USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
შვედეთის მეფე კარლ XIV იუჰანს სხეულზე ტატუ ჰქონდა, წარწერით:"სიკვდილი მონარქებს! გაუმარჯოს რესპუბლიკას"!
дата:  1052
1844 წელს სტოკჰოლმში გარდაიცვალა შვედეთისა და ნორვეგიის მეფე, კარლ XIV იუჰანი, რომელიც გახლდათ ბერნადოტების დინასტიის დამაარსებელი შვედების სამეფო ტახტზე. კარლ XIV იუჰანი გლეხური წარმომავლობის იყო, მეტიც, თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ მონარქების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა.
 
მისი გვარი იყო, ჟან ბატისტ ბერნადოტი, იგი დაიბადა ფრანგი ადვოკატის ოჯახში, გასკონიის ქალაქ პოში, 1763 წელს. ოჯახს ძალიან უჭირდა და ამიტომ, მომავალი ფრანგი მარშალი და შვედეთ-ნორვეგიის მეფე, 1788 წელს საფრანგეთის არმიაში ჩაეწერა. 4 წლის მერე სერჟანტი გახდა. ოფიცრობას კი, რევოლუციამდელ საფრანგეთის სამეფოში მხოლოდ არისტოკრატებს ანიჭებდნენ.
 
საფრანგეთის რევოლუციის წყალობით, 1792 წელს მან მიიღო ოფიცრობა და მისი ნიჭიერების შედეგად მალე დაწინაურდა, ჯერ პოლკოვნიკობა მიიღო, 1794 წელს კი გენერალი გახდა. რევოლუციის წლებში თავის სახელს "ჟიულიც" მიუმატა, იულიუს ცეზარის საპატივცემულოდ. 1797 წელს დაუმეგობრდა ნაპოლეონს, თუმცა მათ შორის ერთგვარი კონკურენციაც იყო.1799 წელს სამხედრო მინისტრი გახდა. 1803 წელს ნაპოლეონმა ბერნადოტი ელჩად დანიშნა ამერიკაში, მაგრამ ინგლისთან ომმა ნაპოლეონის გეგმა, საფრანგეთიდან მოეცილებინა ბერნადოტი, ჩაშალა. 1804 წელს ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. ბერნადოტმა მას ლოიალობა გამოუცხადა, სამაგიეროდ საფრანგეთის მარშლის წოდება მიიღო და მალე მეფისნაცვლად დანიშნეს ჰანოვერში. 1809 წელს შვედეთში მეფე დაამხეს, ტახტზე ავიდა უძეო და მოხუცი კარლ XIII. მის მემკვიდრედ გამოცხადდა დანიელი პრინცი, მაგრამ იგი მალე გარდაიცვალა. შვედების პარლამენტმა ნაპოლეონს სთხოვა მემკვიდრის დასახელებაში დახმარება. ნაპოლეონი დუმდა. მაშინ, შვედებმა მიმართეს ბერნადოტს. შვედებს მარშალი ბერნადოტი მოსწონდათ, როგორც ჭკვიანი პოლიტიკოსი, დიპლომატი და გულმოწყალე ადამიანი, ის კარგად ექცეოდა ტყვეებს, რაც თავის თავზე გამოცდილი ჰქონდათ შვედ ჯარისკაცებს. მან დააგროვა ბევრი ქონება, გამდიდრდა და საკმაო ნიჭს ავლენდა ყველა სფეროში. შვედებმა ბერნადოტს წაუყენეს ერთი პირობა, ფრანგ მარშალს უნდა მიეღო ლუთერანობა, რასაც იგი დათანხმდა, - მეფობაზე როგორ იტყოდა უარს?!.. მითუმეტეს, რომ ნაპოლეონის მაგალითიც უბიძგებდა ამისკენ, - უბრალო აზნაურმა ნაპოლეონმა საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა თავი, რაც წარმოუდგენელი იყო მაშინდელ მონარქისტულ ევროპაში.
 
1810 წელს შვედეთის პარლამენტმა მარშალი ბერნადოტი კრონპრინცად აირჩია. მან მიიღო ლუთერანობა და იგი შვედეთის მეფემ იშვილა. მას უწოდეს კარლ-იუჰანი. ამის შედეგად იგი გახდა რეგენტი და ფაქტიურად ის მართავდა შვედეთს. დასაწყისში კონპრინცი ბერნადოტი იძულებით ემორჩილებოდა ნაპოლეონს. ამავდროულად, კარლ იუჰანს ნორვეგიის დანიისთვის წართმევა და მისი დაკავება უნდოდა. აგრეთვე, ბერნადოტი არ აჰყვა ნაპოლეონის ომს რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, შვედებს აწყობდათ, ფინეთის დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ ბერნადოტს კარგი ინტუიცია ჰქონდა. მითუმეტეს, რომ საფრანგეთთანაც გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ შვედებს.
 
