USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
შსს-ს მინისტრი - პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული
თარიღი:  608

გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, - ამის შესახებ საქართვველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

შს მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება,

მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

გომელაური აღნიშნავს, რომ უწყების სურვილი არაა, რამდენიმე ასეული თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი, თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს.

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი.

ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო, პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ.

როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.

გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ.

მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ჩვენი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული”, - აცხადებს მინისტრი.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის