USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
სოსო გოგაშვილი - აფგან მუხთარლის გატაცების დეტალები
თარიღი:  1087
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და აფგან მუხრთალის გატაცების ისტორიას ყვება:
"აფგან მუხთარლის გატაცების საქმე ზუსტად წარმოაჩენს ქართული ოცნების კრიმინალურ სახეს. სამწუხაროდ ეს გატაცების ერთ-ერთი შემთხვევა არ არის. თუ კარგად მოიკითხავთ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაუჩინარებული და რუსეთის ციხეში აღმოჩენილ მოქალაქეების ბედს, ყველაფერს მიხვდებით. ამას ოცნება აკეთებს, როგორც ტიპიური რუსული ბანდა.
 
მუხთარლის გატაცების რამდენიმე ვერსიაა, ამიტომ მინდა საზოგადოებას მივაწოდო ნამდვილი ინფორმაცია ამის შესახებ და ჩემი შემხებლობა ამ საქმესთან.
 
ვერსია 1 (ფეიკი): ოცნება ოფიციალურად ავრცელებდა ინფორმაციას თითქოს მუხთარლიმ გადაკვეთა უკანონოდ საზღვრის მწვანე ზოლი, სადაც მოხდა მისი დაკავება აზერბაიჯანული მხარის მიერ. ამის გამო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლაიშვილი (უდანაშაულოა) და ასევე კონტრდაზვერვის უფროსი ოთარ კუპრაშვილი (შემსრულებელი). საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად არასდროს იქამდე არ მომხდარა ფაქტი, რომ გადაეყენებინათ რომელიმე თანამდებობის პირი. ოცნებას მათი გადაყენება სჭირდებოდა რეალური დანაშაულის დასაფარად და მე-2 ფეიკ ვარიანტის გავრცელების გასამყარებლად.
 
ვერსია მე-2 (ფეიკი): ამ ვერსიას ოცნება კულუარულად ავრცელებდა საერთაშორისო პარტნიორებთან თავისი დანაშაულის გადასაფარად. ისინი ამბობდნენ არაოფიციალურ შეხვედრებზე, რომ აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს მუხთარლი ქალაქის ცენტრიდან, რაც ვერ გაიგო ქართულმა სპეცსამსახურებმა და ამის გამო გადააყენეს ორი მაღალი თანამდებობის პირი. ამ ამბავს ხმამაღლა ვერ იტყოდნენ, რადგან მეზობელთან შევიდოდნენ კონფლიქტში, რაც დაძაბავდა ურთიერთობას და ამაზე დუმილს, ამ ,,რისკით’’ ხსნიდნენ. რა თქმა უნდა ეს იყო მტკნარი სიცრუე. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას მეც ვესწრებოდი, როდესაც გომელაურმა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს მოუყვა ამ ვერსიის შესახებ. გასაგები მიზეზების გამო მე ვერ დავასახელებ იმ ქვეყანას, რომელსაც წარმოადგენდნენ სტუმრები. მე მივხვდი, რომ მიზანი იყო ამ ყველაფრის აზერბაიჯანელებისთვის გადაბრალება.
 
ვერსია მე-3 (რეალური): 2017 წლის 25 მაისს, ჩემთან მოდულში სამუშაო კაბინეტში შემოვიდა ოთარ კუპრაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ გომელაურმა მისცა დავალება, რომელსაც პირადად მეტყოდა უფროსი. რამდენიმე დღე სამსახურში ვერ მოვიდოდა და თან დასჭირდებოდა რამდენიმე თანამშრომელი. მე მას ვუთხარი, რომ გასაგები იყო და მეტი კითხვა არ დამისვამს. ოთარ კუპრაშვილი იყო ღარიბაშვილის დანიშნული კადრი, მას ენდობოდა გომელაური, ისინი ერთად ფლობდნენ რესტორანს მცხეთაში. რამდენიმე დღის შემდეგ, 29 მაისს, შიდა ტელეფონით დამირეკა გომელაურმა და თავის კაბინეტში დამიბარა. როდესაც შევედი და შევხედე, სახე ჰქონდა წაშლილი და იყო ძალიან განერვიულებული, აგინებდა კუპრაშვილს. როცა ვკითხე რა მოხდათქო, მითხრა:
 
- შეფის (ბიძინა ივანიშვილი) დავალება იყო მუხთარლის გადაგდება აზერბაიჯანის საზღვარზე, ეს დავავალე ამ სირ კუპრაშვილს, რომელსაც ობიექტი უნდა ჩაესვა მანქანაში, მაშინ როდესაც ის მარნეულში გაემგზავრებოდა. ამ სირმა ადგა და ქალაქის ცენტრიდან გაიტაცა. მე მაგის დანახვა არ მინდა, შეიძლება შემომაკვდეს, დაუძახე შენ და სასწრაფოდ ზუსტი გადაადგილების მარშრუტი შეადგინონ, რა გზითაც იმოძრავეს ლაგოდეხის საზღვრამდე და ეს ყველაფერი დეტალურად აუხსნან ოტოს ბიჭებს. სანამ ქვეყანა შეიყრება, სასწრაფოდ კამერები უნდა წავაშლევინო.
 
