანეთი და  ვიხსენებდით თავგადასავლებს, რაც  გვქონდა.  

-როგორი იყო  თქვენი ურთიერთობა პროფესიული კარიერის მიღმა?

- სოსო იყო  სამეგობროს სული და გული, მე საბურთალოზე ვცხოვრობდი, ის პლეხანოვზე, როდესაც დავმეგობრდით, მისი პლეხანოველი მეგობრები  ჩემი მეგობრებიც  გახდნენ.  სოსო იყო კოლორიტული კაცი, საოცარი  ხასიათი ჰქონდა, კომუნიკაბელური, გახსნილი ურთიერთოებებში. ძალიან უყვარდა სიცოცხლე, და ჰქონდა უნარი, ეცხოვრა ლამაზად. ის განსაკუთრებული პიროვნება იყო, ყველას გვერდში ედგა სიცოცხლის ბოლომდე, უყურადღებოდ არავინ დარჩებოდა.  მე თვითონ ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ პერიოდში ისე დამიდგა გვერდით და  გადამარჩინა,  თითქოს  სიცოცხლით ვარ მასთან ვალში... ჩამოვიდოდა თბილისში, შეგვკრებდა მეგობრებს,  მოგვეფერებოდა. ისეთი თვისებები ჰქონდა, ასეთ  ადამიანს,  ორი სიცოცხლე უნდა ჰქონდეს. სოსო  ადრე დაოჯახდა, ისეთი მეგობრები ვიყავით,  მარტო რომ დავრჩი, მისმა შემხვედვარემ, მეც გადავწყვიტე ცოლის მოყვანა.  სოსომ კარგი ოჯახი შექმნა,  სამი შვილი, საოცარი მეუღლე.  მე სოსოს  შვილის გიორგის  ნათლია  ვარ, საამაყო ბიჭი ჰყავს, მჯერა, მამის გზას გააგრძელებს.  

-როგორ განვითარდა  მისი ცხოვრების მეორე ეტაპი, როდესაც ის მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ?

- სოსო  ზურაბ წერეთელის  ნათესავია, ბიძაშვილ-მამიდაშვილი არიან,  ერთად მუშაობდნენ ბევრ პროექტზე. გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდათ.  სოსო  ამ საქმიანობით, ჯერ კიდევ მაშინ დაკავდა, როცა წყალბურთს თამაშობდა, პარალელურად, სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა ხოლმე, ერთხანს სამხატვრო აკადემიაში  ფონდის დირექტორიც  იყო. ძალიან ედგა გვერდში ზურას, მისთვის სოსოს გარდაცვალება დიდი დარტყმაა.   ჩვენ  ორივეს პოლიტექნიკური ინსტიტუტი გვქონდა დამთავრებული, მაგრამ პროფესიით არც ერთს არ გვიმუშავია. შემეძლო  გამეგრძელებინა ეს საქმე, შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ ცემენტი და სილიკატი არ იყო ჩემი   გატაცება,   წყალბურთით ისე  "მოვიწამლეთ", იქ დასრულდა ქიმიური ტექნოლოგიები.   70-იან წლებში ქართულ წყალბურთს   აყვავების  ხანა ჰქონდა.  წყალბურთელები ისეთი პოპულარულები ვიყავით, ქუჩაში რომ გავდიოდით,  არა მხოლოდ თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ნებისმიერ ქალაქში,   ყველა გვცნობდა, ჩვენს თამაშებზე უამრავი  ხალხი დადიოდა, სპორტსმენები  ყველას ვუყვარდით.  იმდენი საინტერესო შემოთავაზება მქონდა, მაგრამ  ჩემი ხალხისგან ისეთ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი, არსად წასვლაზე არ მიფიქრია.

- ვინ გამოაკლდა  სოსო ნიჟარაძის გარდაცვალებით თქვენს  დიდ სამეგობროს? 

