USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Asia Nikkei» (იაპონია): „პეკინის სამშვიდობო წინადადების მიღმა ომის ზაფხულში დასრულების პროგნოზი მოჩანს: ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის აკადემიის დასკვნით, ომში რუსეთი გაიმარჯვებს“
Date:  304

იაპონური გამოცემა Asia Nikkei აქვეყნებს სტატიას სათაურით „პეკინის სამშვიდობო წინადადების მიღმა ომის ზაფხულში დასრულების პროგნოზი მოჩანს: ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის აკადემიის დასკვნით, ომში რუსეთი გაიმარჯვებს“ (ავტორი -  ცუკასა ხადანო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჩინეთი გაურბოდა აქტიურ მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ დაწყებულ პერიპეტიებში და ძირითადად მხოლოდ დამკვირვებლის როლში გამოდიოდა, მაგრამ გასულ თვეში პეკინი მოულოდნელად გამოვიდა სამშვიდობო წინადადებით. არის იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ „ცისქვეშეთის“ მხრიდან ასეთ „შემობრუნებას“, რაც 12-პუნქტიანი დოკუმენტის გავრცელება გამოიწვია, თავისი საფუძველი აქვს: ჩინელი სამხედრო ექსპერტების დასკვნა ომის მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულების შესახებ.

თვით ჩინური გეგმა საკმაოდ მარტივია, მაგრამ მისი წამოყენებით ექსპერტებს და დამკვირვებლებს შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ პეკინმა თითქოსდა უცებ გადაწყვიტა უკრაინის ომის ირგვლივ აქტიური პოლიტიკური თამაში დაეწყო. რა თქმა უნდა, ჩინეთი თავის ცალკეულ განცხადებებში შარშანაც მოუწოდებდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ, არ შეუერთდა დასავლურ ანტირუსულ სანქციებს, მაგრამ მაინც თავს იკავებდა კონკრეტული დიპლომატიური თუ პოლიტიკური ფართომასშტაბიანი ნაბიჯების გადადგმისაგან.

ესე იგი, როგორ გავიგოთ, თუ რამ გამოიწვია ჩინეთის ესოდენ უეცარი გააქტიურება?

პეკინის მიდგომის ასეთი ცვლილების მიზეზი შეიძლება ვიპოვოთ იმ მოხსენებაში, რომელიც ორი თვით ადრე შეადგინა ჩინეთის წამყვანმა ანალიტიკურმა ცენტრმა - სამხედრო მეცნიერებათა აკადემიამ, რომელიც უშუალოდ ქვეყნის სახალხო-გამათავისუფლებელ არმიას ექვემდებარება. მას პეკინის ვერცერთ გეგმაზე ვერ ნახავთ, რადგან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ დაწესებულებას წარმოადგენს, თუმცა ცნობილია, რომ ის დედაქალაქის ჰაიდიანის რაიონში მდებარეობს, იუნმინიანის ყოფილ სასახლესთან ახლოს, რომელიც მე-19 საუკუნეში დასავლეთის კოალიციურმა არმიამ დაანგრია.

აკადემია რეგულარულად იძლევა რეკომენდაციებს და მოხსენებებს წარუდგენს ქვეყნის კომპარტიის ცენტრალურ სამხედრო საბჭოს - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს დირექტიულ ორგანოს. აკადემიას ხელმძღვანელობს საბჭოს წევრი, რომლის რანგი მინისტრის რანგის ტოლფასია.

ზოგიერთი წყაროების ცნობით, რომლებიც ახლოს დგანან ჩინეთის მთავრობასთან, გასული წლის დეკემბერში აკადემიის პერსონალმა დაასრულა რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სიმულაცია, რის შედეგადაც ერთი შეხედვით საკვირველი დასკვნა მოამზადა: კვლევამ აჩვენა, რომ ომი 2023 წლის ზაფხულში დასრულდება და თანაც რუსეთის გამარჯვებით.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ორივე დაპირისპირებული მეტოქის - რუსეთისა და უკრაინის - ეკონომიკები იმდენად იქნება გამოფიტული, რომ მათ ზაფხულის შემდეგ ომის გაგრძელების თავი აღარ ექნებათ.

სრულიად შესაძლებელია, რომ კვლევის შედეგები რუსეთის მხარის სასარგებლოდ არის გადახრილი (სი ძინპინის სასიამოვნოდ, რომელიც გარკვეულ სიმპათიას იჩენს თავისი რუსი კოლეგის მიმართ), მაგრამ რატომღაც ზაფხულს ემთხვევა უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების ვადების დასრულებაც - 45 მილიარდი დოლარის მოცულობით.

ამჟამად ამერიკელ რესპუბლიკელებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმეტესობა აქვთ და, როგორც ცნობილია, პარტიის ზოგიერთი გავლენიანი მოღვაწე საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმ ხელგაშლილი დახმარების მიმართ, რომელსაც აშშ უწევს უკრაინას.

„მე არ ვიცი, როგორი იქნება ამერიკული დახმარება ზაფხულის შემდეგ, შემოდგომაზე“, - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრის კანცელარიიდან.

აშშ უზრუნველყოფს იმ მთლიანი დახმარების თითქმის ნახევარს, რასაც უკრაინა დღეს იღებს. შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება ამერიკული დახმარების დასრულებამდე დაიწყებაო, საფუძველს მოკლებული არ არის.

ასევე არაა გამორიცხული, რომ პეკინმა სწორედ იმ ხანებში მოამზადა სამშვიდობო წინადადებები, როცა აკადემიის დასკვნა მიიღო, ომის დაწყებიდან პირველ წლისთავზე.

აეროსტატთან დაკავშირებულმა საჰაერო ინციდენტმა ჩინეთ-აშშ-ის ისედაც დაძაბული ურთიერთობა უფრო გაამწვავა. იაპონია მხარს უჭერს ვაშინგტონს ტაივანის საკითხში და პეკინის პოზიციას უპირისპირდება. შესაბამისად, ჩინეთი უფრო მეტ შანსს ევროპაში ხედავს. მართალია, ევროპის ქვეყნებიც ეხმარებიან უკრაინას, მაგრამ გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში ხშირად ისმის ხმები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

ჩინეთი თვლის, რომ ევროპა ძველებურად გახსნილია მასშტაბური პირდაპირი ინვესტიციების დასაბანდებლად და ევროპული ტექნოლოგიების შესატანად ჩინეთში (ამას პეკინში ევროპელი ლიდერების ვიზიტებიც ადასტურებს), რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ჩინეთის ეკონომიკის აღდგენას. ამ და სხვა რიგი გარემოებების გათვალისწინებით ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ დებატებში და ენერგიული დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას ცეცხლის შეწყვეტისათვის. ეს პირველი მიზანი.

მეორე მიზანია კიევთან მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება. ჩინეთმა უკრაინისაგან საბჭოური წარმოების ავიამზიდი „ვარიაგი“ იყიდა (როელიც თითქმის70%-ით იყო აგებული შავი ზღვის ნავსადგურ მიკოლაევის გემთსაშენში), ბუქსირით წაიღო დალიანის ნავსადგურში, რომელიც მოგვიანებით გადააკეთა, მზადყოფნაში მოიყვანა და მას „ლიაონინი“ უწოდა - ის იყო პირველი ავიამზიდი ჩინეთის არმიაში. იმ დროს, 2000-ანი წლების დასაწყისში, ჩინეთს ბევრი დასავლური ქვეყანა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებდა, უკრაინა კი ჩუმად იყო და პეკინთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებდა. „ჩვენ არ შეგვიძლია არც რუსეთისა და არც უკრაინის დაკარგვა“, - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩინეთის მთავრობიდან.

პეკინის მიერ წამოყენებული სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინის ეკონომიკის ომის  შემდგომ აღდგენაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ცისქვეშეთი“ უკვე ახლავე განიხილავს დანგრეული უკრაინისათვის ეკონომიკური გაწევის შესაძლებლობას.

ჩინეთის საბოლოო სასურველი მიზანს ცეცხლის შეწყვეტაში აქტიური როლის შესრულება წარმოადგენს. როგორც ჩანს, ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ექნება თავმჯდომარე სი ძინპინის ვიზიტს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, რომლის მომზადება, პრინციპში, უკვე დასრულებულია.

„სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიან არ უნდა განხორციელდეს“, - თქვა ერთ-ერმა ჩინურმა წყარომ, რომელიც კარგად არის ინფორმირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში.

სი ძინპინისათვის საუკეთესო სცენარი იქნებოდა, თუ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სწრაფად დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც იგი ვლადიმერ პუტინს თავის წინადადებებს ოფიციალურად გაუზიარებდა. ასეთი ფაქტი ჩინეთს მნიშვნელოვან მოთამაშედ გადააქცევდა და ხელს შეუწყობდა „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების პეკინისაკენ მიზიდვას.

თუმცა, ჩინელი ექსპერტებისაგან განსხვავებით, ბევრი მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ომი ზაფხულის შემდეგაც კიდევ დიდხანს გაგრძელდება - სანამ უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ-მიტაცებულ-დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება სურს. თავის მხრივ, დასავლეთი უკრაინის თვალში ჩინეთის რეპუტაციის გაფუჭებას ცდილობს და ავრცელებს ინფორმაციებს, თითქოსდა პეკინი მოსკოვს იარაღს ჩუმად აწვდის.

თუ ჩინეთი ვერ შეძლებს მშვიდობისმყოფლის როლის შესრულებას, ეს სი ძინპინის ავტორიტეტსა და პრესტიჟს ჩრდილს მიაყენებს. არავინ იცის, იქნება თუ არა მზად „გმირობისათვის“ ჩინეთის ხელმძღვანელობა, რომელიც სი ძინპინის მომხრეებისაგან შედგება - ისეთი „გმირობისათვის“, რომლისთვისაც აუცილებელია პეკინმა ერთდროულად რთული დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოების უნარიც და ურყევი სიმტკიცეც გამოიჩინოს.

წყარო: https://asia.nikkei.com/Politics/Ukraine-war/Behind-Ukraine-peace-proposal-China-foresees-end-to-war-in-summer

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way