1813 წლიდან კრონპრინცმა ბერნადოტმა რუსეთისა და ინგლისის მხარე დაიჭირა, ნაპოლეონის წინააღმდეგ!.. ინგლისელებმა დააფინანსეს მისი სამხედრო მოქმედებები და ის შეუერთდა ანტიბონაპარტისტულ ბლოკს. მან მოახერხა და დანიას წაართვა ნორვეგია. შემდეგ კი, მისი არმია მოკავშირეთა ჯარებთან ერთად პარიზში შევიდა(ამის გამო, ბერნადოტი ანდრია პირველწოდებულის და წმინდა გიორგის რუსული ორდენებით დააჯილდოვეს)!.. საფრანგეთის მარშალმა და შვედეთის კრონპრინცმა ბერნადოტმა, მოკავშირეებს შესთავაზა საფრანგეთის ტახტი მას დაეკავებინა ან საფრანგეთის პროტექტორი გამხდარიყო!.. მაგრამ, მოკავშირეებმა ნაპოლეონის მიერ (მარშალი ბერნადოტის აქტიური მონაწილეობით) ბურბონების დამხობილი სამეფო დინასტია აღადგინეს.
 
ვენის კონგრესის დადგენილების მიხედვით, ავსტრიამ და საფრანგეთმა შვედეთს შესთავაზეს დამხობილი მეფის გუსტავ IV ვაჟი გამოეცხადებინათ ტახტის მემკვიდრედ და არა კონპრინცი ბერნადოტი, მაგრამ მან მოახერხა და რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით შვედეთის კრონპრინცობა და გამეფების შანსი შეინარჩუნა. მოგვიანებით ბერნადოტმა ნორვეგიელების დაყოლიება შეძლო და 1818 წელს, როცა უმემკვიდრო კარლოს XIII გარდაიცვალა, ის ავიდა შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე. ამ დროს, იგი 54 წლის იყო. მდაბიო, არა არისტოკრატიული წარმოშობის ფრანგმა, ყოფილმა რევოლუციონერმა და იაკობინელმა, შვედეთის ტახტზე ასვლისთანავე ავტორიტარული რეჟიმი განამტკიცა. შეზღუდა სიტყვის თავისუფლება, პარლამენტში მისით უკმაყოფილო პოლიტიკოსები მომრავლდნენ. მათ არ მოსწონდათ ის, რომ მეფემ არ ისწავლა შვედური ენა და ფიცხი ხასიათის იყო. სამაგიეროდ, ის უბრალო ხალხს მოსწონდა.
 
მის მმართველობას დადებითი შედეგები ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკისათვის, ასევე შვედეთის სახელმწიფოს გაძლიერებისათვის. ვასალური შვედეთი მან ფაქტობრივად, იმპერიად აქცია, დაიმორჩილა რა ნორვეგია. და, რაც ყველაზე საინტერესოა, რომ ფრანგმა ყოფილმა მარშალმა და რევოლუციონერმა მოახერხა და შვედეთის სამეფო ტახტი შეინარჩუნა თავისთვის და მისი შთამომავლებისათვის, რომლებიც დღემდე იკავებენ მონარქის პოზიციას. შვედეთის და ნორვეგიის მეფე კარლ XIV იუჰანი გარდაიცვალა 81 წლისა, 1844 წელს. მის შემდეგ, სამეფო ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ოსკარ 1, როცა მეფის სხეულს ბალზამირებას უკეთებდნენ, ნახეს, რომ მას სხეულზე ტატუ ჰქონდა, ასეთი წარწერით:"სიკვდილი მონარქებს! გაუმარჯოს რესპუბლიკას."
 
სხვათაშორის, სიკვდილამდე რამოდენიმე წლით ადრე, ბერნადოტების დინასტიის დამფუძნებელს, ერთი ფრანგი პოლიტიკოსისთვის ღიმილით უთქვამს:"მე ვარ ერთადერთი ევროპელი მონარქი, რომელსაც რესპუბლიკური წარსული აქვს"! 
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати