შსს დავით გარეჯთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აზერბაიჯანელი სტუდენტები დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ფოტოსა და მოწოდებასთან დაკავშირებით. სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით. „ამ ახალ ფოტოზე დავით გარეჯში აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად - ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია“, - წერს სანდრო ბრეგაძე.
„ქართული მარშის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს „ფეიკნიუსს". სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კილომეტრში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/