USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
სოსო გველესიანი – იმერეთის პრინცი უროლოგიის კათედრიდან
თარიღი:  983

როდესაც ცნობილ ექიმზე სოსო გველესიანზე მასალის მომზადება გადავწყვიტეთ, მასზე საუბრის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. მათგან განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას, რომელმაც სოსო გველესიანის შესახებ წიგნად გამოცემული მოგონებები მოგვაწოდა და პროფესორ დავით ქოჩიაშვილს – სწორედ მისი დახმარებით დავუკავშირდით ბატონი სოსოს ქალიშვილს და ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე მორიგი პორტრეტი გავაცოცხლეთ.

ბავშვობა. მამა. გურნა

იოსებ (სოსო) გველესიანი 1935 წლის 5 აგვისტოს თბილისში, არტემ წითლიძისა და რაისა გველესიანის ოჯახში დაიბადა. მამამისი, სიღნაღის რაიკომის მდივანი, რომელიც ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა, 1937 წელს ბერიას პირადი ბრძანებით დახვრიტეს. მისი 23 წლის ქვრივი, როგორც ხალხის მტრის ცოლი, გადაასახლეს. ობლად დარჩენილი ორი წლის სოსო დეიდამ, ქეთევან გველესიანმა იშვილა, თავისი გვარი მისცა და იმერეთის სოფელ გურნაში გადამალა. 

 

ასე გადაურჩა პატარა ბიჭი იმ მატარებელში მოხვედრას, რომლითაც რეპრესირებული ოჯახების ბავშვებს შორეულ ჩრდილოეთში გზავნიდნენ გაურკვეველი ვადით და კიდევ უფრო გაურკვეველი პერსპექტივით.

სკოლაში მისასვლელ სამკილომეტრიან გზას ფეხით გადიოდა. თანატოლები მერხზე მის გვერდით ჯდომასაც კი ერიდებოდნენ – ის ხომ “ხალხის მტრის” შვილი იყო... მიუხედავად ყველაფრისა, სკოლა წარჩინებით დაამთავრა, საწავლებლის ისტორიაში პირველი მედალიც აიღო და პროფესიად ექიმობა აირჩია.

მოუსვენარი სტუდენტობა

“პრინც იმერეტინსკი” – ამ მეტსახელით იცნობდნენ თანაკურსელები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ათლეტური აღნაგობის წარჩინებულ სტუდენტს. ის არ ჰგავდა სტალინური ეპოქის დაკომპლექსებულ თაობას, ყურადღებას იპყრობდა თავისუფალი (და არა წრეგადასული) ქცევით, ლაღი იუმორით და გულღია ხასიათით. განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდა ტოპოგრაფიულ ანატომიასა და ოპერაციულ ქირურგიას – ნათელი იყო, ქირურგობა უნდოდა. გამოირჩეოდა არა მხოლოდ სწავლით, არამედ წესიერებით, სამართლიანობით, აკურატულობით, საუკეთესო ორგანიზატორული ნიჭითაც. ალბათ ამიტომ აირჩიეს ნაკადხელად. მის ჯგუფელებს მუდამ ახსოვდათ, როგორ მიჰქონდა გულთან თითოეული სტუდენტის გასაჭირი და მათი პრობლემების მოსაგვარებლად თავს არ ზოგავდა.

სწავლის პარალელურად მისდევდა ალპინიზმს, გატაცებული იყო ქართული ნაციონალური ცეკვით, რომელიც ლექციებს შორის გართობისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ გამართულ მთამსვლელთა არაერთ ექსპედიციაში. იყო 1957 წლის ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეც.

ფეხბურთის ქომაგიც გახლდათ. ესწრებოდა ეროვნულ სტადიონზე თბილისის “დინამოს” თითქმის ყველა მატჩს. ამ გუნდში თამაშობდნენ მისი მეგობრები: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი... თუმცა თავის უდიდეს ჰობიდ მაინც “დაუძალებელი და დაუზარებელი” სპორტი – ნადირობა მიაჩნდა. იყო მრავალი შეჯიბრების გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ორგზის ოქროს პრიზიორი. წლების შემდეგ სიამოვნებით იგონებდა, როგორ უყიდა თავის ინგლისურ სეტერს ტუსას მოსკოვში, გამოფენაზე გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთი, როგორ უმტკიცებდა ბორტგამცილებელს, რომელიც წინ გადაეღობა თვითმფრინავის ტრაპზე ამავალ ძაღლს, რომ ეს ცხოველი კი არა, მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ორჯერ როგორ ჩამოუტანა საქართველოს სანუკვარი ოქროს მედალი (ეს ჯილდო მან რუსეთის იმ დროისთვის უძლიერეს გუნდს ჩამოართვა).

ექიმი და პედაგოგი

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1962-1968 წლებში მიხეილის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა. 1968 წელს ზოგადი ქირურგიის კათედრის უფროს ლაბორანტად დაინიშნა. 1973 წელს, როდესაც უროლოგიის კათედრა დაარსდა, ამ კათედრის უფროსი ლაბორანტი გახდა, ხოლო 1974 წელს – კათედრის ასისტენტი. კათედრას ბუმბერაზი მეცნიერი – პროფესორი ვასილ ბაბუხადია ხელმძღანელობდა. სოსოს მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა,

 

თუმცა სუბორდინაციას ყოველთვის იცავდა. 1974-დან 2008 წლამდე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების ექიმი გახლდათ. 2010-2015 წლებში მუშაობდა დ. კოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმ უროლოგად. ავტორია ოცამდე სამეცნიერო ნაშრომისა ზოგად ქირურგიასა და უროლოგიაში.

55 წელი ემსახურა ადამიანების ჯანმრთელობას, აღზარდა ექიმების მრავალი თაობა, არაერთხელ დასახელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგად. მოსწავლეები დღემდე იხსენებენ როგორც თავგადადებულ პედაგოგს. კათედრაზე ინახებოდა ბატონი სოსოს მიერ შეგროვებული მულიაჟები, სლაიდები, პლაკატები, ფორმალინში შენახული საინტერესო ოპერაციული მასალა, რომელსაც რუდუნებით უვლიდა და უფრთხილდებოდა. მამასავით ზრუნავდა სტუდენტებზე, უხსნიდა ყოველ წვრილმანს, რომლის ცოდნაც აუცილებელი იყო მათი პროფესიული განვითარებისთვის. ხშირად უთქვამს: "რაც ვიცი ქირურგიისა და კაცობის შესახებ, ყველაფერს გასწავლით, რაც არ ვიცი, სხვაგან ისწავლეთ, ოღონდ გახსოვდეთ, ჩემი პრინციპებით ბევრ ფულს ვერასდროს იშოვითო”. სოსო გველესიანის გამოზრდილი უამრავი ექიმი წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში, ხოლო მის ოჯახში დღემდე არ წყდება მადლიერი პაციენტების სატელეფონო ზარები. 

“ხამს მოყვარე მოყვრისათვის”

სტატუსსა და რეგალიებზე არასდროს უფიქრია, მთავარი ჯილდო მისთვის იმ ხალხის უსაზღვრო სიყვარული იყო, რომელსაც ათეულობით წელი უანგაროდ ემსახურა. მისი კუთხიდან ჩამოსული პაციენტისგან ჰონორარი არასდროს აუღია. ბევრჯერ მძიმე ავადმყოფი საკუთარი მანქანით ჩამოუყვანია თბილისში, გაუკეთებია ურთულესი ოპერაცია და ჯანმრთელი დაუბრუნებია შინ.

დავით ქოჩიაშვილი:

– ვერ ეგუებოდა ბოლო წლებში გამკაცრებულ ფინანსურ მოთხოვნებს და ხშირად არც კი ემორჩილებოდა მათ, რის გამოც ერთხელ კლინიკაში შემოსულმა ფინანსურმა კომისიამ სერიოზული შენიშვნა მოგვცა და რომ არა სოსოს გულწრფელი, გულუბრყვილო თავის მართლება: გურნიდან იყო, ფული როგორ უნდა გამომერთმიაო, – შემოსავლების დამალვისთვის ჯარიმას ვერ ავცდებოდით. ბოლოს სოსომ თავისი ჯიბიდან გადაიხადა აუღებელი ხელფასის სახელმწიფოსთვის განკუთვნილი ოცი პროცენტი და ასე გადაგვარჩინა.

გურნელების ზეიმი იყო სოსოს ოკრიბაში ასვლა. სურსათ-სანოვაგით, ჩასაცმელ-დასახურავით, წამლებით, მოსაკითხით დატვირთული ადიოდა ყოველთვის. უყვარდა დიდსა თუ პატარას, ახლობელსა თუ შორებელს, ყველას თავის პატრონად და გულშემატკივრად მიაჩნდა. ასეც იყო: ახალგაზრდებს გზის გაკვლევაში ეხმარებოდა, ასაკოვნებს კი ჯანმრთელობას უბრუნებდა და სიცოცხლეს უხანგრძლივებდა.

შთამომავლობა

მზრუნველი შვილი და შვილიშვილი იყო. ბავშვივით უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ გამზრდელ ბებიას. შინ პატარა საავადმყოფოც კი მოუწყო.

ბედმა თანამეცხედრეც ღირსეული არგუნა – სათნო და მომხიბლავი ლალი ჯიბლაძე. ერთმანეთი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიცნეს, სადაც სოსო კათედრის ასისტენტი იყო, ლალი კი, მომავალი ექიმი კარდიოლოგი, პროფესორ ვირსალაძის კათედრაზე კლინიკურ ორდინატურას გადიოდა. მათი უფროსი ქალიშვილი, ქეთევანი, მშობლების კვალს გაჰყვა – პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი და რადიოლოგი გახდა, უმცროსი, ნინო კი დასავლეთევროპული ენების სპეციალისტია. ექვსი შვილიშვილიდან ერთ-ერთმა, ლუკამ, ბაბუის პროფესია აირჩია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია.

შტრიხები პორტრეტისთვის

ენაკვიმატი და სხარტი იუმორის პატრონი ყოფილა. ერთხელ, დილის კონფერენციაზე, ომახიანად მოუხსენებია: ჩემი მორიგეობის პერიოდში დავაწვინე შვიდი პაციენტი და დავაჯინე ხუთი, რადგან მეტი საწოლი არ გვქონდაო. ბატონ ვასოსაც კი ჩაღიმებია ამ სიტყვებზე.

 

ძალიან განიცდიდა, მამის ნეშტის ადგილსამყოფელი რომ არ იცოდა. საბურთალოს სასაფლაოზე სიმბოლური საფლავი მოუწყო ახალგაზრდობის პორტრეტით და წარწერით. ამგვარად მიაგო პატივი ადამიანს, რომლის კეთილშობილება გენეტიკურად დაჰყვა.

არავის ეგონა, რომ სოსოს ავადმყოფობა მოერეოდა – ოპტიმისტი და სიცოცხლის მოყვარული იყო. სხვისი არასდროს არაფერი შეშურებია. იმისიც კი ერიდებოდა, ავად რომ იყო და ცდილობდა, თავისი მდგომარეობით არავინ შეეწუხებინა.

უფროს ქალიშვილს, ქეთის, ამ სიტყვებით დაემშვიდობა: “იქნებ დიდი ქონება ვერ დაგიტოვე, მაგრამ გპირდები, არასდროს შეგრცხვება იმის თქმა, რომ სოსო გველესიანის შვილი ხარ”.

მარი მარღანია

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.