USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Tbilisi
შუა საუკუნეების ბათუმის საზღვაო ცხოვრებიდან - ბექა ჭიჭინაძე
Date:  2042
1341 წელს ვენეციელი კაპიტნის - ფილიპო გონდარის ხომალდი ბათუმის აკრძალულ ნავსადგურში შევიდა, ვენეციაში დაბრუნებისას ამის გამო ის 100 ლივრით იქნა დაჯარიმებული.
მოგვიანებით, პოლიტიკური დესტაბილიზაციის პროპორციულად, ბათუმის ნავსადგური კიდევ უფრო საშიში გახდა, მაგრამ ევროპულ ხომალდებს აქ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი თუ გილანური და შამახური აბრეშუმი იზიდავდა.
1411-წელს ბათუმში გილანიდან ჩავიდა ტრაპიზონელი სომეხი დიდვაჭრის ქარავანი 9000 ჰიპერპერას აბრეშუმით, რომელიც ბათუმელებმა გაძარცვეს.
უსაფრთხოება შავ ზღვაზე იქამდეც არ იყო გარანტირებული ჩერქეზი და ჯიქი მეკობრეების თარეშის გამო.
პანარეტოსი, 1372 წელი: ,,6 აგვისტოს გავემგზავრეთ ლაზიკეში და დაახლოებით [სექტემბრის] დასაწყისამდე შევხვდით ბასილევს პაგკრატისს. გავცურეთ ბათუმში ორი საბრძოლო ხომალდით და ორმოცი პატარა ნავით და კარვები გავშალეთ გარეთ. იქ ჩვენ ასევე შევხვდით გურიელს, რომელიც ბასილევსის პატივსაცემად მოვიდა, იქ ექვსი დღის გატარების შემდეგ დავბრუნდით შინ".
ბათუმი მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი იყო, სადაც აბრეშუმით დატვირთული ქარავნები ჩამოდიოდნენ, მაგრამ ამ ეპოქაში ერთიანი საქართველო უკვე აღარ არსებობდა, როცა ,,ქარავნისა ძარცვასა ვერავინ იკადრებდა", გიორგი ბრწყინვალის ძალაუფლება დასავლეთ და სამხ. დასავლეთ საქართველოზე ფორმალური იყო, ამიტომ, გარანტიების არარსებობის გამო ბათუმის ნავსადგური ვენეციური და გენუური ხომალდებისთვის საშიში იყო.
გენუელების გარდა ბათუმში მრავლად იყვნენ ბერძენი ვაჭრებიც, რომელთაც ტრაპიზონიდან დამარილებული თევზი მოჰქონდათ, გენუელ ვაჭრებს კი კაფადან აქ ხორბალი ჩამოჰქონდათ.
მე-13 საუკუნის მიწურულიდან ბათუმს ხშირად აკითხავდნენ ეგვიპტელი ვაჭრებიც, რომელთაც აქედან მონები გადაყავდათ მამლუქებად აღსაზრდელად, ხშირად ისინი ამისათვის იტალიურ ხომალდებსაც კი იყენებდნენ, სანამ პაპმა და იტალიურმა რესპუბლიკებმა იტალიელ მეზღვაურებს არ აუკრძალეს ,,ურჯულოთა გაძლიერებაში" მონაწილეობა.
,,ვათის (ბათუმს) მხოლოდ ერთი, ღია ნავსადგური ჰქონდა, მაგრამ ის იყო ღრმა და საკმაოდ კარგად დაცული დასავლეთის ქარებისგან. ყველაზე დიდ გემებსაც კი შეეძლოთ აქ ღუზის ჩაშვება და ისინი ისე უსაფრთხოდ იყვნენ, როგორც საუკეთესო პორტებში. (გერმანელი რაინდი შიტლბერგერი სწორედ ბათუმის დიდი პორტიდან ცდილობდა ევროპაში დაბრუნებას, ბ. ჭ.).
ვათის ირგვლივ მიწა ძალიან ნაყოფიერი იყო: იწარმოებოდა საკმარისი ხორბალი მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ბევრი ბრინჯი, რაც მათ საექსპორტო პროდუქციას აწვდიდა. აქედან გზა საქართველოს შიდა რეგიონებისკენ გადიოდა. ეს პროვინცია, მდიდარი სოფლის მეურნეობით, მისი ნახირებით და მრავალფეროვანი პროდუქციით, დიდ უპირატესობას იძლეოდა ვაჭრობაში. აქ მოიპოვებოდა კარგი ხარისხის აბრეშუმი, თუმცა სპარსულს ჩამოუვარდებოდა, მატყლი, დაწნული ბამბა, ზერდავასის (ტყის კვერნა) და ფოცხვერის ტყავი, ერთ-ერთი ყველაზე პატივდემული ბეწვი, კამეჩების ტყავი, თაფლი და ცვილი - ქვეყნის მთავარი საქონელი. მონებით ვაჭრობა აქ თითქმის იმდენადვე მნიშვნელოვანი იყო, როგორც კირკასიაში" (ელი დე პრიმო).
...
გენუის რესპუბლიკის დოჟმა - ლუდოვიკო დი კამპროფეგოსომ და უხუცესებმა მიიღეს ორი გენუელი ვაჭრის, ძმების - ბატისტა და გიულიანო დონატოების საჩივარი ქართველთა მეფეზე.
არისტოკრატი დონატოების საგვარეულო განთქმული იყო საზღვაო ვაჭრობით. ცნობილია, რომ ისინი ნაოსნობდნენ კაფადან ქიოსამდე და - საფრანგეთამდეც კი. გენუაში დონატოები უხუცესთა საბჭოში ირიცხებოდნენ, მათ ხელმძღვანელი პოსტები ეკავათ კაფაშიც.
დოჟისთვის გაგზავნილი საჩივარი იუწყებოდა, რომ მელქიონ დონატოს ქონება ალექსანდრე ქართველთა მეფის ქვეშევრდომებმა დაიტაცეს, ალექსანდრემ დაზარალებულებს ქონება არ აუნაზღაურა და თავადაც მიიღო წილი, საპასუხოდ, 1435-1437 წლებში, კაფას კონსულებმა ალექსანდრე მეფის ვაჭრების სავაჭრო უფლებები შეზღუდეს გენუელი ძმების სასარგებლოდ. გადაწყვეტილება დაამტკიცა ოფიციალურმა გენუამ, რომელსაც მაშინ მილანის ჰერცოგის კომისარი ფრანსუა ბარბავარა წარმოადგენდა.
ამ პერიოდში გენუელთა ფაქტორიას კაფაზე ურთიერთობა დაეძაბა ვენეციელებთან და ყირიმელ თათრებთან. ასეთ პირობებში ძალიან საშიში იყო კაფაში მრავლად მყოფი ქართველი ვაჭრების უკმაყოფილება, ამიტომაც კაფას კონსულმა ბატისტა ფორნარიომ ქართველი ვაჭრების სასჯელი შეამსუბუქა და მათ საქონლის გადასახადები დაუწესა.
გადაწყვეტილება დოჟმა დაამტკიცა.
მელქიონ დონატო ამ დროს უკვე მკვდარი იყო და ქართველთაგან მოკრებილი გადასახადები ის-ის იყო მის სახელზე უნდა გაცემულიყო ზარალის ასანაზღაურებლად, რომ კაფაში გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დონატოს სიცოცხლეში უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია ალექსანდრე მეფისაგან. ამგვარად, კაფას კონსული იძულებული გახდა, შეეწყვიტა გადასახადების მოკრება, თუმცა თავად დონატოები მიიჩნევდნენ, რომ ეს ცრუმოწმეობა იყო.
ქართველი ვაჭრების დასანქცირებას ალექსანდრე მეფე მშვიდად არ შეხვედრია და თავისი მოკავშირის - ტრაპიზონის იმპერატორის - იოანე მეოთხე კომნენოსის ფლოტილიის დახმარებით, დაატყვევა ბათუმის ნავსადგურში შემოსული გენუური ხომალდი, რომელიც მერვალდო სპინოლას ეკუთვნოდა.
1445 წელს ბათუმს ბურგუნდიელი მეკობრეების ფლოტილია დაესხა თავს რაინდ ჟოფრუა ტუაზის მეთაურობით, თავდასხმა გურიელმა მოიგერია და მტერი დაატყვევა კიდეც.
მე-15 საუკუნის იტალიელი მოგზაურების მიხედვით, ბათუმი დადიანს ეკუთვნის და ქალაქში მეგრულად საუბრობენ.
მეგრულად ჩაწერილი ყველაზე ძველი ტექსტი ეკუთვნის მე-15 საუკუნეს და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩაწერილია ,,სამეგრელოს დედაქალაქ ბათუმში".
იტალიელი მოგზაური იოსაფა ბარბარო წერს: ,,ბათუმში შევედით მე და ერთი ჯენოველი, ანჯელინო, ერთი სახლის კართან იდგა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მან ჰკითხა: სო რე პატონ კოკონ ? - ქალო, სახლშია შენი ბატონი, ესე იგი შენი ქმარიო, ქალმა უპასუხა: აკჩი-მალას - მალე მოვაო." ქმრის მოსვლამდე აღწერილია რამდენიმე ეროტიკული და უსიამოვნო დეტალი, რაც აქ არაა მოსატანი.
ეს მეგრული თითქოს ლაზურს მოჰგავს და ცოტათი თურქულის გავლენაც ეტყობა. ,,პატონ" რომელსაც ევროპულ ენებშიც იგივე მნიშვნელობა ჰქონდა, გასაგებია რომ ხშირად გამოიყენებოდა ქართველთა და ევროპელთა საუბრებში, ამ მეგრელი ქალის ქმარიც ანჯელინოს სწორედ ,,პატონ"-ით მიმართავს. ,,კოკონი" უნდა იყოს ქართული გოგონის მეგრული შესატყვისი, რომელიც დღეს გამქრალია.
გავაგრძელოთ საუბარი შუა საუკუნეების მეგრულ ქალაქზე, ბათუმზე
ამბროზიო კონტარინი წერს: ,,ბათუმი ციხეა და მცირე ქალაქი სამეგრელოს მთავარ გორბოლასი"... ხსენებული ავტორი ბათუმში ერთ ბერნარდინელ ბერს გაიცნობს, რომლისგანაც სასარგებლო რჩევებს მიიღებს. აქედან იგი ფოთში წავა, სადაც კიდევ გადააწყდება რამდენიმე ევროპელს, რომელიც აქ ცხოვრობს. შერეული, ქართულ-ევროპული ოჯახები არსებობდნენ ანაკლია/ქუთაისის სანაოსნო მაგისტრალის აყოლებაზეც, რიონის ხეობაში, რომელთაც იტალიელი მოგზაური მიქელე მემბრე აღწერს.
მე-14 საუკუნეში სწორედ ბათუმიდან გაიქცნენ გერმანელი რაინდები, რომელთა თავგადასავალიც ჰანს შიტლბერგერის წიგნშია აღწერილი.
შიტლბერგერი, რამდენიმე სხვა ევროპელთან ერთად მონღოლი მეთაურის, როგორც თვითონ უწოდებს - მანზუშის სამსახურში იყო: ,,იგი გადავიდა სხვა ქვეყანაში, სახელად მეგრელი, მეგრელიაში ჩვენ შევითქვით, რათა ჩვენს სამშობლოში დავბრუნებულიყავით და გავქცეოდით ხსენებულ ბატონს, მივედით ამ ქვეყნის მთავარ ქალაქში, რომელსაც ბათუმი ჰქვია, შავი ზღვის სანაპიროზე, რათა ზღვა გადაგვეკვეთა...".
აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის სამი საპორტო ქალაქი - ბათუმი, ფოთი და სოხუმი, საზღვაო/სანაოსნო გზით იყო დაკავშირებული ქუთაისთან.
მაქსიმე ქუთათელი აცხადებს: ,,ქუთაისის ქალაქიდამ ვაჭრები დადიან ნავითა იმ სამს ციხეში - ბათუმს, ფოთს და სოხუმს".
World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way