მე გამოვედი ჩემს კაბინეტში და დავუძახე კუპრაშვილს. რამდენიმე წუთში ის შემოვიდა ჩემს ოთახში, აშკარად ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. დავსვი, ცოტა დამშვიდების საშუალება მივეცი და ვკითხე, რა მოხდათქო. თან გადავეცი გომელაურის დავალება. მან მოყვა შემდეგი დავალება:
 
⁃ ხომ გითხრათ უფროსმა, წავიყვანე რამდენიმე ბიჭი, კახა თოფურია (გარდაიცვალა), რომელიც იყო კუპრაშვილის მოადგილე, გიორგი ტრაპაიძე (მთ. სამმართველოს უფროსი, რომელიც შემდეგ დააწინაურეს და ახლა არის კონტრდაზვერვის უფროსი), ზვიად ბალარჯიშვილი ( ამჟამად გ.ტრაპაიძის მოადგილე) ოფიცერი ერქომაიშვილი (ორის გვარი აღარ მახსოვს). მუხთარლი ქალაქიდან არ გასულა ამ დღეების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქგარეთ უნდა ჩამესვა, კარგი მომენტი ჩამივარდა და ქალაქში მოვკიდეთ ხელი, ჩავსვით და წავიყვანეთ ლაგოდეხის მიმართულებით. უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში და მან მითხრა, როდესაც საზღვართან მივიყვანდით, იქ დამხვდებოდა მინივენი, სადაც დამხვდებოდა ხალხი და მათთვის უნდა გადამეცა მუხთარლი. პირდაპირ გამშვებ პუნქტზე. ჩემს ტოიოტას ჯიპში (LC 200) და ვიჯექით მე და თოფურია, რომელიც მეუბნებოდა, რომ ამას აქ ნუ გააკეთებთო, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ იქვე სჯობდა გაკეთება და მე-2 მანქანაში ( ცისფერი ფერის ,,ჰიუნდაი’’ სედანი) ისხდნენ ოთხნი, კონტრდაზვერვის ბიჭები, რომლებიც მყავდნენ წაყვანილი. კუპრაშვილმა მითხრა ასევე, რომ თუ ამაზე ამბავი ატყდება, ხომ არ დამიჭერენო, მე ვუთხარი, რომ ვახო მაგარი გაბრაზებული იყო ზუსტად რომ არ შეგისრულებია მისი დავალება და ქალაქიდან წაგიყვანია, ამიტომ ახლა სჯობდა შეესრულებინა გომელაურის დავალება, წასულიყო ოტოსთან და ყველაფერი დეტალებში აეხსნა გადაადგილებისა და მარშრუტის ჩათვლით. მოგვიანებით ოტოში ჩასვლამდე კუპრაშვილი კიდევ შემოვიდა ჩემთან იმ ჯგუფთან ერთად, რომლებმაც გაიტაცეს მუხთარლი. გიორგი ტრაპაიძე, ზვიად ბალარჯიშვილი, ერქომაიშვილი(სახელი არ მახსოვს) და აწ გარდაცვლილი კახა თოფურია. ასევე იყო ორი ოპერ-მუშაკი, მათგან ერთი ოტოშნიკი, რომელიც უსმენდა მუხთარლის. მათი გვარები არ მახსოვს. მე მათ ვუთხარი, რომ უფროსი ყველანაირად გვერდში დაუდგებოდა და გადავეცი გომელაურის სიტყვები, რომ დეტალურად უნდა დაეხაზათ მოძრაობის მარშუტი და გადაეცათ ოტოს ბიჭებისთვის, რომლებიც კამერებს წაშლიდნენ. ასევე მოხდებოდა მათი (გატაცებაში მონაწილეების) კორპორატიული ნომრების გაუქმება, რადგან ანძებზე არ დაფიქსირებულიყო და მათ გადაეცემოდათ ახალი ნომრები. შემდეგ, როგორც საზოგადოებამ იცის, მუხთარლის გატაცების არანაირი კვალი არ დარჩენილა. მე ბუნებრივია ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარმოვადგენ ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებას.
 
ალბათ საზოგადოებას აინტერესებს მოტივი, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრებს, რომელბსაც ბიზნესები აქვთ აზერბაიჯანში, იქაურ მთავრობასთან დაახლოებულ პირებთან ერთად, ამ პირებისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მუხთარლი იმყოფება საქართველოში და იქიდან აკრიტიკებსა და ლანძღავს აზერბაიჯანის მთავრობას. თუ ქართული მხარე მუხთარლის საქართველოდან გამოაძევებდა, აზერბაიჯანში ეს ფაქტი დადებითად აისახებოდა მათ ბიზნეს ურთიერთობებზე. ბუნებრივია, მათ ეს ინფორმაცია მიიტანეს ივანიშვილთან ხოლო მან თავის მხრივ ამ საკითხის გადაჭრა დაავალა მის ერთგულ მცველს, გომელაურს, რომელმაც თავის მხრივ ამ ფორმით გადაჭრა ეს პრობლემა.
 
ეს არის სრული სიმართლე, რისიც ძალიან ეშინოდა რუსულ ოცნებას, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა უკანონობისა და მუქარებისა ჩემი ოჯახის მისამართით.
 
სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი."
საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.