USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
შფოთი მოლდოვაში: უცნაური ესკალაცია
Date:  418

რა ხდება:

მოლდოვის ოკუპირებულ ნაწილში, დნესტრისპირეთში, დაძაბულობამ მკვეთრად მოიმატა. ოფიციალური კიშინიოვიც და დნესპირპირეთის “მთავრობაც” ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, ამის მიუხედავად, ინციდენტები გრძელდება.

კერძოდ რა ხდება სახიფათო?

  • გუშინ ღამით, 27 აპრილს დნესტრიპირეთის “შინაგან საქმეთა სამინისტროს” ცნობით სადაზვერვო დრონებმა გადაუფრინეს კოლბასნე/კობასნეს ახლოს არსებულ უზარმაზარ საბჭოეთისდროინდელ ტყვიაწამლის საწყობს, შემდეგ კი, უკვე დილით მათი თქმით უკრაინის მხრიდან გაისროლეს.
  • 26 აპრილს აფეთქდა ტელე-რადიო რეტლანსლატორი დაბა მაიაკში, რომელიც რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა.
  • 25 აპრილს, ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა ჭურვმყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს დნესტრისპირეთის “კაგებეს” შენობას ტირასპოლში.
  • 25 აპრილსვე, დნესტრისპირეთისვე “შსს-ს” ცნობით დრონმა ორი ყუმბარა ჩამოაგდო საავიაციო ნაწილის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ერთი სატვირთო ავტომობილი დაზიანდა.

რას ამბობენ კიშინიოვი და ტირასპოლი?

გუშინ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების უმაღლესი საბჭო მოიწვია და მისი დასრულებისთანავე განაცხადა, რომ მიღებული იქნა სტრატეგიული ობიექტების დაცვის გაძლიერების და ადმინისტრაციულ საზღვართან საბუთების შემოწმებების გაფართოების გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ ტირასპოლში არსებობს “გარკვეული შიდა დაპირისპირებები” და სწორედ ამას დაუკავშირა იქაურ “კაგებეზე” შეტევა. მან ნათლად გამოთქვა დეესკალაციის სურვილი და დნესტრისპირეთის ლიდერებსაც ამისკენ მოუწოდა.

დნესტრისპირეთმა 26 აპრილს “ტერორისტული საფრთხის “წითელი” დონე” გამოაცხადა, ტირასპოლის შესასვლელთან გაჩნდა ბლოკპოსტები. დნესტრისპირეთის მეთაურმა ვადიმ კრასნოსელსკიმ 26 აპრილსვე განაცხადა, რომ თავდასხმების კვალი უკრაინისკენ მიდის და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდანვე დნესტრისპირეთი ნეიტრალობას ინარჩუნებს “ჩვენ არ ვართ აგრესორები, არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ მეზობლებზე [უკრაინაზე] თავდასხმას,” განაცხადა მან. კრასნოსელსკიმ მოლდოვას ხელისუფლებას სთხოვა “არ წამოეგონ პროვოკაციაზე” და მოუწოდა ამისთვის არსებულ ფორმატებში განიხილონ შესაძლო უთანხმოებები.

რა “შიდა უთანხმოებებზე” საუბრობს სანდუ?

მოლდოველი ანალიტიკოსის დიონის ჩენუშას ცნობით, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დნესტრისპირეთის “უშიშროებამ” მოლდოვას გადასცა თავის ოფისზე თავდასხმის ინიციატორთა რვაკაციანი სია. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა, მათ კოორდინატორად კი რუსი გენერალ-მაიორი, ვიტალი რაზგონოვია, რომელიც 2019 წელს რუსეთმა კრასნოსელსკის “მრჩევლად” მოავლინა. ჩენუშას აზრით ეს “გაჟონვა” თუ მართალია, მოსკოვიდან მართული სამხედროები დნესტრისპირეთის “ლიდერების” გვერდის ავლით აწყობენ პროვოკაციების სერიას. როგორც მოსალოდნელია, დნესტრისპირეთი ოფიციალურად უარყოფს ამ ინფორმაციასაც და ნებისმიერ შიდა უთანხმოებასაც.

გამოდის, დნესტრისპირეთი რუსეთს მხარს არ უჭერს?

უჭერს, მაგრამ უკრაინასთან ომში ჩაბმა არ სურს. დნესტრისპირეთი ერთადადერთი ოკუპირებული ტერიტორიაა ყოფილი სსრკ-ს სივრცეში, რომელიც რუსეთს პირდაპირ არ ესაზღვრება. მიუხედავად რუსეთისადმი სიმპატიებისა და ლოიალური დამოკიდებულებისა, ფაქტია ისიც, რომ დნესტრისპირეთი ინდუსტრიულად განვითარებული მხარეა. აქაურმა ბიზნესმენებმა და ოლიგარქებმა 2000-იან წლებში სარფიანი ვაჭრობა გამართეს ევროკავშირის ქვეყნებთან, ოფიციალური მოლდოვის თანხმობითა და მისი გავლით. ამ ბიზნესის დაკარგვა დნესტრისპირელებს სულაც არ სურთ.

 

როგორც დნესტრისპირეთის “საგარეო მინისტრმა” რუსულ სააგენტო “ინტერფაქსთან” ინტერვიუში თქვა, “დნესტრისპირეთმა განვითარების ვექტორი რუსეთისკენ აიღო,” თუმცა ხაზი გაუსვა “ინტეგრაციის დონეს ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთო”. მანვე მკვეთრად უარყო დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის აუცილებლობა.

რა ხდება რუსეთსა და უკრაინაში?

ტირასპოლისა და კიშინიოვის სიფრთხილის ფონზე, რუსული მედია და მეორე ეშელონის პოლიტიკური ფიგურები აქტიურად ალაპარაკდნენ დნესტრისპირეთში “რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის” შესახებ. ჯერ კიდევ 22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის ოფიციალურ მიზნად დაისახა დნესტრისპირეთის შემოერთება. ამავე დღეს, ვიქტორ ვოლოდაცკიმ, რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ რუსეთმა შეიძლება აღიაროს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა და პრეზიდენტ მაია სანდუს “ნაცისტი” უწოდა.

რუსულ მედიაში დაიწყო დეზინფორმაციების შეშხაპუნებაც. ყირიმის ოპერაციისას ცნობილმა იგორ სტრელკოვმა (იგივე იგორ გირკინმა) ინტერვიუში განაცხადა, რომ რუმინეთი მოლდოვის ოკუპაციას აპირებსო და ვითომდა რუმინელი ოფიცრების მიერ მოლდოვის შეიარაღებულ ძალებში საკვანძო პოზიციების დაკავებაზე ისაუბრა. მსგავსი შინაარსის პოსტი დაწერა ასევე სერგეი მარკოვმა, კრემლთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ‘ანალიტიკოსმა’ გუშინ, 26 აპრილს.

უკრაინის წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის შენაერთები სრულ სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი (ამას არც დნესტრისპირეთისა და არც მოლდოვის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს). მიხაილო პოდოლიაკმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა გუშინ თქვა, რომ რუსეთი აპირებს დნესტრისპირეთის ომში ჩათრევას და მოლდოვას “სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვას” შეპირდა.

მეორე უკრაინელმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ უკრაინას შეუძლია დნესტრისპირეთზე კონტროლის დამყარება, თუკი მოლდოვა ამას სთხოვთ. მოლდოვა ხაზს უსვამს, რომ ის ნეიტრალური სახელმწიფოა.

ამავე დროს, უკრაინაში, მოლდოვის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ რუსულმა ძალებმა ლიმანის ხიდი დააზიანეს, რომელიც ოდესას უკრაინის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით განლაგებულ ოდესის რაიონთან აკავშირებს.

რატომაა ესკალაცია უცნაური?

დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო კავშირის გაჭრა უკრაინაში რუსული სამხედრო გეგმის ნაწილი ომის დასაწყისიდანვე იყო. თუმცაღა, არსებული სამხედრო ვითარებიდან გამომდინარე, ოდესის ხელში აღება ხმელეთიდან ან ზღვიდან რუსებისთვის შეუძლებლად მოჩანს.

დნესტრისპირეთში არსებული რუსული დაჯგუფება – 2000-მდე ჯარისკაცი – ფრიად მცირეა იმისათვის, რომ ოდესას სერიოზულად დაემუქროს. ასეც რომ არ იყოს, ამ ძალების გამოსაყენებლად მოსკოვს დნესტრისპირეთში პროვოკაციების “დადგმა” არ უნდა ჭირდებოდეს. ხოლო თუკი დნესტრისპირეთის მოსახლეობის მობილიზაციაზეა საუბარი (აქაური ძალები ქაღალდზე 5000-მდე ჯარისკაცს ითვლიან), ნაკლებსავარაუდოა, რომ ისინი უკრაინაში ბრძოლის სურვილით იწვოდნენ მაშინ, როცა თავისუფლად შეუძლიათ მოლდოვისკენ გადასვლა და ევროკავშირისთვის თავის შეფარება.

ბევრად უფრო სახიფათო იქნება თავად მოლდოვის დესტაბილიზაცია. აქ პრო-რუსული ძალების გავლენა დიდია, ხოლო პრო-ევროპული სანდუს კოალიციის პოზიციები – მყიფე.

რას უნდა ველოდეთ?

რუსული პროპაგანდის ტემპით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს კვირაში ამ ესკალაციის კვანძი უნდა გაიხსნას. ან ლაპარაკს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება – მაგალითად, მოლდოვასთან მიმდებარე რაიონებში რუსული ძალების დესანტირების მცდელობა – ან ეს კრიზისი ჩაიფერფლება.

ასეა თუ ისე, ესკალაციამ კიდევ უფრო აშკარად წარმოაჩინა მოლდოვური “ნეიტრალიტეტის” სიმყიფე, როგორც აქაურებისთვის, ისე დასავლელი პარტნიორებისთვის. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროკავშირმა გუშინვე მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს კიშინიოვს.

https://civil.ge

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way