USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
სიმონ კილაძე - ევროპარლამენტის ბრწყინვალება და სიღატაკე
дата:  257

ევროპარლამენტი...

ბოლო დროს ეს სიტყვა ხშირად გვესმის:
ევროპარლამენტმა საქართველოს პრორუსული კურსი გააკრიტიკა...
ევროდეპუტატებმა საქართველოს მოქმედება დაგმეს...
ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ სანქციების გამოცხადებას აპირებს...
ევროპარლამენტმა ანტიქართული რეზოლუცია მიიღო...
ევროპარლამენტი იმ ევროკავშირის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის - ნათელი მომავლისაკენ.
ისიც გასაგებია, რომ ევროპარლამენტი გვაკრიტიკებს - იდეალური მთავრობა ამქვეყნად ძალიან ცოტა ხალხს თუ ჰყავს. რასაკვირველია, ჩვენი მთავრობა გარკვეულ სფეროებში ნამდვილად მოიკოჭლებს და შეცდომებს უშვებს.
 
მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვსო, ნათქვამია.
 
როგორია თვითონ ევროპარლამენტი - ევროპის კავშირის ქვეყნების კანონშემოქმედთა გაერთიანებული კონგლომერატი?
ნუთუ იქ ყველა ადგილზე თეთრფრთიანი ანგელოზები სხედან?
რამდენად იცავენ თვითონ ევროდეპუტატები კანონებს?
და საერთოდ, თვალი უნდა დავხუჭოთ თუ არა ევროპარლამენტში გავრცელებულ ზოგიერთ მანკიერებაზე?
 
გავიხსენოთ, რომ შარშან, დეკემბერში მთელმა დუნიამ გაიგო ევროპარლამენტის ზოგიერთი ხელმძღვანელი პირის - თავმჯდომარის მოადგილის, 44 წლის ბერძენი ლამაზმანის ევა კაილისა და მისი აპარატის წევრები დაპატიმრების ფაქტი, რომელიც კატართან დაკავშირებულ კორუფციულ ამბებს შეეხებოდა.
 
ეს კიდევ არაფერი.
 
ორიოდე დღის წინათ, 2 ივნისს, ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მოძალადეები ევროპარლამენტში: პოლიტიკური გამოძიება აჩვენებს, თუ როგორია დაშინება-ძალადობის ფარული მასშტაბები ევროპული დემოკრატიის გულში“ (ავტორები - ბარბარა მოენსი და ედი ვაქსი), რომელშიც გადმოცემულია ოთხთვიანი ჟურნალისტური გამოძიების მასალები ევროპარლამენტში და მის აპარატში დასაქმებული თანამშრომლების უფლებებისა დარღვევის შესახებ.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
 
„ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო - ევროპარლამენტი ისეთი ტოქსიკურ ადგილს წარმოადგენს, სადაც უმცროსი მომსახურე პერსონალი გავლენიანი ევროდეპუტატების მხრიდან წლების განმავლობაში განიცდიდნენ და გარკვეულწილად, ამჟამადაც განიცდიან დამცირებასა და შევიწროვებას (ბულინგს). რასაკვირველია, პარლამენტის ხელმძღვანელობამ კარგად უწყიდა იმ აუტანელ დამოკიდებულებაზე, მაგრამ მრავალჯერადი გაფრთხილებისა და სიგნალების მიუხედავად, თვალს ხუჭავდა და ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს შექმნილი სისტემური კრიზისის გამოსასწორებლად“, - ნათქვამია სტატიაში.
 
გაზეთის ჟურნალისტების მიერ გამოკითხული მოსამსახურეები და ბულინგისაგან დაზარალებული თანამშრომლები ჰყვებიან, რომ ევროდეპუტატების შევიწროვების გამო ისინი თავს „ფიზიკურად და ფსიქიურად მკვდრად თვლიდნენ“. ზოგიერთები იმასაც კი ამბობდა, რომ დამცირებისა და მეძიებლობის (შეურაცხყოფის) შედეგად „თავის მოკვლაც სურდათ“.
 
ბევრი ნერვიულობდა და ღამ-ღამობით არ ეძინებოდა იმის მოლოდინში, თუ როდის იქნებოდა მათი საჩივარი განხილული, თანაც შიშში იყვნენ, ვაითუ სამსახურიდან დაეკარგათ. ერთ-ერთმა გამოკითხულმა ასეთი სიტუაცია „ციხის სასიკვდილო საკანში“ ყოფნას შეადარა, როცა ადამიანი სასჯელს ელოდება და და ეს მოლოდინი გაურკევევლი ვადით გრძელდება.
 
ავტორების აზრით, გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, რომ ევროპარლამენტში უმცროსი რანგის თანამშრომელთა აბუჩად აგდება, ქირდვა და დაცინვა „კონტროლიდან გამოვიდა“.
 
ჟურნალისტური გამოკვლევის თანახმად, 2019-2021 წლებში ევროპარლამენტში სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის 34 ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დიდი პრობლემის მცირე ნაწილს წარმოადგენს - სიტუაციის ამსახველი ზუსტი მონაცემები არ არსებობს: ან აღრიცხული არ არის, ან სპეციალურად საიდუმლოდ მალავენ. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტების არაერთგზის თხოვნას ევროპარლამენტი დუმილით პასუხობს.
 
როგორც ირკვევა, დაზარალებულ თანამშრომელთა საჩივრების განხილვას ევროპის პარლამენტი ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში აჭიანურებს და „თუ განხილვა ბოლოსდაბოლოს იწყება, პროცედურა ნამდვილი წამებაა“, - ამბობს Politico-ს ჟურნალისტებთან საუბრისას ლუქსემბურგელი დეპუტატის ყოფილი თანაშემწე მონიკა სემედო. მისი თქმით, განხილვის დროს დაზარალებულს „ყველაფრის ხელახლა გადატანა უწევს, შემდეგ კი უსასრულო ლოდინი“.
 
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლა (იგი მალტელმა პოლიტიკოსი ქალბატონია), მიმდინარე წელს ორი დეპუტატის წინააღმდეგ დაიწყო საქმის წარმოება, განზრახულია კიდევ ორის მიმართაც, „მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია“ - სიტუაცია სინამდვილეში ბევრად უარესია.
 
პრობლემის საფუძველია ურთიერთობა პოლიტიკოსებსა და იმ პერსონალს შორის, რომლებიც დაქირავებულები არიან დეპუტატების პროფესიული მოთხოვნების მომსახურებისათვის. დაზარალებულების თქმით, ევროპარლამენტში თანამშრომელთა უფლებების დაცვის ბალანსი ევროდეპუატებისაკენ არის გადახრილი.
 
„[ევროპარლამენტარები] თავიანთ სამეფოში მეფეები არიან“, - ამბობს ერთ-ერთი დეპუტატის ერთ-ერთი ყოფილი თანაშემწე, - ბევრი ჩემნაირისათვის ევროპარლამენტი პოლიტიკაში კარიერის შექმნის ადგილს წარმოადგენს, ოცნების რეალიზების სამსახურს, მაგრამ თუ დეპუტატები - „ხელმწიფეები ან დედოფლები“ არასწორად ეპყრობიან თანამშრომლებს, მაშინ ყოველდღიური სამსახური ჯოჯოხეთად სწრაფად გადაიქცევა“.
 
მუშაობდა რა ჭირვეული ევროდეპუტატის თანაშემწედ, ერთ-ერთმა ქალმა დახმარების მიზნით ევროპარლამენტის სტრუქტურებს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. პირიქით, ყველა ურჩევდა, რომ სამსახური ნებაყოფლობით დატოვებინა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი კარგავდა უმუშევრობის სოციალურ დახმარებას, ანუ გამოდიოდა, რომ დეპუტატის მოქმედების გამო თვითონ ზარალდებოდა. „რატომ უნდა დამეტოვებინა სამუშაო, როცა მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის? გამოდის, რომ მე, სიტუაციის მსხვერპლი, საკუთარი თავის მტერი ვარ“, - ამბობს ქალი, რომლის ვინაობას ჯერ-ჯერობით სტატიის ავტორები არ ამხელენ.
 
ევროპარლამენტარების მოქმედების გამო დაზარალებული მომსახურე პერონალისაგან საჩივრის წარდგენისა და მისი განხილვის წესიც აშკარად სრულყოფას მოითხოვს: შესაბამისი კომიტეტი, რომელიც საჩივრებს განიხილავს, ევროდეპუტატებისაგან შედგება. ბუნებრივია, ისინი უფრო მეტად ევროპარლამენტარის, ანუ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ და არა აპარატის ჩინოვნიკების უფლებებს.
 
ამიტომაც საკმაოდ ბევრი შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლები „ენას კბილს აჭერენ“ ან უბრალოდ, სამსახურს ჩუმად ტოვებენ. „ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რაც ხდება, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს ამ სიტუაციის შესაცვლელად“, - ამბობს ერთ-ერთი მოსაუბრე, - „მსხვერპლი სახით არავის არ ჭირდები. ევროპარლამენტის მთელი სისტემა კორუმპირებულია, განხილვები მხოლოდ ფიქტიურად ტარდება. კომიტეტს დაზარალებულები დამნაშავეებად გამოჰყავს. ევროდეპუტატებს მეტი გავლენა აქვთ, მათ ადვოკატებს ჩვეულებრივი მოსამსახურე ვერ მოუგებს. მე დავასკვენი, რომ ევროპარლამენტში ასეთი მუშაობა არ მიღირს, მირჩევნია საკუთარ თავს გავუფრთხილდე“.
წყარო: https://www.politico.eu
სიმონ კილაძე
мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати