შსს დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გასცდებიან შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა.
მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდებით.
დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება.
გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი - ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები.
შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება. ისინი პარლამენტთან გათენებას აპირებენ, რათა 25 ნოემბრის დილას დაგეგმილი პარლამენტის I შეკრება გააპროტესტონ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/