- თუ კი რამე მიყვარდა წარსულში, ყველაფერი მასთან იყო დაკავშირებული, და თითქოს ეს დასრულდა. ყველას ასეთი შეგრძნება გვაქვს. ეს იყო  ნათელი კაცი,  მზესავით კაშკაშებდა   და აფრქვევდა ამ სიკეთეს   ქვეყნისთვის, მეგობრებისთვის, ოჯახისთვის.                                

   მერაბ ზაქარეიშვილი (სოსო ნიჟარაძის მეგობარი) ყოფილი ფეხბურთელი,  სპარტაკიადის მონაწილე)   

 - მე და სოსომ   პატარა ასაკში გავიცანით ერთმანეთი,  14  წლისები  ვიყავით.  ორივე პლეხანოვზე ვცხოვრობდით,  ერთმანეთისგან 150  მეტრის დაშორებით, სოსო კრილოვის ქუჩაზე, მეც იქვე ახლოს.  ერთმა ახლობელმა გამაცნო და  ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობის ისტორია. ეს მეგობრობა არც იყო, უფრო ძმები  ვიყავით.  დავყვებოდი "ბასეინზე", ის წყალბურთს თამაშობდა,  მე  - ფეხბურთს.   ერთადაც  გამოვდიოდით ხოლმე სპარატკიადებზე.  ძლიერი წყალბურთელი იყო, კარგი მეკარე.  ისეთი მაგარი იყო,  ფეხებზე რკინის გირებს იკიდებდა, ისე ამოდიოდა წყლიდან. 20-21 წლის იყო, როცა  მსოფლიო ჩემპიონი  გახდა.   

მე სოსოს ოჯახში გავიზარდე.  სოსოს მამას, გიგლა ნიჟარაძე, მხატვარი იყო,   ბატონი გიგლა პატარა იყო, როცა კომუნისტებმა თვალწინ დაუხვრიტეს დედ-მამა. ისეთი  შიში ჰქონდა გადატანილი,  არასდროს ახსენებდა, რომ თავადის შთამომავლები იყვნენ და მამამისი, სიმონ ნიჟარაძე თავადი იყო.   ამაზე ოჯახში არავინ ლაპარაკობდა, თუმცა ეს დიდგვაროვნება კულტურით, ქცევით ყველაფერში ეტყობოდათ. არაფერზე დახამებულები  ისინი არ იყვნენ, არც  არაფერი უკვირდათ. ყველა თავმდაბალი იყო.   სოსოს დედა-ქალბატონი ზოია რძის კომბინატში ლაბორატორიის გამგედ მუშაობდა,  მოჰქონდა ხაჭო, "სმეტანა", რაც  სოსოს საყვარელი საჭმელი იყო.  ერთხელ  მე და სოსო პლეხანოვზე მოვდივართ,  უცებ  მითხრა, მოდი,  ბაბუაჩემის  საფლავზე  წავიდეთო.  კაცი რომ გიყვარს, შენი ძმაკაცი რომ არის, იმასთან ერთად ყველგან წახვალ. წავედით მატარებლით  სამტრედიაში, სოფელ  ჭაგანში,  მივედით ბაბუამისის საფლავზე,  ისე იმოქმედა ჩემზე დახვრეტილი კაცის საფლავის ნახვამ, დამუნჯებული წამოვედით  საფლავიდან.      

სოსო კეთილი კაცი იყო, დიდი გული ჰქონდა.  ყველას უყვარდა. ჯერ  შეხედავდი და  ისეთი ლამაზი შესახედავობის კაცი იყო, თვალი მომეცი და მაყურებინაო, რომ ამბობენ ხოლმე, მარტო გარეგნობა კი არა,  შინაგანი სამყარო,  ხასიათიც ისეთი  ჰქონდა, რომ   ყველა პატივს სცემდა, თვითონაც ასეთი იყო. ყველას გასაჭირი გულთან მიჰქონდა, არაფერი არ ეშლებოდა.   ერთი ისტორიაა, რომელიც არასდროს მავიწყდება.  ერთ დღეს  მითხრა, წყალბურთს თავი უნდა დავანებოო. რატომ მეთქი, გაოცებულმა  ვკითხე.  მურთაზ გულედანი იყო მეკარე, მურთაზს ბინა  არ აქვს, ძირითადი მოთამაშე  რომ  იქნება ბინას მისცემენო. აბა! ასე თქვა!  არა და იმ დროს კარიერის მწვერვალზე იყო!      

