USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
Tbilisi
„სილამაზის მწვერვალებს ვაღწევთ მაშინ, როცა საკუთარ თავად ყოფნას გადავწყვეტთ“
Date:  5044

„სილამაზის მწვერვალებს ვაღწევთ მაშინ, როცა საკუთარ თავად ყოფნას გადავწყვეტთ“

ეს სიტყვები გაბრიელ შანელს, იგივე კოკოს, მოდაში პირველ და ნამდვილად ყველაზე ძლიერ და დამოუკიდებელ ქალს ეკუთვნის. 

კოკო 1883 წელს დაიბადა, დედა მალევე გარდაეცვალა, მამამ კი არ მოინდომა შვილებზე პასუხისმგებლობის აღება, ასე რომ, მას ცხოვრება ბავშვთა სახლში მოუწია. სწორედ იქ ისწავლა კერვა და 18 წლიდან უკვე პატარა სამკერვალოში მუშაობდა, პარალელურად კი კაბარეში მღეროდა, სწორედ იქ შეერქვა მეტსახელად კოკო ამავე სახელწოდების სიმღერის ხშირად შესრულების გამო.

ატელიეში მუშაობის დაწყების შემდეგ კოკო ხშირად ხვდებოდა მდიდარი ქალბატონების წრეში, უყურებდა ამ ქალებს და ფიქრობდა, რომ მიუხედავად მატერიალური კეთილდღეობისა მათ არ ჰქონდათ მთავარი - თავისუფლება და კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. ისინი სილამაზეს და სექსუალურობას ვიწრო კორსეტით და ღრმა დეკოლტით წარმოაჩენდნენ, თუმცა მაინც უჭირდათ ყურადღების მიქცევა. მაშინ კოკომ კიდევ ერთი გაკვეთილი ისწავლა, არ არის საჭირო იყო გადატვირთული და უნაკლო საიმისოდ, რომ იყო დასამახსოვრებელი.  „ამ ქალებს, რომლებსაც მე ყოველდღე ვხედავდი, ეცვათ უზარმაზარ სახელოიანი მაქმანიანი კაბები, კორსეტები, რომლებშიც სუნთქვა უჭირდათ, ატარებდნენ რთულ, გრძელ ვარცხნილობებს და ზედმეტად გადატვირთულ ქუდებს“. მათ ეცვათ ასე, რადგან იმ ეპოქაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქალი სილამაზის და ესთეტიკის გარდა რაიმეს განასახიერებდა.


ამ დროს კოკოს ღრმად სწამდა, რომ საკუთარი ცხოვრება და მომავალი ნებისმიერ ქალს თავად უნდა შეექმნა. „მე არ მომწონდა ჩემი ცხოვრება, ჰოდა თავადვე შევქმენი ახალი“. კოკო იყო პირველი, ვინც 100%-ით მამაკაცური სამოსი - შარვალ-პიჯაკი მოირგო და თმაც მოკლედ შეიჭრა.  ცხადია, თავიდან ყველა აკრიტიკებდა, მაგრამ ამას  კოკოსთვის ხელი არ შეუშლია დაწყებული საქმე იგივე ენთუზიაზმით გაეგრელებინა. „ არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩემზე, რადგან მე საერთოდ არ ვფიქრობ თქვენზე“ -  ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს ციტატაც შანელს ეკუთვნის.  ცოტა ხანში, მისი სტილი ფრანგი ქალბატონებისთვის შთაგონების წყარო გახდა, ისინი ხედავდნენ, როგორ თავისუფლად მოძრაობდა კოკო და რაც ყველაზე მთავარია, ხშირად  ექცეოდა პარიზის სასურველი მამაკაცების ყურადღების ცენტრში.  

კოკომ პირდაპირი მნიშვნელობით გაათავისუფლა ქალები კლიშეებისგან,  აჩუქა თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა და შანსი საკუთარი პიროვნების რევოლუცია თავად მოეხდინათ.  ეს უბრალოდ მხოლოდ შარვლის ან პატარა შავი კაბის მორგება არ იყო, ეს იყო სრული მეტამორფოზა, თავისი ტანსაცმლით ის ქალებს ცხოვრებას ასწავლიდა, ასწავლიდა რომ ყველაფერი მათ ხელში იყო და რომ არაა აუცილებელი გვერდით გყავდეს მამაკაცი, იმისთვის რომ თავი ბედნიერად და რეალიზებულად იგრნო. „ მხოლოდ 2 შემთხვევაში ვსვავ შამპანურს - როცა შეყვარებული ვარ და როცა არ ვარ“. 

