USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
„სილვიო ბერლუსკონი - იტალიის დიდი მაცდუნებელი“ - «The Economist» (აშშ)
дата:  208

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუკონის გარდაცვალებამ საერტაშორისო მასმედიაში პუბლიკაციების ბუმი გამოიწვია და თითქმის ყველა სხვა მოვლენა გადაფარა. ბუნებრივია, ამ მართლაც მსოფლიოში ყველასათვის ცნობილი პოლიტიკოსის სიცოცხლის დასასრულმა ბევრს გაახსენა მისი ცხოვრების შუქ-ჩრდილები, აღმასვლები და დაცემები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სამჯერ ყოფნის დროს გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის დროს დაშვებული შეცდომები და წარმატებები... პირადი ურთიერთობები და უამრავი სხვა რამ.

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „სილვიო ბერლუსკონი - იტალიის დიდი მაცდუნებელი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სილვიო ბერლუსკონის ცხოვრება სათავგადასავალო კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, რომლის დროსაც საოცარი მოულოდნელობები შეიძლება მოხდეს. თვითონ განსაჯეთ: მან, ღარიბ ოჯახში გაზრდილმა ბიჭმა, შეძლო და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მოისურვა და არაფრისგან ისეთი პარტია შექმნა, რომელიც ერთ წელიწადში ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალად გადაიქცა, თვითონ კი იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი ხნით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.

არადა, სილვიო ბერლუსკონის ბიზნესში ყველაფერი პირველი სამშენებლო პროექტით და კავკასიელი ქალების ამბავით დაიწყო, რომელიც კინაღამ კრახით დასრულდა: საპენსიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც მის მიერ მომზადებული სამშენებლო პროექტი ნახა, არ მოეწონა და განაცხადა, ვიღაც გვამასხარავებსო. მაგრამ 27 წლის ახალგაზრდა იურისტმა მთელი თავისი ხიბლი გამოიყენა და ვიცე-პრეზიდენტის მდივანი დაარწმუნა - როგორც კი შენი ბოსი მილანში ჩასვლას დაგეგმავს, აუცილებლად შემატყობინეო. მართლაც, სილვიომ მოახერხა და მილანში ყოფნისას ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა და ერთ-ერთ ბარში მიიპატიჟა. ამჯერად მან სილვიო ახლოს გაიცნო, უფრო მეტიც - კარგად შემთვრალმა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა კავკასიელი ქალების შესახებ ბევრი რამ უამბო. მოკლედ, ახალგაზრდა ბიზნესმენის პროექტი გადარჩა...

ამ დროიდან სილვიო ბერლუსკონი ბედის ნებიერ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ. მას უდიდესი ენერგია ჰქონდა, შეეძლო დაერწმუნებინა ყველა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, მას შეეძლო თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა კანონები, რომლებიც თითქოსდა მისთვის ხელისშემშლელი უნდა ყოფილიყო. არ ერიდებოდა პირდაპირ თქმას. სილვიო ბერლუსკონის უსაზღვროდ იყო საკუთარ თავში დაჯერებული. როგორც მან ერთხელ თავის ამერიკელ ბიოგრაფს უთხრა, „ვიცოდი, რა და როგორ უნდა შემექმნა და ჩემს მიერ შექმნილისთვის როგორ უნდა მეხელმძღვანელა... მე ვიცოდი, როგორ უნდა შემეყვარებინა თავი ადამიანებისათვის“.

სილვიო მართლაც ასე აკეთებდა: 1993 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ იგი იტალიის პრემიერ-მინისტრი პირველად გახდებოდა, ახალგაზრდა იტალიელებს შორის ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ სილვიო ბერლუსკონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბევრმა იგი იესო ქრისტეს შეადარა. მართალია, თავდაპირველად იტალიის ამომრჩეველმა მის პარტიას თითქოსდა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ სულ მალე, პარტიის აქტივისტების წყალობით, ბევრი მას მიემხრო და თანაც ისე ენერგიულად, რომ დემოკრატიული საზოგადოებებში ასეთი რამ იშვიათი იყო.   სილვიო ბერლუსკონის პიროვნების კულტმა პიკს 2008 წელს მიაღწია, როცა მისი წინასაარჩევნო სიმღერას ასეთი სათაური ჰქონდა: „დიდება უფალს, რომ სილვიო მოგვივლინა“.