არ ვიცი,  როგორ გადავიტანთ მეგობრები მის გარეშე ცხოვრებას.  მისი წასვლით, თითქოს, მარტო დავრჩი,  ყველას ეს განცდა აქვს.  ტრაპზე რომ ჩამოდიოდა, მირეკავდა, მერაბ როგორ ხართ, რა ამბავია უბანში? შეგვკრებდა ყველას და ვიხსენებდით წარსულს.  არ არსებობდა, თბილისში ჩამოსულიყო და პლეხანოვზე არ მოსულიყო.  კარგი ქალაქელი კაცი დააკლდა თბილისს. ცოტა ხნის წინ  "ნაღდი თბილისელის"  ვარსკვლავი გადმომცეს, სიმბოლური აღიარებაა,  სოსოს  ნამდვილად  ეკუთვნოდა ეს ვარსკვლავი,  სამწუხაროდ,  ვერ მოესწრო, თუმცა ნაღდ ქალაქელად ის  ყოველთვის დარჩება.

ლაშა თაბუკაშვილი (  მწერალი, დრამატურგი)

  14 წლის ვიყავი, როდესაც  გაზეთ "ლელოში" ვნახე ფოტო, ციდან ჩამოფრენილი ვარსკვლავი ბიჭის, რომელსაც ხელში ეჭირა თასი და ქვემოთ ეწერა - სოსო ნიჟარაძე, წყალბურთში წლის საუკეთესო მეკარე.   ეს იყო პირველი შეხება.  მე ვიყავი 16 წლის, სოსო -19-ის, ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. მაშინდელ თბილისში,  ვინც სახლში არ იყო "გამომწყვდეული", ყველა ერთმანეთს ვიცნობდით.  მერე რაღაცამ იფეთქა, არ ვიცი, რამ ასაკმა, ერთმანეთს რომ იგრძნობს ორი ადამიანი, ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, მოჰყვა მას მერე ფათერაკები, თავგადასავლები, საოცრად მხიარული, ლაღი მეგობრობა, რომელიც არ გაწყვეტილა ბოლო დღეებამდე -   თბილისი, ბიჭვინთა, ყოველ ზაფხულს ერთად ვატარებდით ჩემთან ლიძავაში.  ვერ წარმოიდგენთ, როგორ უყვარდათ, ენდობოდნენ ჩვენი, ყველა მეგობრის  მშობლები სოსოს, იმ კაცური თვისებებიდან გამომდინარე, რაც ჰქონდა სოსოს, ყველა მას "აბარებდა" თავის  შვილს.  

იღბალია, სულ  კაშკაშა, საინტერესო მეგობრები მყავდა,  სოსო იყო განსაკუთრებული,  სამმა ფერიამ გაიმეტა  დაბადებისთანავე, და დაანათლეს უამრავი სიკეთე.  ფიზიკურ, დონატელოს  დავითის ქანდაკებასავით გარეგნობას ერწყმოდა მისი  შინაგანი ტაქტი, თავმდაბლობა, გულუხვობა  სიკეთეში, კაცობაში,  ასეთი  უნიკალური თვისებების ადამიანს, თითქოს უამრავი მტერი უნდა ჰყოლოდა,,  სოსო სადაც გამოჩნდებოდა, იქ ჩვენ, არა უშავრს ბიჭები კი ვიყავით, მაგრამ  ზედ არავინ გვიყურებდა, იპყრობდა ყველას ყურადღებას, ამას  თბილისში იშვიათად პატიობდნენ, მას ეპატიებოდა, ჰქონდა მოუგერიელებელი შარმი, რომელიც უყურადღებოდ არავის ტოვებდა.