ეს იყო პირველი ყველაზე სერიოზული ფემინისტური მანიფესტი. ამ ქალმა  აიღო კაცების ნაწილი (შარვალი, კოსტიუმი, მოკლე თმა) და ქალებს მოარგო, ამით გაგზავნა მთავარი მესიჯი -  თუ კი ქალებს შეუძლიათ ჩაიცვან და იმორაონ ისე, როგორც კაცებმა მაშინ მათ შეუძლიათ ყველაფერი, რაც კაცებს.

შანელს ატარებდა  მისი თანამედროვე ყველა ძლიერი და ცნობილი ქალი: მარლენ დიტრიხი, მერლინ მონრო, ჟაკლინ კენედი. შანელთან ერთად შეიქმნა არაერთი საკულტო მომენტი: მაგალითად ჟაკლინ კენედის ვარდისფერ კოსტიუმში გამოჩენა ოფიციალურ შეხვედრაზე,  ჯეინ ჰეპბერნი შარვლით წითელ ხალიჩაზე და ასე შემდეგ. ხოლო როცა მერლინ მონროს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი განუყრელი ატრიბუტი საწოლში - მერლინმა უპასუხა, რომ მხოლოდ 2 წვეთი შანელი N5 იყო საკმარისი თავდაჯერებულობის შესაძენად.

შანელის ქალი იყო დამოუკიდებელი, ელეგანტური, მაგრამ ამასთან სექსუალური. Little black dress სილუეტი შანელმა თავისი კარიერის დასაწყისშივე შექმნა და ამით  მკვეთრი ხაზი გაავლო სექსუალურობასა და ვულგარულობას, უბრალო ელეგანტურობასა და უგემოვნო ფუფუნებას შორის. „სამოსი სწორადაა შერჩეული, როცა გარშემომყოფებს ქალი ამახსოვრდებათ და არა ის, თუ რა ეცვა მას“ ამბობდა კოკო.

მიუხედავად იმისა, რომ კოკომ არაერთი სტანდარტი დაამკვიდრა, იგი გამუდმებით ამტკიცებდა, რომ თუ ქალს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება სურს, არ უნდა მიჰყვეს მხოლოდ სტანდარტებს, თუნდაც ეს შანელის სტანდარტები ყოფილიყო. „ერთადერთი ფერი, რომელიც მოდაშია არის ის, რომელიც ყველაზე მეტად გიხდებათ“. 

დღეს 21-ე საუკუნეა, შეიძლება ჩვენ განვვითარდით, ქალები  ბევრად უფრო რეალიზებულები და დამოუკიდებლები არიან, ვიდრე კოკოს ეპოქაში, მაგრამ ჩვენც ვერ ვეწევით მის სიტყვებს. ვცდილობთ ვიყოთ ის, ვისი ხატიც იდეალურად მიგვაჩნია, ჩავიცვათ ის, რაც ინფლუენსერებს აცვიათ და ამით ვშორდებით ყველაზე მთავარს -  საკუთარ თავს.  ვცდილობთ მაქსიმალურად მივჩქმალოთ ნაკლოვანებები და ამით ინდივიდუალიზმსაც ვკარგავთ. მოდის ისტორიაში ობიექტურად ყველაზე მნიშვნელოვან ქალს და დიზაინერს კი მიაჩნდა, რომ „მოდა გამუდმებით იცვლება, რჩება მხოლოდ სტილი“. სტილი კი - სტილი ინდივიდუალურია და მოდის ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლას ჯობს ჩვენი სტილი ვიპოვოთ, თავი მაღლა ავწიოთ, წითელი პომადა წავისვათ და სამყარო ყველამ შეძლებისდაგვარად შევცვალოთ.

 

Vogue-ს მასალებზე დაყრდნობით მოამზადა ელენე ხვედელიძემ


  


  

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way