რეგიონებზე საუბრისას ხშირად ვახსენებთ ადამიანებს, რომლებიც სოფელს ტოვებენ და ქალაქში გადადიან. ამჯერად საპირისპირო გზაზე მოგიყვებით — თბილისიდან სოფელში გადასვლაზე და საქმეზე, რომელიც ადგილობრივ ადამიანებთან ურთიერთობით განვითარდა.
ლაშა მებონია თბილისიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში გადავიდა საცხოვრებლად. ჩხოროწყუსთან მას ბავშვობიდან აკავშირებდა ოჯახი და მოგონებები. დროთა განმავლობაში ამ კავშირს ახალი შინაარსი შესძინა: ადგილობრივი ისტორიისა და მეხსიერების შეგროვება, გაციფრულება და დღევანდელი ცხოვრების გაშუქება მის ყოველდღიურ საქმიანობად იქცა.
ბავშვობიდან — სოფლის აღმოჩენამდე
„ბავშვობაში ოჯახს სოფელში ზაფხულობით დავყავდი — სულ მცირე, ერთი თვით. იქ მელოდა ბებიას მომზადებული გემრიელი კომპოტი, ხობისწყარის ჯადოსნური წყალი და ადგილობრივებთან ურთიერთობა. ბებია ნელ-ნელა მოხუცდა, მე კი სოფელში უფრო დიდხანს ვრჩებოდი“, — იხსენებს ლაშა მებონია.
„თანდათან კომპოტის გემოს ყოველდღიურ რეალობაზე დაკვირვებაც დაემატა. მივხვდი, რომ რეგიონებს ხშირად თითქოს სხვა განზომილებად აღვიქვამთ — ადგილად, რომელიც ბებიას მომზადებულ სადილთან და ზაფხულის მოგონებებთან გვაკავშირებს. ამ მოგონებების მიღმა კი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებაა. მნიშვნელოვანია თითოეული სოფლისა და მუნიციპალიტეტის გაცნობა, სწორად წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
ასე გაჩნდა ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმის შექმნის იდეა. მის განხორციელებას ჩემგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სჭირდებოდა — აქ უნდა მეცხოვრა“.
ჩხოროწყუს ციფრული პორტრეტი
ამ იდეიდან განვითარებული ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა დღეს ციფრული ეკოსისტემაა — ვებსაიტით, სოციალური ქსელების არხებითა და მრავალფეროვანი რუბრიკებით. „ციფრული არქივი“ გაციფრულებულ ფოტოებს, დოკუმენტებსა და მოგონებებს უყრის თავს; „ციფრული სახლი“ ადგილობრივ ადამიანებს, საქმიანობასა და პრაქტიკულ ინფორმაციას წარმოაჩენს; „ჩხოროწყუდან დანახული სამყარო“ კი ბლოგებითა და ვიდეოებით სხვა ადგილების გამოცდილებასა და საზოგადოებრივ საკითხებსაც ეხება.
ამ მიმართულებებს ყოველდღიური სიახლეებისა და კულტურული, სპორტული თუ ახალგაზრდული მოვლენების გაშუქება ავსებს. ასე იქმნება ჩხოროწყუს წარსულისა და აწმყოს ციფრული პორტრეტი. ლაშას მიერ მოწოდებული მონაცემით, პლატფორმის მთავარი ფეისბუქგვერდი 56 899 გამომწერს აერთიანებს.
ოჯახებში შენახული მეხსიერება
„გაციფრულების გამოცდილება ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობის წლებში მივიღე, სადაც ათასობით ძველ ფოტოსთან მქონდა შეხება. ოჯახებში უამრავი ფოტო ინახება, თუმცა მათ ხშირად ვკარგავთ, ვაზიანებთ ან სულაც ვყრით. ამ ფოტოებთან ერთად ადამიანებისა და ადგილების ისტორიებიც იკარგება. თანამედროვე ტექნოლოგიები მათ შენარჩუნებაში გვეხმარება — ციფრული ასლის შესაქმნელად ხშირად ჩვეულებრივი ტელეფონიც საკმარისია.
ჩხოროწყუში ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდე. მაჩუქეს სკანერი და პრინტერი, მეც მუშაობას შევუდექი. ოჯახებში დაცული მასალებით ჩვენი ციფრული არქივი ნელ-ნელა მდიდრდება“.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით…“
არქივზე მუშაობასთან ერთად, ლაშას საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი პირდაპირ ეთერებს უკავია — ადგილიდან ამბის მოყოლას და მაყურებელთან უშუალო ურთიერთობას.
„ცოცხალი მაუწყებლობის გამოცდილება ჯერ კიდევ ფეისბუქზე პირდაპირი ეთერების გავრცელებამდე მივიღე — ვიწერდით საინტერესო ადამიანებს, გმირებს, პოლიტიკოსებსა და ბლოგერებს. ეს გამოცდილება რეგიონში განსაკუთრებით გამომადგა.
პირდაპირი ეთერი ადვილი არ არის: ყველაფერი წინასწარ ვერ დაიგეგმება და უამრავი კურიოზიც მახსენდება. თან უნდა გაითვალისწინო, რომ ყველას არ სურს კადრში მოხვედრა. ცოცხალი მაუწყებლობის ხიბლი ინტერაქტიულობაშია — მაყურებელს შეუძლია კითხვების დასმა, შენ კი ადგილზე აჩვენებ ადამიანს, გარემოსა და მიმდინარე ამბავს.
ჩემი გამოცდილებით, თბილისში ტელეფონით გადაღებას ხშირად ეჭვით უყურებენ. აქ კი უკვე მიეჩვივნენ კაცს ტელეფონით — მცნობენ და სითბოსაც ხშირად გამოხატავენ“.
მოგზაურობა კამერით ხელში
„ფოტო- და ვიდეოგადაღება აქ ვისწავლე. მოყვარული ვარ, მაგრამ ამაშიც ვხედავ საქმის ხიბლს — გადაღებისას თავადაც ვეცნობი ადგილებსა და ადამიანებს. ხშირად გავდივართ სხვადასხვა ლოკაციაზე და ჩხოროწყუს ფარგლებსაც გავცდით.
განსაკუთრებით გამიხარდა ნაკიფუში, ხვიჩა კვარაცხელიას სოფელში სტუმრობა, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობით დამხვდნენ. იქ ხვიჩას სოფელთან ურთიერთობა სხვა რაკურსით დავინახე. ადგილობრივები უფრთხილდებიან მას და ზედმეტად შეწუხება არ უნდათ. ახალგაზრდები მიყვებოდნენ, როგორ ინარჩუნებს ძველ მეგობრებთან კავშირს და როგორ ახსოვს სოფლის უბრალო სტადიონი, სადაც თანასოფლელებთან ერთად თამაშობდა. მათ მონათხრობში ხვიჩა ჩანდა როგორც ზრდილობიანი, უბრალო ადამიანი, რომლისთვისაც თითოეული სტუმარი ძვირფასია.
სიუჟეტში სოფლის ისტორიასა და სხვა ცნობილ ნაკიფუელებზეც მოვყევი. ჩემი ინფორმაციით, ეს ვიდეო ფრანგებმაც გააზიარეს და მილიონობით ნახვა ჰქონდა“.
ფილმები და ახალი შესაძლებლობები
„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ცნობილ ჩხოროწყუელებზე ფილმების სერიაზე მუშაობა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვამზადებ „ბებოს დღიურს“, რომელშიც გმირები წარსულში ხვდებიან. ფილმი ჯერ დასრულებული არ არის — იმედი მაქვს, მის გაგრძელებას შევძლებ“.
წყაროებთან მუშაობა
„კვლევაზეც თავად ვმუშაობ — ვეძებ წყაროებს, ვაანალიზებ მასალებს და ვაკვირდები განვითარების ტენდენციებს. არაერთი ისტორიული წყარო უკვე გავხადე ღიად ხელმისაწვდომი. ჩემს საქმიანობას სამეცნიერო კვლევად არ წარმოვადგენ, თუმცა ისტორია მეცნიერებაა და წყაროების კრიტიკულად შეფასებას, გადამოწმებასა და დასაბუთებულ მსჯელობას მოითხოვს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, წყაროებთან პასუხისმგებლიანი მუშაობა გასაგებ ენას შევუთავსო, რათა ისტორიული მასალა ფართო აუდიტორიისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს. მიღებული ისტორიული განათლება ამ მიდგომაში მეხმარება, თუმცა ნაშრომისთვის სამეცნიერო ფორმის მისაცემად კიდევ დიდი მუშაობაა საჭირო“.
არჩევანი და მისი ფასი
სოფელში გადასვლას ყოველდღიური სირთულეებიც მოჰყვა. ლაშასთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საქმიანობის გაგრძელება არასტაბილური შემოსავლისა და ტექნიკური დანაკარგების პირობებში.
„აქ გადმოსვლა დიდი ავანტურა იყო. კომფორტის ზონიდან გამოსვლა და 130 წლის ოდაში დასახლება მარტივი არ აღმოჩნდა. ხშირად შემოსავლის გარეშეც დავრჩენილვარ. რამდენჯერმე დახმარების სათხოვნელად ანგარიშის ნომრის გამოქვეყნება მომიწია — ეს ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე ნაბიჯი იყო.
ფინანსურ სირთულეებს მოულოდნელი შემთხვევებიც ემატება: მაგალითად, მეხმა მთელი ტექნიკა გადამიწვა. სოფლად ცხოვრება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ნამდვილი გამოწვევაა. ვფიქრობ, ქალაქში ამავე უნარებით შემოსავლის მიღების მეტი შესაძლებლობა მექნებოდა.
მაგრამ არჩევანი უკვე გავაკეთე და უკან დახევას არ ვაპირებ. ეს ჩემი გზაა — გზა, რომლის მომავლისაც მჯერა“.
„გიჟუნიები“
„აქაურ ახალგაზრდებთან განსაკუთრებული სითბო მაკავშირებს. ბევრი ახალგაზრდა გავიცანი, ვისშიც საქართველოს მომავალს ვხედავ. მეგრული ცეცხლი მათ ბუნებაშია — ამიტომ ხუმრობით „გიჟუნიებსაც“ ვეძახი. თითოეული მათგანის უკან დიდი ბრძოლაა ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.
ბევრი საკუთარ გზას მუნიციპალიტეტის გარეთ პოულობს. ასე იყო მამაჩემიც, რომელმაც სწავლა, ოჯახი და მომავლის პერსპექტივა თბილისს დაუკავშირა. ამ არჩევანს თავისი მიზეზები აქვს და ვერავის გავამტყუნებთ — არავინ მემეტება აქ შესაძლებლობების გარეშე დარჩენისთვის.
განსაკუთრებული დროა ახალგაზრდული დღეები, როცა ყველა ერთად იკრიბება: ქმნიან გუნდებს, ერთმანეთს შემეცნებით თამაშებსა და სპორტში ეჯიბრებიან. ამ „გიჟუნიებისთვის“ ღირს ცხოვრება — მათში ხომ ჩვენი გული და სულია“.
სოფლის ძალა
„სოფლის ძალას ყველაზე ნათლად ადამიანების თანადგომაში ვხედავ. როცა ჩემი ძველი სახლის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, თანასოფლელებმა თავად მოითხოვეს მოქმედება — შექმნეს ფონდი, გააერთიანეს რესურსები და ახალი სახლის მშენებლობაში ჩაერთნენ.
ვუყურებ მათ მონდომებასა და შრომას, დილიდან ღამემდე ერთად გატარებულ დროს და ვხვდები: „ძალა ერთობაშია“ აქ ყოველდღიური საქმის სახით ცოცხლობს. ჩემთვის ეს სოფლის სიყვარულია — ერთმანეთზე ზრუნვა და რწმენა, რომ ერთად მომავლის აშენება შეგვიძლია“.
„ჩვენ გავფრინდებით“
„ჩვენ გავფრინდებით“ — ეს ფრაზა მახსენდება, როცა ასეთ ენერგიას ვხედავ. ბესარიონ ქებურიას, ლიდა პაპასქირისა და სამსონ დადიანის ცხოვრების გაცნობა ჩემთვის მოტივაციის წყაროა: მათი გამოცდილება მაფიქრებს გამბედაობაზე, ცოდნასა და ახალი გზის გაკვალვაზე.
მათ არ ვეჯიბრები — საკუთარ საქმეს ვაკეთებ, იმ რწმენით, რომ სოფელს შეუძლია ახალი იდეების დაბადება და ადამიანების გაერთიანება მათ განსახორციელებლად“, — ამბობს ლაშა მებონია.