  სოსო პლეხანოვზე ინტელიგენტურ ოჯახში გაიზარდა. მე  16 წლის ვიყავი, როდესაც პლეხანოვზე გადავედით საცხოვრებლად,  მაშინ უბინაოდ ვიყავით, სამი წელი ვიცხოვრეთ პლეხანოვზე დროებით.  მაშინ დავძმაკაცდით, იმ დროს  ისეთი "უბნობია" იყო,  მარტოს მიწევდა გზის გაკაფვა,  სოსო და მისი მეგობრები, ჩემზე უფროსები იყვნენ, მაგრამ ძალიან  დავახლოვდით. ვერ ვიტყვი, რომ სულ ია -ვარდით იყო მოფენილი  ჩვენი გზა. განსაკუთრებით 90 -იან წლებში, თავიდან მოგვიხდა ერთმანეთის გამოცდა ბევ რამეში. ყოველი დღე ექსტრემალურ სიტუაციაში გვიწევდა ცხოვრება,   ზნეობრივი პრინციპების შენარჩუნება არ იყო იოლი.   ისეთი ძმობა გვქონდა, ბრმად ვენდობოდით ერთმანეთს,  კი არ ვამოწმებდით ერთმანეთს, მაგრამ რომელიმე რომ გავწეულიყავით, მეორე წაიქცეოდა, სოსო შინაგანი მორალური ზნეობრივი კოდექსით ისე იდგა, არაფერი შეშლია.   სოსო იქაც ყოჩაღი აღმოჩნდა, სადაც ვიღაცეებმა ვერ გაუძლეს პრაგმატულ და რთულ დროს.  

-როდესაც ის მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, მაინც ახლო მეგობრებად დარჩით?

- გეოგრაფიული წერტილები არაფერს ცვლიდა ჩვენს მეგობრობაში.  სოსო მუდმივად გასცემდა ადამიანურ სიკეთეს, და ამას აკეთებდა ბევრ ადამიანთან.  მას დღეს  საოცარი სიყვარულით იხსენებს ყველა, ვინც ერთხელ მაინც გადაკვეთილა სოსოსთან.   "ჩამწვარი" თბილისელი და "პლეხანოველი" იყო, ის, სადაც არ უნდა ყოფილიყო,  ყველაზე მაღლა ყოველთვის აყენებდა თავისი ქვეყნის ინტერესებს. ამ მხრივ   გადაჯიშების მოლეკულაც კი არ  შეპარვია.  ის იყო  წარმატებული სპორტსმენი, იმის მიუხედავად, რომ წყალბურთში დიდი პერიოდი არ გაუტარებია, საუკეთესო შედეგები დადო და დღეს მას დიდი სიყვარულით იხსენებენ წყალბურთელები. სპორტისთვის თავი არც არასდროს დაუნებებია. ბოლო წლებამდე, ჰაერში თუ ხმელეთზე,  ისეთი ექსტრემალური იყო, 20 წლის ბიჭი რომ ვერ წარმოიდგენს. ჩაჯდა სრულიად გამოუცდელი მფრინავ  აპარატში, რომრელიც მოწყდა და 200 მეტრიდან ჩავარდა მდინარეში.   არ იყო სპორტული რეჟიმით მცხოვრები,  არ უწესებდა თავს აკრძალვებს,  რომ არ ექეიფა და  ღამე არ გაეთენებინა, მაგრამ მაინც არ უშინდებოდა  ექსტრემს, სამწუხაროდ, ეს  ბოლოს, თითქოს  არ ეპატია - გულმა ვერ გაუძლო. მასთან ერთად გატარებული წლები  იყო  ბედნიერება,   ვისაც ის შეეხო,  დაუვიწყარი იქნება მისთვის, ჩვენ ყველას ჩვენი სოსო გვყავდა.            

