USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ასევე დანაშაულისთვის მხილებულია საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ვატია“
Date:  711
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს.
 
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული ლ.კ. (მეტსახელად „კვატია“), ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ა.კ., 1985 წელს დაბადებული ს.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.ს., 1983 წელს დაბადებული ო.დ., 1985 წელს დაბადებული გ.კ. (მეტსახელად „კვერცხა“) და წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ნ.ვ. (მეტსახელად „გოტო“). ასევე, აღნიშნული დანაშაულისთვის მხილებულია საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი", 1976 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ვატია“).
 
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ „კანონიერი ქურდის“ ვ.კ.-ს (მეტსახელად "ვატია") დავალებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა ა.კ.-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გახსნა შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზარი, რომლის ანალოგიური ბაზარი - შპს „ანი“ ფუნქციონირებდა ქუთაისში და რომელსაც ვერ უწევდნენ კონკურენციას. ბრალდებულებმა საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მისაღებად, გადაწყვიტეს ქუთაისში მდებარე აგრარული ბაზრიდან, შპს ,,ტაბახმელა 2023“-ის აგრარულ ბაზარში გადაეყვანათ დასაქმებულები, რის შედეგად ქუთაისში განთავსებული ბაზარი ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას, ხოლო შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზრის საქმიანობიდან მიიღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს.
 
ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელისა და მათი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, რითაც შპს "ანი"-ს ასიათასობით ლარის ზიანი მიადგა.
 
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
 
 
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way