USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
შინაგანი მრისხანებით გათანგული ესსე - მედუზა გორგონა და არესი (თამაზ იმნაიშვილი)
Date:  854
 
 
მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა- ეს აკერია პირზე ყველას დედამიწაზე, და ეს არ არის შორს რეალობისგან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა და ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსასტიკესი განადგურება, რომლის ანალოგიც ჰიტლერის, პოლპოტას, თალიბანის და ისილ -ს ქმედებების მსგავსია და დიდის ალბათობით უფრო არაადამიანურია, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. როცა ამ ბოლო ორის ომის ანთოლოგიას განიხილავ აუცილებლად იპოვი მსგავსებას ადამიანურ ( უფრო უპრიანია არაადამიანურ ) ფსიქიკაში. რა უნდა ამოძრავებდეს ორფეხა არსებას, რომელსაც ჰქვია ადამიანი და ჩაიდინოს ბუჩას და ირპენის სიმხეცე უკრაინაში ან კიდევ დახოცოს პატარა ბავშვები კიბუცებსა და მოშავებში ისრაელში, თავები და კიდურები დააჭრას და მერე ცეცხლი წაუკიდოს. მერე კი ეს სოციალურ ქსელებში ატვირთოს და ამით იამაყოს.
 
სიძულვილი- საკუთარ გენში როგორც დნმ-ს ჯაჭვის ერთი, მაგრამ დომინირებადი რგოლი. აქ არ ადგას საკითხი სიძულვილზე მტრის ან საერთოდ უცხოს მიმართ. საწყისი ამ არსებების, რომლებიც ერებად და ხალხებად ჩამოყალიბდნენ, არის სიძულვილის აბსოლუტიზმი ყველას და ყველაფრის მიმართ საკუთარი ნაშიერების ჩათვლით. მათი გენეტიკური კოდი ასეთ სიძულვილზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა ასეთებად არ იბადებიან, ასეთებად ყალიბდებიან. ჩამოყალიბებაში კი უმთავრეს როლს ადამიანის გაუნათლებლობა და მისგან გამომდინარე მონური ფსიქიკა ასრულებს.
 
21 საუკუნემ უაღრესად გაამრავლა ასეთი მონური ფსიქიკის ადამიანთა ჯგუფები, თუ მთელი ხალხები. თითქოს კაცობრიობის სიძულვილი მედუზა გორგონას სახით ემუქრება მთელ დედამიწას, თმების მაგივრად არსებული გველებით. მთავარი მონსტრი გორგონა მედუზა და მისი პატარა დამქაშები -შხამით მგესლავი ასპიტები. გორგონას კი მართავს ომის ღმერთი - არესი, რომელსაც ომის გარეშე არსებობა არ შეუძლია. კლასიკური იმპერია თავისთავად სიძულვილზე დამყარებული ერთობაა, რომელმაც სახელმწიფოებრივი ფორმა შეიძინა. ყველა იმპერიას თავისი საწყისი და ბოლო წერტილი აქვს.
 
21 ე საუკუნეში კლასიკური იმპერია მხოლოდ რუსეთია. სხვა ანალოგი მას არ გააჩნია. მიუხედავად მისი ამდენი საუკუნის არსებობისა, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნემ , როცა ინფორმაციის გაცემის ტექნოლოგიები კარგად დაიხვეწა, გამოაჩინა, რომ რუსეთის , როგორც იმპერიის არსებობა დაფუძნებულია მხოლოდ ტერორზე და მისი იდეოლოგია მხოლოდ ტერორიზმია. ტერორი როგორც მოქმედების ინსტრუმენტი და ტერორიზმი- როგორც ამ იმპერიის იდეოლოგია. ტერორი ყველა იმ ხალხების და ადამიანების მიმართ, ვისი დაპყრობაც მან მოახერხა ან კიდევ უნდა რომ დაიპყროს.
 
მეოცე საუკუნემ რუსეთს კაცობრიობის ყველაზე საშინელი იარაღი ატომური ბომბი ჩაუგდო ხელთ და ამის მერე იმპერიის იდეოლოგია-ტერორიზმი სრულიად ახალი ფორმით და გლობალური მასშტაბებით გამოიხატა.
 
1963 წლის კარიბის ზღვის კრიზისი მსოფლიოს პირველი შანტაჟის მცდელობა იყო. მეორედ 1974 წლის სუეცის არხის კრიზისი.
 
1990 წლის გორბაჩოვისა და ბუშის შეხვედრის დროს მსოფლიოს შანტაჟი, რომ თუ რუსეთს არ გადაარჩენთ, თერმობირთვულ იარაღი მთელ მსოფლიოს მოედება.
 
1994 წლის სნვ 3 ხელშეკრულების ხელმოწერის წინ ასეულ მილიარდობით თანხის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ მუქარა, რომ თერმობირთვული ქობინები არაბულ სამყაროში გამოჩნდებოდა.  ირანის ბირთვული პროგრამის მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად.
 
სწორედ ეს იყო ამოსავალი, როცა 1999 წელს ვოლგოგრადში საკუთარი ხალხი ააფეთქეს და ჩეჩნებს დააბრალეს. ვლადიკავკაზსა და ნორდოსტში საკუთარი ხალხი ჩახოცეს.
 
2001 წელს ჩეჩნეთი მიწასთან გაასწორეს და 300 ათასზე მეტი ეთნიკური ჩეჩენი მოკლეს.
 
1991- 193 წლები, 2004 წელი, 2008 წელი, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ომი, ემბარგო, ქართველ ემიგრანტთა გამოსახლება, მცოცავი ოკუპაცია და გაეროს ტრიბუნიდან მუქარა, რომ საქართველოს მიწასთან გაასწორებდნენ.
 
ჩრდილოეთ კორეა, სირია, სომალი, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დივუარი. დიქტატორული და ავტორიტარული ქვეყნების რეჟიმების მხარდაჭერა, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას ატერორებენ. მსოფლიოში ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციების ღია და ფარული მხარდაჭერა. ბასკური ეტა, ირლანდიური ირა, იტალიური წითელი ბრიგადები და გერმანული გარეული ბატები. ტამილ ილამის განმათავისუფლებელი ვეფხვები, ჰამასი, ფათხი, ჰესბოლა, ისლამური ჯიჰადი და კიდევ ბევრი. ყველა ეს ორგანიზაცია იკვებებოდა და უმეტესობა ახლაც იკვებება რუსეთისგან, რომლის საშუალებითაც რუსეთი ატერორებს მთელ მსოფლიოს.
 
2014 - 2023 წლების უკრაინასთან ომმა კი ამ მედუზა გორგონას მარცხის შიში გაუჩინა და შანტაჟმა უკვე სრულიად დედამიწა მოიცვა. კაცობრიობის განადგურების მუქარით.
 
მარცხის შიშით ტერორის ნებისმიერ საშინელ ფორმას იყენებს და ახლა ჰამასის ტერორის უკან ცალსახად ღიად გამოჩნდა გორგონას სახე. იქნებ ისრაელის ომმა დასავლეთს ყურადღება უკრაინისგან ახლო აღმოსავლეთში გადაატანინოს, რომ ცოტა ხნით შვებით ამოისუნთქოს, ძალები მოიკრიბოს და ხელახალი აღტყინებით გააგრძელოს მსოფლიო დატერორება.
 
გასაგებია, რომ არაფერია სამუდამო დედამიწაზე, მაგრამ გორგონას თავის მოჭრით დედამიწა და კაცობრიობა კარგა ხანს დაისვენებს ტერორისა და ტერორიზმის შიშისგან, ხოლო ომის ღმერთი არესი დიდი ხნით ჩაიკარგება ჰადესში. სხვა გამოსავალი არსებული ჩიხიდან ცივილიზებულ სამყაროს არ აქვს. ამ ტერორისტულ იმპერიას- რუსკი მირს ჰყავს თავისი არესი პუტინის სახით.
 
წარმართული კერპი, რომელსაც რუსეთის ( და არამარტო მისი) მოსახლეობა ეთაყვანება და მუდმივად მსხვერპლს სწირავს თავისი შვილების სახით. ის კი კიდევ უფრო მეტ და მეტ მსხვერპლს ითხოვს დაუსრულებლად. არესის ჰადესში ჩაბრუნება გორგონა მედუზას - რუსეთის იმპერიის დასასრულს მოასწავებს და ამით გორგონა მედუზას მგესლავ ასპიტებს გესლი და კბილები დაეკარგებათ. ცივილიზებული მსოფლიო კი კარგა ხნით მშვიდად ამოისუნთქებს. ეს იქნება 21 საუკუნის ახალი პარადიგმა და სიმშვიდის ფორმულა.
 
გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში
თამაზ იმნაიშვილი
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way