USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი სამი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
Date:  728
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
 
1989 წელს დაბადებული ზ.ბ. (მეტსახელად „ზაკუნა“) დაკავებულია „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „ჩაქუჩიჩი“) და 1995 წელს დაბადებული დ.გ. სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.
 
რაც შეეხება 1979 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.თ.-ს (მეტსახელად „ტაისონა“), მას „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
 
დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დაადგინა, რომ დ.თ.-ს და ზ. ბ.-ს შორის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა დავა, რის გამოც დ. თ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. ბ.-ს. მან „კანონიერ ქურდს“ - მიხეილ ჩაფიჩაძეს (მეტსახელად „მაჩვიჩი“) მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, ზ. ბ.-მ, ლ. ბ.-მ, დ. გ.-მ და მათმა თანმხლებმა პირებმა დ. თ.-ს საპასუხოდ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
 
მოდავე მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის „ქურდული კანონების“ თანახმად მოგვარების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფმა "კანონიერმა ქურდმა" - ჯეირან კინწურაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მოაწყო "ქურდული გარჩევა" და მხარეების შერიგების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.
 
ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით“ გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ.
 
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
 
„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით.

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way