ჯუმბერ ბერაძე  ( საქართველოს სახალხო არტისტი)  -     ჩვენ ქალაქში გადავიკვეთეთ.  მე სოლოლაკელი ვიყავი და სოლოლაკის ბირჟაზე ვიდექი, ის - პლეხანოვის ბირჟაზე იდგა. დღეს, რომ მეკითხებიან, შენ რომელ ბირჟაზე იდექიო, თამამად ვამბობ,  რამდენადაც ვარ სოლოლაკელი, იმდენად პლეხანოველიც ვარ -მეთქი, მათი ბირჟა იყო  ე.წ. "რკინიგზელთა სახლთან", მის გვერდით იყო სუხიშვილების ანსამბლის სარეპეტიციო, სადაც მე წლები გავატარე.  ვამაყობ იმით, რომ ახალგაზრდობაში დავუკავშირე ცხოვრება ამ არაჩვეულებრივ კაცს,  მაშინ თბილისი საოცარი ურთიერთობებით -  მეგობრობის, კაცობის  წესით იყო გამორჩეული, კაცი თუ არ იყავი, იმ ბირჟაზე არავინ მიგიღებდა. სოსოს განსაკუთრებული რეპუტაცია  ჰქონდა, ფიზიკურადაც ლამაზი იყო, შინაგანადაც,  იმდენად  კარგი თვისებები  ჰქონდა,  ყველას ყურადღებას  უცებ იპყრობდა.  თვითმყოფადი ხიბლი ჰქონდა, რაც სხვას არ ჰქონდა. 2 წლის წინ,   70 წლის იუბილე გადავუხადეთ. შევიკრიბეთ მეგობრები, თათარიახნად, თამადობა მე  ჩამაბარა.  სოსო  დიდი მასშტაბის კაცი იყო.  უფალმა შექმნა ასეთად, სულ  მზად იყო,  დღესასწაულები მოეწყო ადამიანებისთვის,  თვითონ  ასეთი  იყო, რომანტიზმით და  დღესასწაულებით  სავსე კაცი  და  ასე  დარჩება ჩვენში   ყოველთვის..   

 სოსო ნიჟარაძე და ზურაბ წერეთელი არა მარტო ბიძაშვილ-მამიდაშვილი, არამედ უახლოესი მეგობრები  იყვნენ და ერთად მუშაობდნენ საერთო პროექტებზე, ისეთები როგორიცაა - „ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს“ (აშშ), „მეგობრობა საუკუნოდ“ (რუსეთი), „სიკეთემ სძლია ბოროტსა“ (აშშ) და სხვ.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ზურაბ წერეთელი თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, მან როგორც რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტმა, მთელი აკადემიის  სახელით გამოხატა მწუხარება სოსო ნიჟარაძის  გარდაცვალების გამო. სამძიმრის წერილში, რომელიც რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ბ-ნი ზურაბ წერეთელი ამბობს - „სემიონ გეორგიევიჩი (სოსო ნიჟარაძე) იყო ნამდვილი ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში როგორც ნიჭიერი, მამაცი, ლამაზი, მხიარული და ოპტიმისტი ადამიანი.

ძნელია სიტყვებით გამოხატო, რამდენად გამოუსწორებელი დანაკლისია ჩვენთვის ამ ქვეყნიდან მისი წასვლა. სემიონ გეორგიევიჩი არის ჩვენი უდიდესი სულიერი მეგობარი, კოლეგა, შემოქმედი და მოკავშირე, რომელთანაც მრავალ წლის მეგობრობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს.“https://rah.ru/news/detail.php?ID=55446

პ.ს.  საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტის“ რედაქცია გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ბ-ნი სოსო ნიჟარაძის გარდაცვალების გამო, ვიზიარებთ მის ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

თამუნა სამადაშვილი.

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.