USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«Asia Times» (კანადა): „პუტინის „ოქროს სტრატეგია“: რატომ არ მოქმედებენ ეფექტურად დასავლეთის ანტირუსული სანქციები“
თარიღი:  433

კანადის გაზეთმა „ეიჟე თაიმსმა“ (Asia Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პუტინის ოქროს სტრატეგია: რატომ არ მოქმედებენ ეფექტურად დასავლეთის ანტირუსული სანქციები“ (ავტორი - რობერტ ჰიუიში, კანადის დალჰაუზის უნივერსიტეტის დოცენტი). „რუსული ოქრო მილიარდობით დოლარზე თავისუფლად იყიდება, მაქსიმალური ფასით, რის შედეგადაც კრემლი თავს არიდებს იმ 16 ათას სანქციას, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს 16 ათასი სანქცია აქვს დაწესებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, „სამხედრო რელდებზე გადაყვანილი რუსული ეკონომიკა 2023 წელს 3,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს, პროგნოზების მიხედვით, კიდევ 2,6%-ით მოიმატებს.

რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 6% სამხედრო ხარჯებს ემსახურება. იმ დროს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერა და ვერ აგროვებს საკმარის იარაღს, ფინანსებს და ახალწვეულებს ჯარის შესავსებად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი სამომავლო გეგმების რეალიზებაში სრულიად დარწმუნებულია.

როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულმა 16 ათასმა სტრატეგიულმა სანქციამაც კი ვერ ჩაშალა ვლადიმერ პუტინის განზრახვები?

ოქროს როლი

ყველაფრის თავი და თავი ოქროა - ყვითელი ფერის ლითონი, რომელიც ოდითგანვე სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენს.

დასავლეთი ვარაუდობდა, რომ რადგანაც მის მიერ დადგენილ ანტირუსულ სანქციებს გრძელვადიანი და სტრატეგიული ხასიათი აქვს, იმ სფეროებს დაარტყამდა და ჩამოშლიდა, რომლითაც რუსეთი „სულდგმულობს“. შესაბამისად, ეკონომიკური სანქციები მიმართული იქნა რუსეთთან სატრანსპორტო კავშირების (ავია, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის) და ენერგომატარებლებით ვაჭრობის შეწყვეტისათვის, მაგრამ ოქროს ბაზარს სანქციები პრაქტიკულად არ შეხებია. უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ოქროს იმპორტი შეწყვიტა მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ძლიერი ბროკერია და რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოქროს მარაგის მფლობელია.

ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, რუსეთი დღეს მსოფლიოში ოქროს მწარმოებელ მეორე ქვეყანას წარმოადგენს. „ძვირფასი ყვითელი ლითონის“წარმოების მოცულობით (324,7 მეტრული ტონა) 2023 წელს რუსეთი მხოლოდ ჩინეთს ცამორჩა (374 ტონა). მოსალოდნელია, რომ 2026 წლამდე რუსეთი ოქროს მოპოვებას ყოველწლიურად 4%-ით გაზრდის.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეტის დასავლური სანქციებისათვის 2013 წლიდან ემზადებოდა და შეძლო თავისი ეკონომიკის მეტ-ნაკლებად იზოლირება დასავლური ეკონომიკისგან, შედარებით უსაფრთხო გახადა ზემოქმედებისაგან, რისთვისაც დოლარების დაგროვება იყო საჭირო. 2022 წლისათვის რუსეთმა თავისი ვალუტა - რუბლი - ოქროს მიაბა და ახლა 5 ათას რუბლად ერთი უნცია (28,3 გრამი) სუფთა ოქროს ყიდვა შეიძლება. გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ რუბლის ღირებულება ოქროს სტანდარტზე გადასულიყო და, ამრიგად, რუბლი ოქროს საიმედო შემცვლელი გამხდარიყო ფიქსირებული კურსით.

ჩვეულებრივად, ოქროს რეზერვის დანიშნულება აიხსნება მის გამოყენებაში საერთაშორისო გადახდებისა და გარიგებების დადების დროს - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ოქროს მფლობელებს შეუძლიათ რამდენიმე ბირჟაზე ივაჭრონ: საჭიროების მიხედვით, ყვითელი ლითონის გადაცვლა შეუძლიათ ვალუტაზე, ან ვალუტით ოქროს ზოდები იყიდონ, ან გადახდა სულაც ოქროთი აწარმოონ, კონვერტირებადი ვალუტის ნაცვლად. ასე, მაგალითად, ვენესუელა, რომელიც უამრავი სანქცია აქვს გამოცხადებული, ირანის მიერ ნავთობის მოპოვებაში გაწეული დახმარების სანაცვლოდ, თეირანს თავის ოქროს ზოდებს  უგზავნის.

გარდა ამისა, ოქროს მარაგში ქვეყნები გარანტიას ხედავენ ფინანსური რყევებისაგან თავის დასაცავად. ბევრი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი ოქროს სწრაფი ტემპით ყიდულობს: 2022 წელს 1073 მეტრული ტონა ოქროს შესყიდვა განხორციელდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი მეტრული ტონა დაახლოებით 65 მილიონი დოლარი ღირს, ეს ნიშნავს, რომ 2023 წლის დასაწყისისათვის მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში 110,6 მილიარდი დოლარის ოქრო იყო შენახული.

ოქროს ფასების რყევა

ჩინეთი არამარტო მსოფლიოში ოქროს წამყვანი მწარმოებელია, არამედ მეორე ადგილზეა მისი შესყიდვის დონით. 2022 წელს პეკინმა 67,6 მილიარდი დოლარის ოქრო შეისყიდა და ამ მხრივ მხოლოდ შვეიცარიას ჩამორჩა, რომლის ოქროს იმპორტმა 94,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჩინეთის სიყვარული ოქროს მიმართ იმითაა ნაკარნახევი, რომ საკუთარი ვალუტა - იუანი - იყოს სტაბილური. 2022 წელს შანხაიში უძრავი ქონების მყიდველები კომპანიებისაგან არცთუ იშვიათად ორ ოქროს მონეტას იღებდნენ ბონუსის სახით.

ოქროს მსოფლიო საბჭოს მტკიცებით, ოქროს ბირჟა კონფლიქტების დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილია ინვესტიციებისათვის, თუმცა ეს რომ მართალი იყოს, ოქროს ბაზარი თუთანჰამონის დროიდან უწყვეტად არ გაიზრდებოდა და დღეისათვის ფასები ცას არ მიწვდებოდა.

მოკლედ, ოქრო ძვირდება და იაფდება - ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტი და ქონება.   აი, ამიტომაც ვლადიმერ პუტინის მიზანი - რუბლი სუფთა ოქროდ გადააქციოს - რაიმე გენიალური აზრი კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი მეთოდი, მაგრამ საკმაოდ დახვეწილი, უკრაინის ომის ფონზე.

დიდი ბრიტანეთი, აშშ და კაადა რუსეთის ოქროს არ ყიდულობენ, სამაგიეროდ სხვები ამას დიდი სურვილით აკეთებენ. ბრიტანული სანქციების შემდეგ არაბტა გაერთიანებულმა საემირობმა 2022 წელს 96,4 ტონა რუსული ოქროს იმპორტი განახორციელეს (ანუ 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობით). ეს 15-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს, როცა ოქროს იმპორტმა მხოლოდ 1,3 ტონა შეადგინა (84,5 მილიონი დოლარი).

არავისთვის საიდუმლო არ არის, თუ რატომ დაფრინავდნენ დუბაიდან რუსეთისაკენ და პირიქით უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ ბევრი კერძო თვითმფრინავი - მათ ოქრო გადაჰქონდათ.

რუსული ოქროს კიდევ ერთი მსხვილი მყიდველი შვეიცარიაა. 2022 წელს ამ ქვეყანამ 75 ტონა რუსული ოქროს იმპორტი მოახდინა (მოსკოვს 4,87 მილიარდი დოლარი გადაუხადა), ხოლო 2023 წელს კიდევ 8,22 მილიარდი დოლარის ტოლფასი რუსული ოქრო საემიროების მეშვეობით, ასევე 3,92 მილიარდის ტოლფასი ოქრო უზბეკეთიდან, რუსეთის მეზობლისაგან.

რუსული ოქრო მილიარდობით დოლარის ოდენობით თავისუფლად იყიდება მაქსიმალური ფასით. კრემლი კი მიღებული ფულით ყველაფერს ყიდულობს, 16 ათასი სანქციის მიუხედავად.

აი, ამიტომაც გლობალურ ანტირუსულ სანქციებს არაფერზე გავლენა არ მოუხდენიათ, მცირე გამონაკლისის გარდა. მაგრამ იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინის გეგმამ ეკონომიკური მდგრადობა უზრუნველყოს, ოქროს ფასმა უნდა მოიმატოს. კრემლის გრძელვადიანი მიზანი ისაა, რომ მსოფლიოს სავაჭრო ვალუტა დოლარი კი არა, არამედ ოქრო გახდეს.

სამომხმარებლო აქტიურობა

აი, ამ შემთხვევაში დამხმარის როლი შეიძლება ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა შეასრულონ. სწორედ ისინი წყვეტენ ბევრად, თუ რა იქნება შემდეგ.

დღეს ჩრდილოეთ ამერიკაში საერთაშორისო დისკონტური საწყობის (ოქროს მაღაზიების) Costco-ს ნებისმიერ კლიენტს შეუძლია თავისთვის ერთი უნცია შვეიცარული ოქრო შეიძინოს. ეს ფულის სპეკულაციური გადაცვლა არ არის. ოქრო ფასები, სხვა პროდუქციისაგან განსხვავებით, ოთხჯერ არ გაიზრდება. ანუ ოქროს ყიდვა ნიშნავს, რომ შენს ფულს რთულ სიტუაციაში (კრიზისები, კონფლიქტები...) ინფლაციისა და დევალვაციისაგან იცავ. ოქრო, შეიძლება ითქვას, „განკითხვის დღის“ ვალუტას წარმოადგენს.

თუ ჩრდილოამერიკელი მომხმარებლები, ცენტრალური ბანკები და ინვესტორები, გარკვეულ მომენტში გარკვეული სიტუაციის დროს პანიკაში ჩავარდებიან და მასობრივად დაიწყებენ ოქროს შესყიდვას და მისი ფასები ცას მისწვდება, ამ დროს ვლადიმერ პუტინის გეგმა კარგად იმუშავებს.

2023 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკელმა მომხმარებლებმა 100 მილიონი დოლარის ოქროს ზოდები მხოლოდ Costco-ს ქსელის მეშვეობით შეიძინეს. არის თუ არა მათში რუსული ოქრო? იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ოქრო იყიდეს რუსეთისაგან შვეიცარიამ და საემიროებმა 2022 -2023 წლებში, დიდი ალბათობით, არის.

ვისაც მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით არ სურს რუსული ოქროს ყიდვა, მას შეუძლია კანადური ოქროს მონეტები იყიდოს, რომლის დასამზადებლად ყვითელ ლითონს კვებეკში მოიპოვებენ. მაგრამ ცენტრალურ ბანკებს ოქროზე დიდი მოთოვნა აქვთ და ისინი რუსულ ოქროს სიამოვნებით ყიდულობენ დიდი რაოდენობით.

გაფერმკრთალებული ბრწყინვალება

ვლადიმერ პუტინის გეგმის ჩასაშლელად ოქრომ თავისი ბრწყინვალება უნდა დაკარგოს. ოქროს მიწოდების ზრდა, ანუ ჭარბწარმოება მის ფასს შეამცირებს. ამაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ავსტრალიას, კანადას და ამერიკის შეერთებულ შტატებს - როგორც ოქროს წარმოების წამყვან ქვეყნებს.

საპროცენტო განაკვეთების ზრდაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ოქროს ფასის შემცირებას. ოქროს სახელმწიფო აქტივების მასობრივი გაყიდვასაც ასევე შეუძლია რუსული რუბლის კურის დაცემა, მაგრამ ამ დროს ამერიკული და კანადური დოლარიც დაზარალდება. 

თავისთავად არცერთ პოლიტიკას არ შეუძლია კრემლის მიზნების ჩაშლა - ამისათვის საჭირო გახდება რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა და ამაში არაბთა გაერთიანებული საემიროების ჩართვა.

უკვე დაწესებული 16 ათასი ანტირუსული სანქციის გათვალისწინებით, საემიროების მიერ მიღებული ანტირუსული სანქცია (ანუ უარი რუსული ოქროს შესყიდვაზე) შეიძლება ისეთი ოქროს კვერცხი გახდეს, რომელიც ესოდენ საჭიროა ვოლოდიმირ ზელენსკისათვის.

წყარო: https://asiatimes.com/2024/03/putins-gold-strategy-explains-why-sanctions-failed/

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.