USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
თბილისი
სიღარიბის მაუგლებს
თარიღი:  850

(ქებათა ქება ჰაკიმისა)

სალამ, მე მქვია hoodrich ჰაკიმ ზურაბის ძე და მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე მილიონერი გავხდები, ძალიან კარგად ვიცნობ სიღარიბის გემოს. სიღარიბეს ჯართის გემო აქვს.

ბებიაჩემი ლიუბოვ ვარლამოვნა პრინციპების ქალი იყო, კომუნისტური შრომის გმირი, იდეური კამუნისტკა, “ბაევოი ჟენშინა”, თაბაქოს ქარხნის ვარსკვლავი, ტუნეიადეცების რისხვა, პუტკუნა და ბუტკუჩა ძველბერძნული ქანდაკებასავით - მოკლედ საბჭოთა ქალის იდეალი. არ ვიცი როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ბაბუაჩემი გივი ივანეს ძე, პირწავარდნილი ხულიგანი და რეციდივისტი იყო, 14-ის იყო როცა მისი დის დამცირების მცდელობისთვის ვიღაც მოკლა, მხოლოდ ასაკის გამო გადარჩა დახვრეტას. ციხიდან გამოსული მალევე ხულიგნობისთვის ისევ ციხეში მოხვდა. მერე გამოვიდა და პატიოსანი ცხოვრება გადაწყვიტა. ასე შეუყვარდათ ერთმანეთი ლიუბოვს იგივე ქეთინოს და გივის. საწყალი ლიუბოვ ვარლამოვნა საშინელი არჩევნის წინაშე აღმოჩნდა, როცა გაიგო რომ გივიმ თავის გენგთან ერთად ბანკი გაიტანა. იდეოლოგიური მე მას ეუბნებოდა რომ ეს არასწორი საქციელია, რომ გივიმ “ხალხის ფული” მიითვისა, შეყვარებული მე კი რა თქმა უნდა თავისი ბიჭის მხარეს იყო. ასე გახდა პატიოსანი კამუნისტკა რეციდივისტის მხარდამჭერი. რამდენიმე თვის მერე გივის გენგის ერთ-ერთი წევრი წვრილმან რაღაცაზე დაიჭირეს და ცოტა ხანში მთელი ბანკის ისტორიაც დააფქვევინეს. გივი 15 წლით წავიდა სტროგი რეჟიმის ციხეში და მარტო დატოვა დედაჩემზე ორსული ცოლი,რომელიც ნელნელა კრიმინალური პერედაჩების ოსტატად იქცა - სად არ ტენიდა პერედაჩებს, ჯემებში, ფეხსაცმლების ძირებში, ქრთამებს აძლევდა ჩინოვნიკებს ვისაც არ იცნობდა, ვისაც იცნობდა ისინი კი “ლიუბა შენი პატივისცემით იცოდე”-ს ეუბნებოდნენ და ეხმარებოდნენ. მოკლედ ეს ცალკე მოსაყოლი ლავ სთორია, მაგრამ აქ რისთვის მოვყევი - ფაქტია, რომ ამდენი ბრძოლის მერე ხანშიშესულ ბებიაჩემს ნერვები გაუფუჭდა, პარკინსონი აიკიდა და ექიმებმა ასიათასი წამალი დაუნიშნეს, მათ შორის ფსიქოტროპულებიც. წამლები ბებოს კარადაში იდო ხოლმე  ძველი გაზეთებიდან ამოჭრილ ფოტოებთან სადაც ახალგაზრდა შრომის გმირი ლიუბოვ ვარლამოვნას ფოტო იყო  გამოსახული მისი ქება-დიდების ტექსტებით. ჩემთან სახლში ორი ასეთი აკრძალული უჯრა იყო. ბებიაჩემის და მამაჩემის.

ნუ, ვზროსლმა ძმაკაცებმა ერთხელ დამაბოლეს და მადლობის ნიშნად ერთ დღეს ავდექი და დავუარე უჯრებს, ბებიაჩემთან ციკლადოლები ავიღე, მამაჩემთან ტრამალი, რელანიუმი, დიაზეპამები, არ მახსოვს რაც იყო კაროჩე - თითო-თითო ეგზემპლარად.

არ მინდა მკითხველს წარმოდგენა შეექმნას თითქოს ცუდი ბავშვი ვიყავი ან ცუდ ოჯახში ვიზრდებოდი,თავზე მევლებოდნენ. როგორც ჩემი მაშინდელი “მომავალი” მეგობრები ამბობდნენ: “ნე მი ტაკიე, ჟიზნ ტაკაია”. სკოლაში წარჩინებით ვსწავლობდი, სახლში ძველ აღთქმას და არგონავტების მოგზაურობას ვკითხულობდი ხოლმე დილამდე და ყველა მეზობელ გეტოში ცნობილი ვიყავი ჩემი ზრდილობიანობით, განსაკუთრებით მოხუცი ქალების მიმართ, ყოველთვის გოგოებად მივმართავდი და ძალიან მოსწონდათ და იმორცხვებდნენ. მერე ყველა გამვლელ ხეპრეს უყვებოდნენ რა კაი ბიჭი ვარ. მეც ძალიან მომწონდა წიგნების კითხვა და ბებოების ქება, მაგრამ დრო იყო რთული, ჩვენ დევნილები ვიყავით,”ლტოლვილები” - გამიგია ხშირად ზიზღით, შუქი ქრებოდა, სახლში გამუდმებით ციოდა, არ იყო ფული და არ იყო საჭმელი, ამის მიუხედავად სახლი მაინც ყველაზე მშვიდი გარემო იყო - სადარბაზოდან გამოსვლისთანავე იწყებოდა პიზდეცის აპოლოგია.

მოკლედ, იმ დღეს შევაგროვე ტავარი და გავედი გარეთ. უბანში არავინ იყო, ჩავიგდე რელანიუმი გასატესტად და დავაწექი ნაბადისკენ. ფოთში ორი “მოქიშპე” უბანი იყო - ნაბადა და ოსტროვი. მე ოსტროვის ტერიტორიებიდან ვიყავი, სადაც ბორდელებს “პლუტონი”,”სატურნი” და სხვა  ციური სხეულების სახელები ერქვათ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძმაკაცები მყავდა ნაბადაში. ვიფიქრე ვინახულებ, სამადლობელოდ გავაოცებ ტავარით მეთქი. გზად არის ხიდი და ლიანდაგი რომელიც უნდა გამევლო. ლიანდაგთან რამდენიმე ჩემხელა და ორი ჩემზე უფროსი ბიჭი შემხვდა.როგორც გითხარით დრო საშიში იყო, ამიტომ დროულად ჯიბეში დიდი ქვები ჩავიწყვე რო თუ რამე, მეთქი ეგრევე ჰომო საპიენსის უძველეს ილეთს ჩავუტარებ - ქვა ყბაში, სკალპის აძრობა და ეგაა. 

აღმოჩნდა, რომ  ერთ-ერთს ვიცნობდი. 
- სად მიდიხარ?
- რა ვიცი აი ისინი უნდა ვინახულო.
- ეგენი პალიასტომთან არიან, დღეს ჩხუბების დღეა.

ერთი პერიოდი რამდენიმე კამანდა ჩხუბების დღეს აწყობდა. ყველას თავისი ფალავანი გამოყავდა, გადიოდნენ დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით, წრეში გროვდებოდნენ და ფალავნებს შორის იწყებოდა ბოი ბეზ პრავილ. წაგებული ფალავნის კამანდა მოგებულს ლიმონათებს ან ლუდებს აბარებდა. იყო კბილების ცვენა, სისხლები და ოვაციები. სილამაზე, ერთი სიტყვით, მაგრამ რატომღაც დამეზარა ჩხუბების ყურება.

- თქვენ რას აკეთებთ?
- მატარებელს ველოდებით - მითხრა ბიჭმა.

ეს ბიჭი ადგილობრივი პატარა კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო, დაჯგუფება ძირითადად ჯართს იპარავდა. საქმე ისაა, რომ პორტიდან, არ მახსოვს ყოველდღე თუ კვირაში ერთხელ, შემოდიოდა ჯართის დიდი პარტია, შემდეგ ეს ჯართი იტვირთებოდა ასევე ჯართივით გაყვითლებულ მატარებლებზე და იგზავნებოდა სადღაც, შორს. ალბათ აზერბაიჯანში? ან იაპონიაში რობოტებისა და მომავალი დრონების  გასაკეთებლად. აზრზე არ ვარ. ამას არც ქონდა მნიშვნელობა. ჩვენი რკინიგზა უბრალოდ ტრანზიტი იყო. ეს კი ის დროა, როცა ჯართის ჩაბარება-მიღების პუნქტები ბანკებივით მუშაობდნენ.

დაჯგუფება კი ასე მუშაობდა - მატარებელი რამდენიმე წუთით ჩერდებოდა ხოლმე გარკვეულ ადგილებში, ბიჭებს ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა მოესწროთ მატარებლის თავზე აძრომა (მატარებლის თავები ახდილი იყო რა თქმა უნდა) და რაც შეიძლება მეტი ჯართის გადმოყრა და ქვევით ჩამოძრომა სანამ მატარებელი დაიძვრებოდა. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა გადმოყრილი ჯართის რაც შეიძლება მალე გადმოზიდვას მოშორებით, ოდნავ უსაფრთხო ადგილას. და ამავდროულად მთელი ოპერაცია ითვალისწინებდა იმას, რომ შემთხვევით ჩამოვლილ ნახევრადმთვრალ დარაჯს არ გამოეჭირე. ა და კიდე, იყო საფრთხე, რომ სხვა დაჯგუფება არ მოსულიყო მაინცდამაინც იმ დროს იმ ტერიტორიაზე, მერე უნდა დაწყებულიყო ხანგრძლივი დაძაბული მოლაპარაკებები ნადავლის გაყოფაზე, ან ხიპიში. კლასიკური ურბანული შუა საუკუნეები. ყველა ამ ბავშვს სიმძიმეების აწევისგან “გრიჟა” ქონდა და ისეთი სახეები, როგორი სახეებიც იმათ აქვთ, ვინც ადრე კვდება.

- კაკრაზ ერთი კაცი გვაკლია, დღეს არ მოვიდა, შემოხვალ საქმეში? - შემომთავაზა დაჯგუფების ლიდერმა, მას შემდეგ რაც გვერდზე გაიყვანა ჩემი ნაცნობი ბიჭი და სავარაუდოდ ჩემი field record გადაამოწმა.

- კი ძმაო - ვუთხარი თესლი სახით - ტრამალი არ გინდათ? მაგრად აკაიფებს - და ჯიბიდან ნარკატა დავაძრე. ცუდი იდეა იყო, მერე მივხვდი, ყველამ ხია. მატარებელი წუთი წუთზე უნდა მოსულიყო და თავში ეჭვის ჭიები მიტრიალებდა. ერთის მხრივ “საქმეზე” უკვე ვყოფილვარ, ნუ დიდი არაფერი, ატასაზე ვიდექი, მაგრამ აქ სხვა რამეში იყო პრობლემა - ჩემი სიმაღლის შიში. როგორ ავძვრე მატარებელზე, ეს ბიჭები მაუგლებივით არიან, რამე რო იყოს და სახლში ნათურა გადაეწვათ, განათების სტოლბზეც კი აძვრებიან, იმის ნათურას მოხსნიან და სახლში დაიმაგრებენ, მე კიდე სიმაღლის ძლიერი შიში მაქვს, თუმცა ეს არავისთვის მითქვამს, თან არც ვიცი საიდან უნდა ავძვრე მატარებელზე. მაგრამ სიტყვა ნათქვამია - უკვე აქ ხარ, უკვე აკეთებ.

შორიდან მატარებლის ექო წამოიღო რბილმა ნიავმა, ჩვენ დანგრეული კორპუსის დიდ ბლოკზე ვიჯექით და ერთმანეთს იაფფასიანი სიგარეტის ბიჩოკებს ვუტოვებდით. თბილოდა, მზის სხივები ჩახუტებასავით ათბობდნენ კანს და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მატარებელს ჯართის სუნთან ერთად ზღვის სურნელიც მოქონდა. ვბრუვდებოდი და ფეხები მიმძმიმდებოდა, ალბათ ბებო უკვე მორჩა ლობიოს კეთებას და მელოდება როდის დავბრუნდები, რომ კარგად გამომკვებოს.”ძლიერი და ჯანმრთელი უნდა იყო” - ასე მეუბნებოდა ხოლმე ლიუბოვ ვარლამოვნა და გაზეთში გახვეულ თამბაქოს მაბოლებდა სახეში. 

მატარებელი გრუხუნით მოვიდა და როგორც ბიჭები ვარაუდობდნენ - სვლა შეანელა. ბოლოს გაჩერდა.

-დავაი! - დაიყვირა ბელადმა და მაუგლები მატარებლისკენ დაიძრნენ. ეტყობა აქამდე არ ქონდათ ლომკის გადასაგდები ტაბლეტები გასინჯული, ამიტომ აშკარად ბარბაცით და არაპროფესიონალურად მირბოდნენ. მეც გავიქეცი. სამჯერ ავყირავდი, მატარებელს სანამ მივუახლოვდი.

- მალე, მალე. სამი ადიხართ და რასაც მოასწრებთ აქეთ გადმოყარეთ, 5 წუთი გვაქვს სულ...

მესამე მე ავედი, ძლივს, იმ ორის დახმარებით და ფეხებით რკინის მდელოზე აღმოვჩნდი. მუხლიდან სისხლი მომდიოდა და ჭრილობაში მაზუთი მესხა, მაგრამ მაუგლების შრამებს რო დავხედე - ყლეზე დავიკიდე ჩემი მუხლი და ვაგონის დათვალიერება დავიწყე. არასოდეს ვმდგარვარ ამდენ რკინაში, “ტერმინატორი 2”-ის რობოტების სასაფლაოს სცენას გავდა და ყველა საგანი ადამიანის უადგილობას ღაღადებდა. მაუგლები ჩქარ-ჩქარა ყრიდნენ საგნებს, როლებსაც თავიანთი ახალგაზრდა კუნთების ძალით ერეოდნენ. მე რაღაც რადიატორს ვეცი მაგრამ ვერ ავწიე. მეორედ ვცადე, რაღაცნაირად გამოვიდა აწევა, მივუახლოვდი მატარებლის კიდეს და მატარებელი შექანავდა, რადიატორი ხელიდან გამივარდა და დანიშნულების ადგილას ჩავარდა. მატარებელი მეორედ შექანავდა და მაუგლები ერთმანეთს დავეტაკეთ, ერთი კინაღამ გადმოვარდა,მაისურით დავიჭირეთ.

- ატასაააა! - დაიყვირა ბელადმა და ჩვენ შევამჩნიეთ რომ შორიდან დარაჯი მოქანაობდა.

- დროზე ჩავხტით! - დაიყვირა ერთ-ერთმა მაუგლიმ და ისე გადახტა, რომ მგონი კისერი მოიტეხა. მე და მეორე მაუგლიმ ერთმანეთს გადავხედეთ, მოქმედება წამებში უნდა გაგვეთვალა, მაგრამ არ დაგვცალდა - მატარებელი დაიძრა. გადამხტარი მაუგლი აშკარად ცუდ დღეში იყო, იმიტომ რომ ჩვენ გვესმოდა როგორ აგინებდა მას დარაჯი, მაგრამ მაგის კარგიც მოვტყან - ვფიქრობდი ჩემთვის, მატარებელი დაიძრა და ჩვენ ზევით დავრჩით.

- დაწექი არ დაგვინახონ - მითხრა გამოცდილმა მაუგლიმ და მეც დაუფიქრებლად ჩავწექი გადაგდებული და გამოუყენებადი ტექნიკის ოკეანეში.ზურგში რკინები მერჭობოდა, ოფლთან ერთად მთელი ჰაერი რკინის სუნმა დაიკავა. მე და მაუგლი ზურგზე ვიწექით ჯართით დატვირთული მატარებლის ვაგონზე, რომელიც მთელი ძალით მიქროდა ქალაქისგან შორს.

- ეხლა რა ვქნათ? - ვკითხე მაუგლის.
- არ ვიცი. შემდეგ გაჩერებას უნდა დაველოდოთ და მერე ჩამოვძვრეთ, დაგრჩა კიდე ის რაღაცა?

ჯიბიდან პირველივე შემხვედრი ტაბლეტი ამოვიღე და მაუგლის გადავაწოდე, მაუგლიმ ეგრევე ენის ქვეშ დაიდო, ხელები კეფის ქვეშ ამოიდო და ცას მიაშტერდა. მე ცოტა ხანი მაუგლის ვუყურე, მერე რკინებს ჩემს გარშემო - რადიატორები, კიბორგ-უბიიცების მოწყვეტილი თავები, რკინები, რკინები, ვწრიალებდი და ვღელავდი - სად მივყავართ მატარებელს? ბოლოს, როცა მივხვდი, რომ აზრი არ ქონდა წრიალს და პანიკას - ჩვენს ზევით ცას ავხედე. პრინციპში ზევით თუ იხედებოდი ცის გარდა არაფერი ჩანდა. თითქოს ქვევით მიწაც არაა, თითქოს მატარებელიც ცაშია. ცა იყო ლურჯი. ძალიან ლურჯი და უღრუბლო. როგორც ყველაზე მშვიდი ზღვა. როგორც ყველაზე დიდი სიმშვიდე. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა... მატარებელი მიდიოდა პატარა მომაკვდავი დასახლებების გავლით, მე კი მის თავზე ჟანგიან ტექნიკაში ჩაფლული ვუყურებდი ცას და რატომღაც მშვიდი და ბედნიერი ვიყავი. სუბტროპიკული რკინა და თბილი მზე, “ვარდთა და ნეხვთა სწორად რო მოეფინების”, ცა და კოსმოსი,ზღვა და გაურკვევლობა. რაღაც მომენტში მატარებელი აკვანივითაც კი ირწეოდა და მე არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ვტკბებოდი.

რამდენიმე წლის წინ შემთხვევით გადავაწყდი სტატიას “ფუნის ხოჭოებზე”. Scarabaeus satyrus ასე ქვია ოფიციალური სახელი. მარტივად რო ვთქვათ, ეს ხოჭო კაკაშკებს აბურთავებს, დიდ რგოლს აკეთებს და ამ რგოლით გადაადგილდება, თან მუდმივად მზადყოფნაშია, იმიტომ რომ ეს რგოლი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა და ალბათ ერთადერთი რამეც, რაც გააჩნია, ასე რომ ის მუდმივად ელოდება მტრებსაც, რომლებსაც შესაძლოა მისი გაკეთებული რგოლის მითვისება უნდოდეთ. როგორც მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, კაკაშკებში მცხოვრები ხოჭო გზას ირმის ნახტომით იკვლევს, მარტივად რო ვთქვა  - ვარსკვლავებით. რა გამოდის? ხოჭო მთელი ცხოვრება აგროვებს კაკაშკას, აძლევს ფორმას, იცავს მას მტრებისგან და ამავდროულად ცაში იხედება, ვარსკვლავების ციმციმით იკვლევს გზას. რატომღაც უცებ ვიფიქრე, რომ იქნებ ეს ცოცხალი ორგანიზმი ასეთივე ცოცხალი მეტაფორაა ჩვენი თაობის გოგო-ბიჭების ცხოვრების ასაღწერად?  მეტაფორაა ჯართის ქურდი მაუგლისთვის, რომელსაც ჩემს გვერდით მალევე ჩაეძინა იმ ვაგონის თავზე, ჩემთვის - ცას რომ ვუყურებდი მომავლის, სახლის და ნორმალური სოციალური ურთიერთობების გარეშე, ყველა იმ ლტოლვილი და დევნილისთვის ხოჭოებივით რო მიყარ-მოყარეს ჩვენი თვალუწვდენელი სამშობლოს ულამაზეს ქალაქებსა და დასახლებებში? პარლამენტარებისთვის და «ახალი ცეხავიკებისთვის” თავიანთი ცხოვრების კაკაშკებს რომ ლამაზ ფორმებს აძლევენ და სხვებისას აკრიტიკებენ?

ფოთის პორტის, ჭიათურის მაღაროების, თბილისის დასუფთავების სამსახურის მუშებისთვის, ტაქსისტების და 300 000 “ნარკომანის”, მოკლული ტრანსგენდერების, მიტოვებული დედების თუ მამების, პატარა თუ დიდი უპერსპექტივო დასახლებების მაუგლებისთვის? 

ცხოვრობდე იმპერიის დალექილ (მეტა)ფიზიკურ ნაგავში და იხედებოდე ვარსკვლავებისკენ. მოქალაქე Scarabaeus satyrus.

მას მერე გარშემო შეიცვალა პეიზაჟები და სახეები, იცვლებიან მთავრობები, ბებო მკვდარია, მაგრამ ტრანსჰუმანისტები მაიმედებენ, რომ შევძლებ მის გაცოცხლებას, ძველი აღთქმის ნაცვლად ვკითხულობ პროგრამულ კოდს და ბინებში რემონტებიც გააკეთეს, შუქიც არ ქრება, ტექნო ხერხავს კლუბებს, სადაზღვევო კომპანია სარეკლამო კამპანიისთვის 50 000-ად ყიდულობს ძაღლის თავს, #გამარჯობა, “იგრძენი მომავალი”, აკეთებს ხალხი ფულს, ვითარდება ქვეყანა, ვიზალიბერალიზაცია, “ეკა ბესელიაზე ამხედრებული სოსო ჯაჭვლიანი მშვილდისრით დასდევს უკანასკნელ პედერასტებს”, უფალი მეფობს, აგერ ტექნოპარკია, იქ კარგი ხარისხის ვიდეოები, დაჟე 3დ პრინტერი დგას ხარაგაულში, მთაწმინდაზე ზვიგენს ძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სტუდქალაქებს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული - ‘ყველაფერი კარგადაა’ და შრუმების სესიის დროს ძველი, დავიწყებული ღმერთები დაუვიწყარ ხილვებს მჩუქნიან ხოლმე, მაგრამ ხანდახან ღამის სიზმრებიდან გამოფხიზლებული, ფანჯრიდან რომ ვუყურებ ქალაქს, მილიონი ციცინათელასავით რო ციმციმებს და ეტევა ხელისგულზე, ვფიქრობ ხოლმე -  იქნებ ეხლაც ვწევარ იმ ჯართით დატვირთულ ვაგონში, რომელიც ზღვიდან დაიძრა და მიდიოდა არსაით, გაურკვეველი მიმართულებით და ერთადერთი რაც მრჩება არის ის რომ დავტკბე ცით?

ყველას ვინც ამ ვაგონშია (ღარიბი, სისხლიანი, ლურჯი ცით და მაზუთით სისხლის ნაცვლად)  - ეძღვნება ჩემი სიტყვები.

 

ზურა ჯიშკარიანი

10 თებერვალი 2016

წყარო: liberali.ge

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.