სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა მხარეებმა ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით 10 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
„ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლისას მხარეები წითელი ჯვრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტულ პარამეტრებზე შეთანხმება დამატებით მოხდება“, - აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.
გარდა ამისა, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით დაიწყონ მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. მოლაპარაკებების ფორმატში ცვლილებები არ შესულა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.