„თქვით მხოლოდ ასე ისეთი ძალით,

რომელიც მხოლოდ ჭკვიანებს აქვთ:

დიდება უფალს, სილვიოს მოვლენით,

პრემიერ-მინისტრო, ჩვენ შენთან ვართ“.

იგი მფარველობდა და ზრუნავდა თავის თანამშრომლებზე და საერთოდ, ერთგულ და ჭკვიან ადამიანებზე: საოცარია, მაგრამ ყველას დაბადების დღე ახსოვდა და მოულოდნელად მათ საჩუქრებს და ყვავილებს უძღვნიდა ხოლმე. როგორც ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა თქვა სილვიოს პარტიიდან „ფორცა, იტალია“ („წინ, იტალია“), სილვიო მათ უბრალოდ კი არ მოსწონდათ, არამედ უყვარდათ.

რასაკვირველია, ასეთი ადამიანების გაღმერთების მიმართ ბევრს ეჭვებიც უჩნდებათ ხოლმე. გაჩნდნენ ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ ქონების დაგროვების თაობაზე - როგორც გახდა ზღაპრულად მდიდარი სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში. გაჩნდა აზრი, რომ თითქოსდა თავდაპირველი კაპიტალი დანაშაულებრივი გზებით ჰქონდა მოპოვებული - იტალიურ მაფია „კოზა-ნოსტრასთან“ კავშირში, ფულის გათეთრების გზით. დაიწყო პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და გამოძიება, დაუსრულებელი სასამართლო პროცესები - ბრალდებები და გამართლებები, ისევ ბრალდებები და ისევ გამართლებები... საქმე იქამდე მივიდა, რომ სილვიო ბერლუსკონიმ, პარლამენტში თავისი პარტიის მეშვეობით, რიგი კანონებიც კი შეცვალა. თუმცა, რასაკვირველია, ამ ბრძოლაში მან დანაკარგებიც განიცადა და საბოლოოდ, დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ამ დროს სილვიო ბერლუსკონიმ ამომრჩევლებს უსაყვედურა, რომ მათ ვერ დააფასეს მისი ზრუნვა.

ალბათ, სილვიო ბერლუსკონისათვის ყველაზე საწყენი ის იყო, რომ ზოგიერთი არაკეთილმსურველი მიანიშნებდა, თითქოს მას ქალები სძულდა. მაგრამ ფაქტია, რომ ქალები ზალიან მოსწონდა და უყვარდა კიდეც. ყველა თუ არა, ისინი, ვინც ახალგაზრდა და ლამაზები იყვნენ. ხმები ვრცელდებოდა, რომ სილვიო ბერლუსკონმა ანგელა მერკელს ნატოს ერთ-ერთ სამიტზე თითქოსდა „მოუქნელი სქელტრ...“ უწოდა და ამით საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა... ამასთან, სილვიო აღმერთებდა დედას.

2008 წელს სილვიო ბერლუსკონი სკანდალში გაეხვია ახალგაზრდა ქალებთან დაკავშირებით. მისმა მეორე ცოლმა, ვერონიკა ლარიომ, განაცხადა, რომ ქმარს ეყრება - მას არ შეუძლია ისეთ მამაკაცთან ცხოვრება, რომელსაც ახალგაზრდა ქალებთან, თითქმის არასრულწლოვან გოგონებთან აქვს ურთიერთობა.

სილვიო ბერლუსკონის მხარდამჭერებს, უფრო მეტად იტალიელ მამაკაცებს, ალბათ, შეეძლოთ ყურადღება არ მიექციათ ამ სკანდალისათვის, რომ არა ფინანსური კრიზისი დაწყება. ქვეყანა ისეთ სიტუაციაში მოექცა, რომ სილვიო ბერლუსკონის რეპუტაცია შეილახა. ამჯერად მან, რომელიც მუდამ პოზიტივს და ოპტიმიზმს ასხივებდა, ვერ შეძლო მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ მათ წინ ცუდი ამბები ელოდებათ. პირიქით, იტალიელებს უთხრა, რომ კრიზისი არ შეგეხებათო. საბოლოო ჯამში, კრიზისის გაღრმავების კვალობაზე, ბევრი მისი ერთგული მხარდამჭერიც მიხვდა - ისევე როგორც ოდესღაც საპენსიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტი - რომ ისინიც მოტყუებულნი დარჩნენ დიდი მაცდუნებლის მიერ.

წყარო: https://www.economist.com/obituary/2023/06/12/silvio-berlusconi-has-died-aged-86

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати